„ეს 4 კუნძული წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, ჩვენ დიპლომატიური არხებით გადავეცით შეტყობინება, რომ ეს შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის პოზიციასთან და სამწუხარო ფაქტია“- განაცხადა სინძო აბემ.
ის, რომ რუსეთმა სამხრეთ კურილიის კუნძულებზე უახლესი სანაპირო სარაკეტო კომპლექსები „Бастион“-ი და „Бал“-ი განათავსა, ცნობილი 22 ნოემბერს გახდა. კომპლექსი „Бастион“-ი კუნძულ იტურუპზე განთავსდა, კომპლექსი „Бал“-ი კი კუნძულ კუნაშირზე. ორივე კუნძული კურილიის კუნძულების შემადგენლობაში შედის რომელზეც პრეტენზიას იაპონია და რუსეთი აცხადებენ.
კრემლის განცხადებით რაკეტების განთავსებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ტოკიოსთან ურთიერთობაზე. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იაპონიაში ვიზიტით დეკემბრის შუა რიცხვებში ჩადის.
ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სარაკეტო კომპლექსების განთავსების მიზანი ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაა. „სამხრეთ კურილია წარმოადგენს რუსული ტერიტორიების განუყოფელ ნაწილს“- განაცხადა ზახაროვამ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კუნძულები იტურუპი, კუნაშირი, შიკოტანი და ხაბომაის კუნძულთა ჯგუფი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების შემადგენლობაში შევიდა. იაპონია თვლის რომ ეს უკანონოდ მოხდა. ამის გამო ამ ქვეყნებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ამ დრომდე არ აქვთ მოწერილი.
მასალის გამოყენების პირობები






