არც თუ ისე შორეულ მომავალში რობოტები სრულიად ჩაანაცვლებენ ადამიანებს სოფლის მეურნეობის სამუშაოების წარმოების პროცესში - ხვნას, თესვასა და მოსავლის აღებას ჭკვიანი მანქანები განახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ დიდ მეურნეობებში ისინი უკვე მუშაობენ, თანაც 24 საათის განმავლობაში. თვითმართვადი ტრაქტორების პირველ მოდელებს უკვე შეუძლიათ მოხნან დიდი მინდვრები, რისთვისაც ე.წ. თანამგზავრულ ნავიგაციას იყენებენ. ამ ტრაქტორების მწარმოებელთა შორის უკვე მძაფრი კონკურენციაა.
უპილოტო საფრენი აპარატები უკვე აკვირდებიან ნიადაგისა და ნარგავების მდგომარეობას ჰაერიდან. მიწაში ჩადგმული მთვლელები აკონტროლებენ ნიადაგის მდგომარეობას და შესაბამის ბრძანებებს აძლევენ ირიგაციულ მოწყობილებებს, რათა საჭიროების შემთხვევაში მიაწოდონ ნარგავებს წყალი თუ სხვა საჭირო ნივთიერებები.
2017 წელს იაპონიაში ამოქმედდება ფერმა, რომელშიც მწვანე სალათის მოყვანა სრულიად ავტომატიზირებული იქნება.

ამ კუთხით ოპტიმისტურად არიან განწყობილი სასოფლო სამეურნეო რობოტების მწარმოებელი ფირმები. WinterGreen Research პროგნოზირებს, რომ ამ ბაზარზე ბრუნვა 800 მილიონი დოლარიდან 2020 წლისთვის 16,3 მილიარდ დოლარამდე ავა. უფრო ოპტიმისტურია საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში ამ მოცულობის 240 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, სოფლის მეურნეობის სამუშაოების ავტომატიზაცია 2050 წლისთვის მსოფლიოში მოწეულ მოსავალს 50%-ით გაზრდის.


მასალის გამოყენების პირობები






