"სამწუხარო პარადოქსია, რომ სწორედ ჰომოფობიის წანააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე გახდა საქართველოში ჰომოფობიის გამოვლინების დღე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო, რომ ერთი და იმავე ადგილას უნდა გამართულიყო პარალელური ქცია, ასევე იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ აქციის დროს, მათ არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, პოლიციამ ვერ შეძლო კორიდორის შენარჩუნება. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია 17 პირი, 12 გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ შორის საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი, დაშავებულთა შორის არის რადიო ფორტუნას ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა სცადეს არასამთავრობო ორგანიზაციის "იდენტობის" ოფისის დარბევაც", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ადგილზე აშკარა აგრესიით გამოირჩეოდნენ პარალელური აქციის მონაწილენი, უჩა ნანუაშვილის თქმით, რომ არა სამართალდამცავთა ძალისხმევა, შესაძლოა მის მიმართაც ადგილი ჰქონოდა ძალადობას.
,,გავრცელებული კადრებიდან აშკარად ჩანს, რომ პარალელური აქციის მონაწილეები და მათ შორის სასულიერო პირები იყვნენ იმთავითვე აგრესიულად განწყობილნი, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს, მათი მიზანი არა მშვიდობიანი პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. ისინი მიზანმიმართულად მისდევდნენ სამარშრუტო მიკრო ავტობუსებს, რომლითაც შსს-ს წარმომადგენლები აქციის მონაწილეების გაყვანას ცდილობდნენ.
პარალელური აქციის მონაწილეები აშკარა აგრესიით გამოირჩეოდნენ ინციდენტის ადგილზე საგანგებოდ მისული სახალხო დამცველის მიმართ და რომ არა სამართალდამცველების სათანადო ძალისხმევა, ჩემს უსაფრთხოებასაც შესაძლოა საფრთხე შექმნოდა. ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასწრაფოდ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა",- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






