ცოდნა ის არ არის, რომ ამბიონიდან ვქადაგებდეთ ამ სიტყვებს. არც ის, რომ ჩვენს მრავალსაუკონოვანი ტოლერანტობით თავს ვაწონებდეთ ერთმანეთს თუ სტუმარს. ცოდნა ის არის, რომ ისეთივე ვითარებაში გაგვახსენდეს მაცხოვრის ეს სიტყვები და ისევე მოვიქცეთ, არც თავად ვიძალოთ და არც სხვას დავანებოთ.
დღეს ,,ჰომოფილებმა" გაიმარჯვეს. მათ მიზანს მიაღწიეს: თავი დააარბევინეს, გრანტებიც უზომოდ გაიზარდეს და რაც მთავარია მთელ მსოფლიოში წარმოგვსახეს როგორც სასტიკი და კაცთმოძულე ერი, რომელიც ცემს, ქვებს ისვრის, არბევს და მზად არის ჩაქოლოს,რომელსაც არც სახელმწიფო სჭირდება, არც კანონი და არც კონსტიტუცია. სჭირდება მხოლოდ მეურვე, პატრონი და მისი მათრახი, როგორც ადრე. ისევ კარგად ჩავეწერეთ რუსულ თამაშში, უკვე მერამდენედ.
დღეს ჩვენ ერი არ ვიყავით. მე არ ვიცი რა ვიყავით. ჩვენში ისევ გააღვიძეს სიძულვილი, ზიზღი და სისასტიკე, რაც არანაკლები ცოდვაა, თუ არა მეტი, ვიდრე სოდომია. ჩვენ ვერც დემოკრატიის გამოცდა ჩავაბარეთ და ვერც კაცთმოყვარეობის. ჩვენ ციციკორეები ვიყავით და ვიაროთ ასე შერცხვენილებმა და თავსლაფდასხმულებმა.
დღეს ერის თავშეყრის ადგილი უნდა ყოფილიყო ქუთაისში პარლამენტის წინ, სადაც ოკუპაციის კანონში რუსების დაკვეთილ ცვლილებებს იხილავდნენ და თბილისში, მთავრობის შენობის წინ, რომლის ხელმძღვანელმა მთელს მსოფლიოს განუცხადა, რომ კოსოვოს და სერბეთის ურთიერთობა ჩვენთვის მაგალითიაო. იქ უნდა გვეძახა–საქართველო, საქართველო! ასე რომ ყოფილიყო, იმ ვერცხლისმოყვარე ხუთოდე გეი–დამცველის შეკრება არც არაფერი იქნებოდა, ვერც ვერავინ შეამჩნევდა. საერთოდ არც კი შეიკრიბებოდნენ. მთავარ საქმეში ვფლავდებით და ამიტომ ადვილად გვასვამენ თავზე ხოლმე ცვედანებს. როგორც ჩანს, სუსტები ვართ და საკმაოდ უძლურები მთავარში–ღირსებასა და სიყვარულში.
მასალის გამოყენების პირობები






