პრესრელიზში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკამ შემცირებული გლობალური ეკონომიკური ზრდის კონტექსტში, სიმტკიცე აჩვენა და საგარეო შოკისგან გაჯანსაღებას აგრძელებს, თუმცა უფრო ნაკლები ტემპით ვიდრე ადრე იგეგმებოდა.
წელს მშპ-ის რეალური ზრდა შეფასებულია 2.7%-ად და ინფლაცია 2%-ად, ხოლო მომავალ წელს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 3%-მდე.
ბოლო პროგნოზით, რომელიც ფონდმა წელს 14 ოქტომბერს გააკეთა, 2016 წელს საქართველოში 3.4%-იან, ხოლო მომავალ წელს 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებოდა.
მისიას მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობდა და სსფ-ის თანამშრომლები საქართველოში 15-დან 22 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ.
პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას ამბიციური ინფრასტრუქტურული გეგმის განხორციელება აქვს დაგეგმილი, რამაც ვაჭრობის და ტურიზმის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, საშუალოვადიანი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებით. ხელისუფლება ასევე აპირებს სტრუქტურული რეფორმების ჩატარებას, რათა ხელი შეეწყოს შიდა დანაზოგების ზრდას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ეკონომიკაში ლარის გამოყენების გაფართოებას.
მასალის გამოყენების პირობები






