ამის შესახებ მახათას მთის მთაწმინდელი მამების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახური, დეკანოზ იაკობ მახნიაშვილი ჟურნალ ,,ლიბერალთან" ინტერვიუში საუბრობს და დასძენს, რომ 20 წლის მანძილზე ადამიანები დაუბრუნდნენ ეკლესიას, ჩაებნენ რიტუალურ-რელიგიურ ცხოვრებაში, მაგრამ დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, რა მდგომარეობაში ვართ, რამდენად გვაკლია ინტელექტი და ცოდნა. ამის გარეშე კი ეკლესიური ცხოვრება ფანატიზმია.
,,მოციქულები, რომლებიც უბრალო მეთევზეები იყვნენ, ხშირად ვერ იგებდნენ იესო ქრისტეს ამქვეყნად მოსვლის არსს, მას ამქვეყნიურად, მატერიალისტურად უყურებდნენ, სწორედ ამიტომ აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე და ცოდნა მიენიჭათ. მოციქულებმა ამის შემდეგ აიღეს სწორი ორიენტირი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში.
დღეს ვნახეთ ძალადობა, არანაირი სიყვარული, არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ ძალადობა. უახლოეს წარსულში ბევრი მიტინგი და გამოსვლა გვახსოვს. მაგრამ ის ზიზღი, რაც დღეს ვნახე, ადამიანების თვალებში არასდროს მინახავს. დღეს ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რა მასშტაბებს იძენს აგრესია, როცა იგი რელიგიურობით არის მოტივირებული. ამიტომაც იყო, რომ ყველაზე სასტიკი ომები, რაც კი კაცობრიობას უნახავს, სწორედ რელიგიური ომებია. ძალადობის დროს ყველა ადამიანს შიში აქვს - ვაითუ, ღმერთმა მიწყინოს, ვაითუ, დავისაჯო, მაგრამ როცა იცი, რომ ეკლესიისგან და იერარქებისგან მწვანე შუქი გინთია, და ფიქრობ, რომ თვით ღმერთისაგანაც კი, მაშინ განსაკუთრებით სასტიკი ხდები", - აცხადებს დეკანოზი.
დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი საკუთარ ,,ფეისბუქზე" დაწერილი სიტყვების არსსაც ხსნის და აცხადებს, რომ ქრისტიანული კულტურა გულისხმობს ზრდილობას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს.
,,მე ის დავწერე, რაც თვალნათლივ დავინახე და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. მათ, ვინც ქუჩაში იდგნენ და აქციას შორიდან აკვირდებოდნენ, ყველამ დაინახა, რა მდგომარეობაში იყვნენ ეს ადამიანები.
ქრისტიანული კულტურა გულისხმობს ზრდილობას, თავმდაბლობას, სიმშვიდეს. ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი წინაპრები ამას ვერ აიტანდნენო, მაგრამ ჩვენი წინაპრები ასე საცემად უიარაღო ადამიანზე არ გაიწევდნენ. დღეს გოგონებს ურტყეს. ღვთის წყალობაა, რომ ეს ადამიანები მათ გაერიდნენ, თორემ აუცილებლად დაიღვრებოდა სისხლი. ამ მასის შეჩერება შეუძლებელი იყო", - მიიჩნევს დეკანოზი.
მისივე განმარტებით, ქრისტიანობა მხოლოდ რელიგია არ არის, ის რელიგიაზე მეტია, რადგან ის ადამიანის სიყვარულში მჟავნდება, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანი.
ის ხალხი, ვინც დღეს ვიხილეთ, გაურკვეველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი რელიგიური ფუნდამენტლიზმით მოწამლული ადამიანები იყვნენ. ქრისტიანობა კი მხოლოდ რელიგია არ არის, ის რელიგიაზე მეტია, რადგან ქრისტიანობა მჟღავნდება ადამიანის სიყვარულში, როგორიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ქრისტიანობის მიხედვით ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. როცა იესო ქრისტე განკაცდა, მაშინ რომის იმპერია მსოფლიო ბატონი იყო. ცოდვები - მრუშობა, მამათმავლობა, გარყვნილება მთელი რომის საზოგადოებაში იყო მოდებული. მაცხოვარმა კი არ მოიძულა ეს საზოგადოება, პირიქით, სწორედ მათთვის განკაცდა. და სწორედ იმ ხალხმა, ვინც ადრე გარყვნილების გზას ადგა, სულ მალე ქრისტესთვის გასწირეს თავი. რა მოხდა? რა გარდატეხა მოხდა მათში? რამ შეცვალა ისინი? - მხოლოდ სიყვარულმა და თანადგომამ", - აცხადებს დეკანოზი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის საფრთხე ძალადობის გაგრძელების, დეკანოზ იაკობ მახნიაშვილი მიიჩნევს, რომ ამის საფრთხე დიდია. მისივე თქმით, ბევრი სასულიერო პირი არც კი მოელოდა იმას, რაც მოხდა და ამიტომ, როგორც დეკანოზი აცხადებს, ბევრი მათგანისთვის აღნიშნული ფაქტი მაგალითიც კი უნდა იყოს იმისათვის, რომ რელიგიით არ გამძაფრდეს აგრესია და სიძულვილი, რაც ბევრ ადამიანშია დაგროვილი.
დეკანოზი მიიჩნევს, რომ უმცირესობის წარმომადგენლები, ვინც აქციის გამართვას ცდილობდნენ, რომ პატრიარქთან მისულიყვნენ, დიდი სიყვარულით მიიღებდა, მაგრამ მისი განმარტებით, დღეს საზოგადოების დაკვეთა ეკლესიის მიმართ სხვაა.
,,პატრიარქი ინტელექტუალური და ძალიან თბილი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, უმცირესობის წარმომადგენლები, ვინც დღეს აქციის გამართვას ცდილობდნენ, მასთან რომ მისულიყვნენ, დიდი სიყვარულით მიიღებდა. მაგრამ საზოგადოების დაკვეთა ეკლესიის მიმართ დღეს სხვაა. როცა ეკლესიაში ვქადაგებ, ყოველთვის ვცდილობ, ქადაგება იყოს ინფორმაციული, იყოს ქრისტიანობის საფუძვლების შესახებ, არ იყოს ზედმატად მორალურ-ზნეობრივი, მიმთითებლური, არ იყოს მხოლოდ აკრძალვებზე დაფუძნებული, მაგრამ ვხედავთ, რომ მრევლის დიდ ნაწილს მოსწონს პოლიტიკაზე საუბარი, როდესაც ესმით ერთი მხარის ლანძღვა და მეორის ქება", - აცხადებს დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






