ექსპერტთა დიდი ნაწილი ცვლილების შესახებ ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე განხორციელებას არ საჭიროებს. მეტიც ანალიტიკოსების აზრით, არსებული კანონის შეცვლა საქართველოს ეროვნული ინტერესების განხორციელებას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მხოლოდ ხელს შეუშლის .
ანალიტიკოსების აზრით, სახელმწიფო საზღვრის ნებისმიერ მონაკვეთზე უნდა ფუნქციონირებდეს ერთი და იგივე რეჟიმი, საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირის მიმართ, რომელიც დაარღვევს ამ კანონს.
მმართველი პარტია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების აუცილებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს დაუკავშირა.
იუსტიციის მინისტრმა კი კანონის გადახედვა ხალხთა შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობით ახსნა.
თეა წულუკიანი ამ განცხადებას იმ პირობებში აკეთებს, როცა პუტინის რუსეთმა ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოაცხადა, რეგიონი კი ,,გეტო გალას" გამოცხადების საფრთხის ქვეშ დადგა.
„ნიუპოსტი“ ამ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის, დიპლომატ მამუკა ჟღენტის პოზიციით დაინტერესდა.
- ოკუპაციის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კანონი უფრო ლიბერალური გახდება, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ბოლო ორი დღეა ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება. ეკა ბესელიას თუ დავუჯერებთ, "საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი საყვედური და სანქციებიც კი მიიღო იმის გამო, რომ "ოკუპაციის შესახებ" კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდა" - პირველ რიგში, როგორ აფასებთ მეცხრე მოწვევის პარლამენტის სურვილს შეცვალოს კანონი?
- ოკუპაციის შესახებ კანონმა, რამდენჯერმე გაიარა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტიზა. როგორც საქართველოს წარმომადგებელს ევროპის საბჭოში მომიწია მეწარმოებინა კონსულტაციები ვენეციის კომისიის სამდივნოსთან შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების პროცესში. ამ პროცესში იყო სხვადასხვა მოსაზრებები, სხვადასხვა მოდელებზე (კვიპროსი, მოლდოვა) აპელირება და მოწოდებები, იყო ზეწოლაც რუსეთის დიპლომატიის მხრიდან ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო და იმედია, ეს რამენაირად მაინც გააბათილებს იმ სიცრუის კორიანტელს რასაც დღეს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი გვახვევს თავს: არანაირი იმპერატიული მოთხოვნა, კანონის იმ სახით ცვილელებაზე რასაც დღევანდელი ხელისუფლება გეგმავს, ბუნებაში არ არსებობს. ნადმვილად იყო მოსაზრებები და ეჭვები იმის თაობაზე, რომ არსებულ ტექსტს შეეძლო გარკვეული წინაღობები შეექმნა ჰუმანიტარული დახმარებისა და საერთოდ ჰუმანიტარული საკითხების ეფექტურად მოწესრიგების საქმეში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოვახერხეთ და დავაჯერეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ასეთი საფრთხე არ არსებობდა. მეტსაც გეტყვით, ჩემი პირადი ჩართულობითაა შემუშავებული ის ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს კანონის გადახედვას მიღებიდან სამი წლის ვადაში. აღნიშნული გაკეთდა გარკვეული გარანტიების შესაქმნელად. ამასთან, კანონის მიღების შემდეგ, ქართულმა მხარემ ევროპელ პარტნიორებს ასევე წარუდგინა საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული მოსახლეობის შემორიგებისა მათი ჩართულობის უზრუნველყოფის გზით. მერწმუნეთ, აღნიშნული სტრატეგიის წარდგენის, რომელიც სხვათაშორის, პირველად სწორედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში იქნა ოფიციალურად განმარტებული მისი ავტორების მიერ, და შემდეგ ეფექტური განხორციელების შედეგად, წლების განმავლობაში საერთოდ სიტყვა არ დაძრულა ოკუპაციის კანონის ხარვეზებზე ან პრობლემურობაზე. თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, რუსულ დიპლომატიას. ასე რომ, ხელისულფება ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ეს არის ევროპული თანამეგობრობის მოთხოვნა. ჩვენი პარტნიორები ხელისუფლების მიერ აღნიშნული ცვლილებების მიღების შემთხვევაში ჩვენს კრიტიკას ნამდვილად არ დაიწყებენ და დიდი ალბათობით დაეთანხმებიან მათ, რადგან ჩათვლიან, რომ სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ უკეთ იცის, თუ რა სჭირდება საქართველოს. მაგრამ, იმავე ლოგიკით, ასევე გარწმუნებთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს ორივე ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობას, არც ამას არ შეეწინააღმდეგებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები.
მთავარია, გავერკვიოთ ჩვენ რა გვინდა? გვინდა რუსეთს კიდევ ერთხელ უფასოდ ვასიამოვნოთ და ეს იყოს ხელახლად არჩეული ქართული ოცნების პირველი ძღვენი პუტინისადმი? თუ რუსეთის ფედერაცია ამის სანაცვლოდ მზადაა ან 2008 წლის შეთანხმებას სცეს პატივი ან თუნდაც ძალის გამოყენების თაობაზე აიღოს ვალდებულება, რა თქმა უნდა, ასეთ ვაჭრობას არ გამოვრიცხავდი. მაგრამ, ასეთი სცენარი, სამწუხაროდ მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას.
- ხელისუფლება აცხადებს, რომ ცვლილებები აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის....
- ეს მეორე სიცრუე. არანაირი კავშირი ამ ცვლილებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან არ გააჩნია. მათ ისედაც გააჩნით მინიმუმ ორი, რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთის პასპორტები. რუსეთში გადადიან რუსული პასპორტებით და დანარჩენ საქართველოში შემოსვლა თავისუფლად შეუძლიათ რუსული პასპორტების გარეშეც. შესაბამისად, ეს ცვლილებები მათთან მიმართებაში ნონსენსია. მაშ ვის ვუწყობთ ხელს? ტურისტს, რომელიც გვინდა, რომ შევიდეს სოხუმსა და ცხინვალში, დაისვენოს, დახარჯოს ფული და შემდეგ ეწვიოს დანარჩენ საქართველოს? და ვინმემ დაადგინა ასეთი რამდენია? და ღირს კი, სახელმწიფოს უმთავრესი ატრიბუტის - სახელმწიფო საზღვრის - გაუპატიურება ამ რამდენიმე ასეული ობლიკო მორალესთვის?! სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი ციხეში და ობლიკო მორალე სოჭიდან ან ვლადიკავკაზიდან 400 ლარიანი ჯარიმით?
შესაბამისად, ხელისუფლების ორივე არგუმენტი საერთაშორისო ზეწოლასა და ჩვენი მოქალაქეებისს პირობების გაუმჯობესებაზე სულ მცირე არასერიოზული და მცდარია.
რატომ არ ჩადიან ჩვენი კანონმდებლები მაგ. კვიპროსში ან მოლდოვაში? მოლდოვაში საერთოდ ქაოტური და რეგულაციებს მოკლებული რეჟიმია. ნანახი მყავს მოხუცებული, რომელიც დღეს ითხოვს მოლდოვას მოქალაქეობას (შესაბამისად, პასპორტსაც), მუდმივად ცხოვრობს მოლდოვაში წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან და მას მხოლოდ საბჭოტა პასპორტი გააჩნია. ამასთან, არაერთხელაა ნამყოფი უკრაინაშიც და რუსეთშიც. რა თქმა უნდა, მოგზაურობდა დნესტრისპირეთიდან. მოლდოველი ბიზნესმენები, იმისათვის რათა თავი აარიდონ გადასახადებს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხსნიან კომპანიებს ტირასპოლში ან რიბნიცაში, შეაქვთ იქ ინვესტიციები და იღებენ სერიოზულ უკანონო მოგებას. მოლდოვას დედაქალაქი გადავსებულია ავტომანქანებით ე.წ. დნესტრისპირეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნებით. დიდი უმრავლესობა ტირასპოლელი კი არ არის, არამედ კიშინაუს და ბელცის და სხვა მოლდოვური დასახლებების მკვიდრია, რომლებიც ავტომანქანებზე მაღალი აქციზის გამო, კორუფციული გარიგებებით და ბევრად იაფად აფორმებენ ამ ავტომობილებს ე.წ. რესპუბლიკაში. ეს მხოლოდ ნაწილია მოლდოვაში არსებული ვითარებისა. თუ ეს არის ჩვენი ამოცანა, მაშინ უპრიანი იქნება, შეეშვას ხელისუფლება არგუმენტების გამოგონებას და პირდაპირ აცნობონ საზოგადოებას რეალური ამოცანის თაობაზე. და ბოლოს - არ გააჩნია მოლდოვას ოკუპაციის შესახებ კანონი და შედეგად რა მიიღო რუსეთისგან?!
- ოკუპირებული გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაცუიო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა მიიღეს. ხელისუფლება ბოლო კვირაა ჯიუტად არ აკეთებს კომენტარს მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციაზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ? და როგორ უნდა მოიქცნენ სახელმწიფო სტრუქტურები?
- სამწუხაროდ, დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე არ გამაჩნია. შესაბამისად, არ მინდა სპეკულირება იმის თაობაზე თუ რას ემსახურება რუსეთის ფედერაციის მიერ დაგეგმილი ეს ახალი პროვოკაცია. ამასთან, აღნიშული ქმედება ნამდვილად არ წარმოადგენს რაიმე სიახლეს რუსეთის ფედერაციის საერთო ქმედებების თვალსაზრისით და სრულ ჰარმოანიაშია იმ აგრესიულ და უკანონო პოლიტიკასთან, რასაც რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ მოყოლებული წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან. აქ უფრო დამაფიქრებელი სწორედ ქართული მხარის პოზიცია გახლავთ, რომელსაც ნამდვილად აკლია ის თანმიმდევრულობა, რაც სახეზეა კრემლის მხრიდან. კარგი პოლიტიკოსია ის ვინც ახერხებს რომ მოსახლეობას ოცნება დააწყებინოს, მაგრამ მეოცნებე პოლიტიკოსი უაღესად საშიშია ქვეყნის მართვისათვის. ილუზიებში ყოფნა ჩვენთვის მიუღებელი ფუფუნებაა. წამოკნავლება ყოველ ახალ ნაკბენზე საერთო ჭრილობას ვერ აშუშებს და მომავალი დარტყმების პრევენციას ვერ ახდენს თუ დანარჩენ დროს გაშიშვლებულ ზურგს უშვერ შენს მტერს. ფაქტიურად ომის მდგომარეობაში მყოფ სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია მდგრადი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თუ როგორ უნდა იზრუნოს საკუთარი ინტერესების დასაცავად. ხან ზაქარეიშვილი მოგვევლინება ტრაგიკომიკური იდეებით, ხან აბაშიძე-კარასინის ფორმატის იმედადაა მთელი ხელისუფლება.
პასუხი თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე ბანალურია: უნდა შემუშავდეს მაქსიმალური კონსენსუსის მატარებელი, რეალისტური საგარეო პოლიტიკური დოქტრინა და ყოველდღიური კოორდინირებული საქმიანობით ყველა შესაბამისი უწყება უნდა იყოს მობილიზიებული აღნიშნული დოქტრინის ხორცშესხმისათვის.
- ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ანექსიად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უგულვებელყოფად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცდილობს ხიდის გაბმას რუსეთთან, მაინც გვესმის ოკუპანტი სახელმწიფოსგან მუქარა და მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ანუ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთთან ურთიერთობას უნდა გადახედოს?
- აღნიშნულ კითხვაზე პასუხი ზევით უკვე გაგეცით. იმ შემთხვევაში თუ უახლოეს მომავალში ვერ დავინახავთ რადიკალურ ცვლილებებს ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ ქართული ოცნება შცდომებს კი არ უშვებს, არამედ თანმიმდევრულად ახორციელებს ანტიქართულ პოლიტიკას მოსკოვთან ტანდემში. მესმის, რომ საკმაოდ მკაცრი შეფასებაა. თუმცა, დღეს რეგიონში და საერთოდ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით, ჩვენი ხელისუფლების “არაეფექტურობა” შეფარული ვიშიზმის ტოლფასია.
- რამდენიმე წლის წინ თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ არასწორმა საგარეო პოლიტიკამ გააცია საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა, რასაც სახელმწიფოებრივი ინტერესის კუთხით უარყოფითი შედეგები მოჰყვა და საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო არენაზე ჩამოშორდა უკრაინის საკითხს - რა მდგომარეობაა დღეს და სადამდე შეიძლება მივიდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა?
- საგარეო პოლიტიკის განხორციელების კუთხით ნამდვილად არაერთი უხეში შეცდომა იქნა დაშვებული. ეს განპირობებული იყო პირველ ყოვლისა 2012 წელს მოსული ხელისუფლების მიდგომით, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების წყარო რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის. ასევე დიდი შეცდომა იყო იმის დაჯერება ან თუნდაც ოცნება იმაზე, რომ რუსეთს არ სურდა საქართველოს ოკუპაცია და არსებობდა თუნდაც თეორიული შანსი რუსეთთან გინდ არათანასწორი, მაგრამ საქართველოსთვის რაიმე პოზიტიურის მომტანი ურთიერთობების დალაგებისა - გეხსომებათ, ასეთი პოზიცია დააფიქსირა ქართული ოცნების ხელისუფლების პირველმა პრემიერ მინისტრმა. უკრაინა ერთ-ერთი შედეგია ამ შეცდომათა კასკადის. მაიდანის პერიოდში და შემდგომშიც, საქართველოს ხელისუფლების პასიურობამ გარკვეული ბზარი გააჩინა ორ ბუნებრივად სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობებში. იყო სხვა შეცდომებიც. ზოგი მათგანი გააზრებულად, ზოგიერთი კი დიდი ალბათობით ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი გულგრილი და არასერიოზული დამოკიდებულებითაა განპირობებული. ამ უკანასკნელის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბოლოდროინდელი ინციდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. შედეგად, ურთიერთობები საკმაოდ გაციებულია, რისი დასტურია თუნდაც ის, რომ უკრაინის დიპლომატიური მისია საქართველოში უკვე კარგა ხანია ხელმძღვანელის გარეშე ფუნქციონირებს. მეორეს მხრივ, ორივე სახელმწიფოს ეყო საღი აზრი და დღეისათვის ამ სირთულეებმა არ შეიძინეს ის ფორმა, რაც ორივე სახელმწიფოს ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზარალებდა. ვიმედოვნებ, მინიმუმ ეს სტატუს კვო არ დაირღვევა უახლოეს მომავალში.
სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ აღარ გაგვაჩნია რეალური სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ბუნებრივ მოკავშირესთან, ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოებულმა საგარეო პოლიტიკამ კონკრეტული ზიანი მიაყენა ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებსაც. უდავოა, რომ დღეს რუსეთ-საქართველოს თემატიკა მოწყვეტილია რუსეთ-უკრაინის პრობლემატიკას და შედეგად, ფაქტობრივად ამოვარდნილია რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების კონტექსტიდან. სტრასბურგის მინისტრთა კომიტეტი ერთადერთი საერთაშორისო სტრუქტურაა, სადაც გარკვეული მოძრაობა და პროგრესიც კი არის სახეზე. თუმცა, ეს ნათელი წერტილი იმდენად დაკარგულია საერთო ბურუსში, რომ მისი ეფექტი ვერანაირად ვერ იქნება საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ქართული ტერიტორიების დეოკუპაციას კვლავ პრეიორიტეტული ადგილი გააჩნია საერთაშორისო თანამეგობრობასა და რუსეთს შორის უერთიერთობების დღის წესრიგში. არადა, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციისათვის და ჩვენი უსაფრთხოებისათვის ეს ფაქტორი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ არა უმნიშვბელოვანესი და შეუცვლელი. უფრო მეტიც, ევროპის საბჭოს მეორე ინსტიტუტში, საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს დელეგაციის უმოქმედობის გამო, არათუ ახალი არ ხდება არაფერი, არ სრულდება ის გადაწყვეტილებებიც რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე სახელმწიფოთაშორისი საქმის (2008 წლის ომთან დაკავშირებული სარცელი) ჩვენთვის პოზიტიურად გადაწყვეტისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






