ნაბიჯი პირველი.
დააფიქსირეთ და გაიხსენეთ მომენტი, სად, როდის და რა ვითარებაში დაიწყო ეს შიშიანობა ან პირველი მოძალებული შფოთვითი განცდები. გაშალეთ თქვენი მარჯვენა ხელისგული, წარმოიდგინეთ, რომ მასზე არის სატელევიზიო ან კომპიუტერული ეკრანი და მასზე გადის თქვენი შინაგანი ფილმი ამ შიშების ან შფოთვიანობის წარმოშობის მომენტის, მისი შემდგომი განვითარებისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. წარმოიდგინეთ ეს თქვენი ისტორია ვიზუალურად, გაახმოვანეთ იგი და გაიხსენეთ შესაბამისი ლაპარაკები ან ხმები და ბგერები, იგრძენით რას გრძნობდით ან აწმყოში გრძნობთ შიშიანობისა და შფოთვიანობის დროს. დაე, ეს იყოს ვიზუალურ, ხმოვანი, გრძნობითი ფილმი. ამ მდგომარეობას დავარქვათ თქვენი პრობლემური ან სუსტი ნაწილი.
ნაბიჯი მეორე.
მას შემდეგ რაც დაამთავრებთ შიშიანობის ან შფოთვიანობის წარმოშობისა და განვითარების შესახებ პერსონალურ შინაგან ფილმს, დახურეთ თქვენი მარჯვენა ხელისგული დ სამზერლად წინ დაიდეთ მარცხენა ხელისგული. ამჯერად მასზე პროეცირება დაიწყეთ და წარმოიდგინეთ შინაგანი ფილმი თქვენი ცხოვრების ერთი იმ მომენტის ან დღის შესახებ, როცა იყავით საკუთარ ძალებში აბსოლუტურად დარწმუნებული, რათა გადაგელახათ სირთულეები; გრძნობდით შინაგან სილაღესა და თავისუფლებას, იყავით ხალისითა და სიხარულით აღსავსე. რაც უფრო მკაფიოდ გაიხსენებთ ამ პოზიტიურ შინაგან მდგომარეობას, მით უფრო პარალელურად დაიწყეთ ხელის თითების შეკვრა ერთ მუჭად; როცა მუშტი შეიკვრება ნიშნად იმისა, რომ მარცხენა ხელისგულში ჩაიდო თქვენი სიძლიერისა და სილაღის შესახებ შინაგანი ფილმი, დააფიქსირეთ ეს შეკრული მუჭი და არ გახსნათ იგი, სანამ მე არ გეტყვით. ამ მდგომარეობას დავარქვათ თქვენი რესურსული ნაწილი.
ნაბიჯი მესამე.
ამჯერად წარმოიდგინეთ თითქოს გარე თვალით უყურებთ საკუთარ თავს, აკვირდებით მას გარე დამკვირვებლის პოზოციიდან. აკვირდებით თუ როგორ ზიხართ, რა გამომეტყველება გაქვთ, რას გრძნობთ ან გრძნობდით, როცა წარმოიდგინეთ თქვენი სუსტი ნაწილი და შესაბამისი პრობლემური ფილმი და ამავე დროს თუ რანაირად გამოიყურებოდით ან ახლა გამოიყურებით, როცა მარცხენა ხელში მყარად შეკრული მუჭის სახით თქვენი რესურსული ნაწილი წარმოგესახათ. ამას დავარქვათ თქვენი დამკვირებლური ნაწილი.
ნაბიჯი მეოთხე.
ამგვარად, თქვენ გაქვთ სამი ნაწილი. მარჯვენა ხელისგული გაშლილად ისევ დაიდეთ წინ თავისი პრობლემური ფილმითურთ, მარცხენა ხელი ანუ რესურსული ნაწილი ისევ მუშტად შეკრულია, ხოლო დამკვირებლური ნაწილი ისევ თქვენთანაა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი რესურსული და დამკვირებლური ნაწილი მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებენ თქვენს პრობლემურ და სუსტ ნაწილს, რომელსაც სჩვევია შიშიანობა, შფოთვიანობა და გამუდმებული წუხილი. თქვენი რესურსული და დამკვირებლური ნაწილები ნებას რთავენ და წაახალისებენ თქვენს სუსტ და დაშინებულ–შფოთვიან ნაწილს, რათა მან ხელახლა და უფრო მძაფრად წარმოიდგინოს ის შემაწუხებელი საშინელებანი, რაც თავს გადაგხდათ შიშიანობისა და შფოთვის აღმოცენებისა და განვითარების გზაზე. სპეციალურად გააძლიერეთ ის სხეულებრივი სიმპტომები ან შეგრძნებები, რაც ამ შფოთვასა და შიშს ახლავს თან. დაბოლოს, როცა თავის ზენიტს მიაღწევს შიშისა და შფოთვის შემაწუხებელი მდგომარეობების ხელახლა ამოტივტივება და გაძლიერება, გულიანად ამოიოხრეთ ან ღრმად ამოისუნთქეთ ან ამოიყვირეთ ან ამოიტირეთ ნიშნად იმისა, რომ განმუხტეთ და ამოაფრქვიეთ, რაც ჩაგუბული გქონდათ.
ნაბიჯი მეხუთე.
ამგვარად, თქვენმა სუსტმა ნაწილმა დანარჩენი ორი ძლიერი ნაწილის მხარდაჭერის სიტუაციაში განმუხტა და ამოაფრქვია ჩაგუბული შიშები და შფოთვები და მასთან დაკავშირებული განცდები ან შეგრძნებები. ამას აქვს კათარსისის ანუ განწმენდის ეფექტი. ამჯერად გაშალეთ მუშტად შეკრული თქვენი მარცხენა ხელისგული ანუ თქვენი რესურსული ნაწილის სიმბოლო, გაშალეთ მარჯვენა ხელისგულიც, გაშალეთ ხელები და თვალდახუჭულ მდგომარეობაში ერთმანეთისკენ უნებლიე და თავისთავადი მოძრაობა დააწყებინეთ თქვენს ოდესღაც სუსტ, მაგრამ ამჯერად განმუხტულ ნაწილსა და თქვენს რესურსულ ანუ ძლიერ ნაწილს. როცა ორივე ხელისგული შეხვდება ერთმანეთს, შეჰკარით ისინი ნიშნად თქვენი ოდესღაც სუსტი და რესურსული ნაწილების გამთლიანებისა და ინტეგრაციისა. როცა ორივე ხელისგული შეიკვრება, მიიტანეთ ისინი სხეულის იმ ორგანოსთან, საიდანაც გსურთ, რომ ეს პოზიტიური ენერგია ჩაიღვაროს თქვენს სხეულსა და სულში.
ნაბიჯი მეექვსე.
მოეშვით, ისუნთქეთ მშვიდად. თავი მიეცით რელაქსაციას. წარმოიდგინეთ თქვენი ხვალინდელი დღე, ზეგინდელი დღე, მასზეგინდელი დღე, შემდგომი კვირეები და თვეები....გასაკეთებელი საქმეები, სამომავლო მოქმედებები და თითოეულ ამ წარმოდგენაში „შეაგზავნეთ“ ის რელაქსირებული მდგომარეობა, რაც თქვენში აღმოცენდება შიშიანობის და შფოთვის განმუხტვისა და ახალი რესურსებით აღჭურვის შედეგად.
თუკი დაინტერესდით ამ სავარჯიშოთი და დამოუკიდებლად ვერ შეძელით მისი განხორციელება, შეგიძლიათ ჩემთან გაიაროთ იგი. მზად ვარ გაგიწიოთ მეგზურობა შინაგანი თავისუფლების სამყაროში.
ნოდარ სარჯველაძე
წყარო: sarjveladze.blogspot.com
მასალის გამოყენების პირობები






