სპეციალისტი მთავრობის მიერ 10 პუნქტიან სამოქმედო გეგმას აკრიტიკებს და არსებული ვითარებას ლარიზაციის პროგნოზირებად შედეგად აფასებენ.
"დღევანდელი მერყეობა, როდესაც დღის განმავლობაში ბანკებში და სავალუტო ჯიხურებში კურსი 2,70-ს გადასცდა აშკარად აჟიოტაჟური გავლენა იყო, ეს აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ მთავრობამ ორი დღის წინ წარადგინა 10 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, სადაც ხელოვნურად ლარიზაციაზე იყო საუბარი. ასევე გადასახადების ზრდა და ამ ყველაფერმა უარყოფითი მოლოდინები შექმნა, რაც დღეს კურსზეც აისახა.
ვინაიდან 1-ლი იანვრიდან აქციზური საქონელი ძვირდება, რომელიც პირველი იანვრიდან მოხდება, იმპორტიორები წინასწარ შეიძენენ სიგარეტს და საწვავს ეს კი დოლარზე მოთხოვნას ზრდის და ლარს აუფასურებს.
ბანკებს 100 ათას ლარამდე სესხების დოლარში გაცემა აღარ შეეძლებათ და უკვე გაცემული სესხების ნაწილი ლარში უნდა გადაიყვანონ. ეს ზრდის რისკებს ბანკებისთვის, რადგან მათ გასასესხებელი ფული დოლარში აქვთ და სავალუტო რისკი მთლიანად მათზე გადადის. ბანკები ყიდულობენ დოლარს წინასწარ, რომ შემდეგ ამ დოლარებით თავის ვალდებულებებს მოემსახურონ. ამ ორმა მომენტმა განსაზღვრა ის რომ დოლარზე გაიზარდა მოთხოვნა ბანკებისა და იმპორტიორების მხრიდან ლარმა კი გაუფასურება დაიწყო. ამას დაემატა აჟიოტაჟური, პანიკური მომენტი რამაც დოლარის მაღალ ნიშნულამდე ასვლა გამოიწვია" - უთხრა "ნიუპოსტს" ბესო ნამჩავაძემ.
მისი თქმით, მთავრობამ უცხოური გრანტების და კრედიტების მიღება, მნიშნველოვნად დაეხმარებოდა ლარს.
"ლარი რატომ უფასურდება - იმიტომ, რომ 200 მლნ დოლარამდეა დანაკლისი, რაც ძალიან დიდი თანხაა საქართველოსთვის. მარტო ერთი თვის განმავლობაში, რომ 200 მილიონი უცხოური გრანტებიდან და კრედიტებიდან შემოვიდეს, ლარი მნიშვნელოვნად გამყარდება. სამწუხაროდ ამ ფულის უცხოური დონორებისგან ათვისებას ხელისუფლება ვერ ახერხებს. ამასთან მთვრობამ 10 პუნქტიან გეგმას აუცილებლად უნდა გადახედოს და უკან უნდა წაიღოს ინიციატივები ხელოვნური ლარიზაციის შესახებ, თორემ იანვარში შეიძლება ისეთი კურსი იყოს, რომ ის ოცთეთრიანი დაფინანსება არავისთვის იქნება შეღავათი.
ასევე გაუმართლებელია საწვავზე აქციზის ზრდა და სხვა. ამას ჯობდა ბიუჯეტში ხარჯები შეემცირებინათ, შასაბამისად გადასახადების ზრდა არ დასჭირდებოდათ, მეორეს მხრივ ხარჯების ზრდა შემცირდებოდა იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნას ფულის მასაზე ზეწოლას და ლარის გამყარებას გამოიწვევდა"- აღნიშნა ექსპერტმა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 2 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5871ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.5352 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0519-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.7491 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.6980 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0511- ით გაუფასურდა.
მასალის გამოყენების პირობები






