ამის შესახებ ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:
,,ჰომოსექსუალიზმი, ძალადობა, ჰომოფობია... ეს ის სიტყვებია, რაც ყველაზე მეტად ისმოდა 17 მაისს, მაგრამ არცერთი ეს სიტყვა არ არის ამ დღის მთავარი პრობლემა... პრობლემა, უფრო სწორად სამიზნე, ქვეყნის საგარეო კურსი და ჩვენი სახელმწიფოებრიობაა, ანუ პირადად მე დავინახე მკაფიო კონტურები პოლიტიკური პროვოკაციისა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის დასავლურ კურსზე დარტყმას რამოდენიმე კომპონენტში. მკაფიოდ მესმოდა მხოლოდ რუსულ სისინი - საძაგლად და სახიფათოდ კარგად დაგეგმილი... ყველა მოსახვევში მტრის ხელის ფათური ჩანდა!!!!
პირველი კომპონენტი - დარტყმა ქვეყნის დასავლურ კურსზე - ქართულ საზოგადოებაში ყოველივე დასავლურის მიმართ ანტაგონისტური განწყობების გაღვივება.
იყო მცდელობა დასავლური კულტურა გარყვნილების სათავედ წარმოჩენილიყო, მაშინ, როცა შეიძლება ითქვას, დასავლური ცივილიზაცია არის სინონიმი ქრისტიანული ცივილიზაციისა.
ფრაზა: ,,ნატო სიკეთეს არ მოგვიტანს..." ანუ, რა იგულისხმებოდა? ნატო, როგორც დასავლეთის პირმშო, სიკეთეს არ მოგვიტანს?... მაშინ, როცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არის ქართული სახელმწიფოს გრძელვადიანი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი.
მეორე კომპონენტი - იმის წარმოჩენა დასავლური საზოგადოების თვალში, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მძლავრობს მენტალურად საბჭოური მიდრეკილებები.
დასავლურ სამყაროს და მსოფლიო თანამეგობრობას დავანახეთ, რომ ქართული სახელმწიფო ძალიან შორს დგას იმ დასავლური ფასეულობებისგან და სრულიად არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლითაც ის უნდა გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.
ანუ, შედეგად უნდა მივიღოთ კიდევ გრძელვადიანი, მოსამზადებელი პერიოდი, რითაც გაიწელება დასავლურ სტრუქტურებში ჩვენი გაწევრიანება. დრო კი, აქ, ,,ევრაზიული კავშირის" ავტორთა სასარგებლოდ ამუშავდება.
მესამე კომპონენტი - მცდელობა, ეკლესია წარმოჩენილიყო, როგორც დამსჯელი და ძალადობისკენ მიდრეკილი, რაც რეალობასთან ახლოს არ არის.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რეალობაში ყოველთვის წარმოადგენდა და დღესაც თავისი ბუნებით წარმოადგენს შემკვრელს, რადგან ბოროტი ჰყოფს და კეთილი ამთლიანებს;
წარმოადგენს მიმტევებელს, რადგან ქრისტიანობის უმთავრესი ბუნება მიმტევებლობაა -" არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს", ხოლო ეკლესიის ბუნებას არ განსაზღვრავენ ცალკეულ პირთა ქმედებები.
მეოთხე კომპონენტი - იკვეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს და შეიარაღებული ძალების, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურების ავტორიტეტის შერყევის მცდელობის ნიშნები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, კანონის ფარგლებში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არის ხელშეუხებელი უფლება, მაგრამ მისი მრავალჯერადი იგნორირება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს, აუცილებლად გამოიწვევს შიდა რგოლების მორყევას და დემორალიზებას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი პოლიციელი, მოვალეობის შესრულების დროს არის ქართული სახელმწიფო.
აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო - მაშინ, როცა ვკრძალავდით ქართველ ჯარისკაცებს, გმირებს, ერთადერთი შემთხვევა, რის გამოც შეიძლებოდა მთლიანობაში ერს, საზოგადოებას ყურადღება გადაეტანა სხვა რამეზე, შესაძლოა, მხოლოდ და მხოლოდ მტრის შემოსევა ყოფილიყო. მე ვფიქრობ, რომ რუსთაველზე აქციების ფონზე მათი დაკრძალვა, ჩვენ არა მხოლოდ მორალურ პასუხისმგებლიბას გვაკისრებს.
ერთი სიტყვით,
ევროსტრუქტურებისგან შორს დადგომა და მათი დისკრედიტაცია ქართულ საზოგადოებაში, ქართული ეკლესიის შემწყნარებელი და გამაერთიანებელი ინსტიტუტის წარმოჩენა რუსული მესიანური მისწრაფებების მქონე და არა ეროვნულ-პატრიოტული ინსტიტუტად, სახელმწიფო სტრუქტურების დასუსტება და კანონის უზენაესობის იგნორირება ქართულ სახელმწიფოს გარდაუვალ ქაოსში გადაიყვანს, რომელსაც ,,დაამშვიდებს და თავის წიაღში ჩაიხუტებს" რუსული ,,ევრაზიული კავშირი".
გამოსავალი:
- მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული პოზიციებისა, სახელმწიფოებრივად განწყობილი, დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების რეალობაში არსებული შეხების წერტილების წინ წამოწევა და ურთიერთთანამშრომლობა.
- სახელმწიფო სტრუქტურების შეუზღუდავი მოქმედება, მათთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება და კანონის უზენაესობა;
- ეკლესია დგას პოლიტიკის გარეთ, მაგრამ პოლიტიკაზე მაღლა. ეკლესია აკონტროლებს ერის სულიერ ცხოვრებას. აქ გიორგი ჭანტურიას დავესეხები:
,,ხორციელი იდეალიზმის სრულად განხორციელებისათვის საჭიროა ჭეშმარიტი დემოკრატია, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიზღუდება ჩვენი შესაძლებლობა ერის სამსახურისა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის ჩვენს მსოფლიო მოქალაქედ ჩამოყალიბებას. რაც შეეხება სულიერ იდეალიზმს - სულის უკვდავების რწმენა მატერიალურ მოვლენებზე, დემოკრატიის არსებობა-არარსებობაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა თვით ეკლესიისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს ვინ მართავს სახელმწიფოს - დიოკლიტიანე თუ კონსტანტინე დიდი. მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც იცვლება ეკლესიის ტაქტიკა - ადგება ის მოწამეობირვ გზას თუ იწყებს მოღვაწეობას, მოქალაქეობას და შენება გავრცობას... ეკლესიის სტრატეგიული ხაზი კი მარად უცვლელია და მიწიერ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული სულის ხსნა."
P.S.
ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება უბოძა, მით უფრო არ აქვს ამ თავისუფალი ნების შეზღუდვის უფლება სხვა პირსა თუ სახელმწიფოს. სხვა ადამიანის თავისუფალების შეზღუდვა, არაპირდაპირი გმობაა ღვთისა. ხოლო თუ რამემ უნდა შეზღუდოს ადამიანის თავისუფლება, ეს მხოლოდ სხვა ინდივიდის თავისუფლება შეიძლება იყოს. როგორც ვხედავთ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავისუფლება რეალურად განსახორციელებელი აუცილებლობაა. კეთილ ზნეობაზე დაფუძნებული და სხვა ინდივიდის უფლებების პატივისმცემელი თავისუფლება არის დემოკრატიის უმთავრესი მონაპოვარი. თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის, სახელმწიფოს განვითარება. თავისუფლება არის ის მადლიანი ნიადაგი, ურმოლისოდაც ადამიანური უკვდავების ხე არ იზრდება... მაგრამ დემოკრატიის დროშაზე თვისუფლებასთან ერთად თანასწორობაც არის წაწერილი.
ალბათ არ არსებობს უკეთესი გამოსავალი, ვიდრე ბრბოს მმართველობიდან სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლაა, რისთვისაც აუცილებლად უნდა მომწიფდეს ხალხის პოლიტიკური გონება, ანუ სურვილი ჭეშმარიტი თავისუფლებისა და თანასწორობისა. მხოლოდ ასეთი ინდივიდებისგან შემდგარი სახელმწიფო იქნება შეუქცევადი და რყევებისგან დაცული.

მასალის გამოყენების პირობები






