რეფორმები და საზოგადოება
პოზიცია - 13:08, 18 May, 2013     1362


მოსკოვში არაერთმა პოლიტიკოსმა აღნიშნა ამ რეფორმების წარმატება, მაგრამ უმეტესობა ცდილობდა, ამ რეფორმებისთვის ჩირქი მოეცხო და ამას მარტივი ახსნა ჰქონდა. როგორი პათოსითაც არ უნდა ჟღერდეს, რუსეთს წარმატებული რეფორმების ეშინოდა. ეშინოდა იმიტომ, რომ საქართველო 9 წლის განმავლობაში აჩვენებდა პოსტ-საბჭოურ ქვეყნებს, რომ შესაძლებელია კორუფციის დამარცხება, პოლიციის რეფორმირება, იუსტიციის და განათლების სისტემების აწყობა და ა.შ. ბუნებრივია, რუსეთის მმართველ ელიტას აწუხებდა, რომ ადრე თუ გვიან მისი მოქალაქეები დაუსვამდნენ კითხვას: თუ ეს საქართველომ შეძლო, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია?

ამიტომ, ცენტრალური და სამთავრობო მას-მედია რუსეთში ჯერ ცდილობდა, რომ ქართული წარმატება აეხსნა ამერიკელების ფინანსური დახმარებით, მაგრამ მალევე დარწმუნდა ამ პოზიციის უსუსურობაში, რადგან რუსეთის ნავთობის და გაზის მილიარდები კარგად იყო გაპიარებული რუსეთში და ბუნებრივია, ეს ტყუილი არ მუშაობდა. ამიტომ მოიფიქრეს ახალი ახსნა, თუ რატომ გამოსდიოდა ეს საქართველოს, ხოლო რუსეთს - არა. თქვენ ხშირად გაგიგონიათ: საქართველო პატარა ქვეყანაა და რეფორმების ჩატარება ადვილია, დიდ ქვეყნებს კი მეტი დრო და სიფრთხილე სჭირდებათ. ეს სრული აბსურდია. საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში რეფორმების გატარება ბევრად რთულია, ვიდრე დიდ ქვეყანაში. ამას რამდენიმე ლოგიკური ახსნა აქვს.

პირველი, - პატარა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ იქმნება. მაგალითად, საქართველოში საკმარისია 300-500 ადამიანის მობილიზება კონკრეტული სტერეოტიპის შესაქმნელად. ამავდროულად, პატარა ქვეყანაში არსებული სტერეოტიპის შეცვლაც უზარმაზარ შრომას და დროს მოითხოვს.

მეორე, - ქართული საზოგადოება კონსერვატული საზოგადოებაა, რომლის დიდი ნაწილიც რეფორმებს ეწინააღმდეგება, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ იწონებს მათ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ ტოლერანტია ისტორიული უმცირესობების მიმართ. ანუ, მაგალითად, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ საქართველოში, მისაღებია უმრავლესობისთვის, მაგრამ ამავდროულად, ვთქვათ, ჩინელების მიმართ ბევრად აგრესიული დამოკიდებულებაა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ რელიგიურ უმცირესობებზეც: კათოლიკების მიმართ საზოგადოება ნეიტრალური ან პოზიტიურია, ახალი ან საქართველოში ისტორიულად არარსებული ქრისტიანული მიმდინარეობები კი, ნეგატიურ განწყობებს გრძნობენ.

მესამე, - საქართველოს მოსახლეობა არ არის ინდივიდუალისტთა საზოგადოება, როგორც, მაგალითად, ამერიკელები, სადაც ინდივიდის თავისუფლება და წარმატება საზოგადოებრივი წყობის ფუძემდებელია. ამასთანავე, ჩვენ არ ვართ კოლექტიური საზოგადოება, როგორც, მაგალითად, ბელარუსი, სადაც კოლექტივის წარმატებაა მთავარი. ჩვენ საზოგადოებას ახასიათებს ვიწრო ჯგუფებად დაყოფა. ეს არის ინტერესთა ჯგუფების საზოგადოება, რადგან გაერთიანება ნათესაურ ან მეგობრულ კავშირებზე დაფუძნებით ხდება. ამ ჯგუფებს ჩაკეტილობა ახასიათებთ და ნებმისმიერი პრობლემა, რომელიც ამ ჯგუფის წევრს ექმნება, აღიქმება როგორც გამოწვევა მთელი ჯგუფისთვის.

მეოთხე, - ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში ძალიან განვითარებულია პირადი სივრცის უსაფრთხოების მომენტი. ეს ზედმეტი კვლევების გარეშეც ჩანს. მაგალითად, რკინის კარები, გისოსები ფანჯრებზე, მაღალი ღობეები, ე.წ. კუპეები რესტორნებში. მამაკაცი რესტორანში ყოველთვის ცდილობს ისე დაჯდეს, რომ გასასვლელს ხედავდეს. ეს ჩვენი ისტორიის და იმ ძალადობის შედეგია, რასაც საქართველოს მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში გრძნობდა მეზობელი იმპერიებისგან. მე ხშირად ვმოგზაურობ და მხოლოდ ერთხელ ვიყავი რესტორნის კუპეში საზღვარგარეთ - ამერიკაში, როცა ამერიკული სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელებს ვხვდებოდი...

მეხუთე, ჩვენი საზოგადოება პოსტ-საბჭოურია, რომელშიც აქამდე არსებობს საბჭოური კლიშეები და პოლიტიკური იდეოლოგიის დაბალი მოთხოვნა. ანუ, ლიდერის ფიგურა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური იდეოლოგიის არსებობა, რაც ხშირად აზიანებს ქვეყნის განვითარებას.

ეს ფაქტორები იმისთვის მოვიყვანე, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად რთულია საქართველოში რეფორმების გატარება. მაგრამ ჩვენი მომავალი რეფორმებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და ჩვენი განვითარების ერთადერთი გზა რეფორმები და კიდევ ერთხელ რეფორმებია. რეფორმების გატარება ველოსიპედით სიარულის მსგავსია - როგორც კი გაჩერდები, დავარდები. საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლება ბიზნესს ატერორებდა. ამ ლოგიკით, ახლა ბიზნესი უნდა აყვავებულიყო და დაწყებულიყო ბიზნესის რენესანსი. ამის ნაცვლად, ორჯერ შემცირდა ეკონომიკური ზრდა, იხურება მაღაზიები და გვაქვს დეფლაცია. იზრდება უმუშევრობა...

საქართველოში დასამთავრებელია განათლების, თავდაცვის და იუსტიციის რეფორმები, გასატარებელია სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის რეფორმა, დღის წესრიგში დგას საპენსიო რეფორმის დაწყება. ეკონომიკა რეფორმების გარეშე წინ ვერ წავა. თავისით არაფერი ხდება. ამ რეფორმების გასაგრძელებლად და გასატარებლად საჭიროა პოლიტიკური ნება. ამ რეფორმების გარეშე ქვეყანაში ვერ მოგვარდება მთავარი პრობლემა - უმუშევრობა.

არსებობენ ორი სახის პოლიტიკოსები: ერთი არჩევნების შემდეგ აქტიურად ხარჯავს პოლიტიკურ კაპიტალს, რომელიც გამოიხატება ამომრჩევლებისგან მიღებული მხარდაჭერით და რეიტინგით, მეორე - ცდილობს შეინახოს ეს რეიტინგი. პირველის რეიტინგი, რა თქმა უნდა, დაეცემა რთული რეფორმების გატარების შედეგად, მაგრამ ქვეყანა წინ წავა. მეორის პირადი რეიტინგი და მხარდაჭერა უფრო დიდხანს გაძლებს, მაგრამ მას ვეღარ ექნება საშუალება, კვლავ "აკრიფოს" რეიტინგი, რადგან ქვეყნის განუვითარებლობა, პირველ რიგში, მას დაარტყამს...

 



დიმიტრი შაშკინი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42