,,ნესი 2016“ - ეს სიმინდის აპარატია. ალბათ ყველას გვინახავს სოფელში სიმინდის ტაროს დაფშვნის პროცესი - ერთი ტაროს დახმარებით, მეორედან მარცვლებს რომ აცლიან. ამ არცთუ ისე მარტივ და ხანმოკლე საქმეს დიდი ხნის ისტორია აქვს. უცხო ენების სპეციალისტისა და მოყვარული გამომგონებელის თამაზ თევდორაძის ეს უნიკალური გამოგონება სოფლად მცხოვრები ადამიანების ნამდვილი შვებაა.
,,ნიუპოსტი“ ექსკლუზიურად ესაუბრა მოყვარული გამომგონებელის ქალიშვილს, თინათინ თევდორაძეს, რომელმაც ,,ნესი 2016“-ის გამოგონების ლამაზი და სევდიანი ისტორია გვიამბო:
ამ სიმინდის საფშვნეტი აპარატის შექმნის იდეა მამას ამ ზაფხულს დაებადა, როცა პატარა შვილიშვილს მთელი თავისი შვებულება მიუძღვნა და საქართველოს თითქმის ყველა კუთხე-კუნჭული მოატარა. გემრიელ ლუკმად სამეგრელო შემოინახეს, დედას სოფელი, სადაც ყოველთვის სიხარულით ელოდნენ მასაც და მის სამეგობროსაც. სადაც დედას გარეშეც არაერთხელ წასულა ოთარ რამიშვილთან ერთად სათევზაოდ, რაც შემდეგ მოყვრებთან რამდენიმედღიან ქეიფში გადაზრდილა... სწორედ დედაჩემის ბიძას, ნესტორ გაბუნიას ოჯახს ესტუმრნენ ამ ზაფხულსაც. წლების წინ თავსდატეხილმა უბედურებამ სულიერად გატეხა ერთ დროს ულამაზესი წყვილი, ქალიშვილი უკურნებელი სენით გარდაეცვალათ და ახლა უფროსი ქალიშვილისა და ვაჟიშვილის სიხარული ასულდგმულებდათ...
თეთრი ჭიშკარი, ხასხასა, დავარცხნილი მინდორი, ამაყად წამოჭიმული სახლი, ვაშლის ხის ძირას კრუხს შემოხვეული უთვალავი წიწილა, ჰამაკი, ჭა, სულელი ინდაური, აყეფებული მურია და შორიდან მომზირალი საყვარელი სახეები... რომ ვერ გცნობენ, თვალებს ჭუტავენ, წამოდგებიან, რამდენიმე ნაბიჯს გადმოდგამენ, რომ გცნობენ და უკვე თითქმის სირბილით მოდიან ჭიშკრისკენ... იყო ბევრი ჩახუტება და ერთად ყოფნის სიხარულის ცრემლები... უსიმღერო ქეიფი....
შემდეგ იყო მამლის ხრინწიანი ყივილით დაწყებული ზღაპრული დილა, ნამიანი ბალახი, სუსხი და თბილი ლოგინი... საყვარელი სტუმრებისთვის საგანგებოდ შექმნილ სიჩუმეში ყურამდე შორიდან აღწევდა სიმინდის ჩხრიალი... მაგიდაზე უკვე ეწყო მოხარშული დედალი და ცხელი ხაჭაპურები... კალათში ბოთლით თბილი რძე, ახალი კვერცხი და სუფთად გახვეული ცხელი ხაჭაპურები იდო საგზლად... მამამ ხელები დაუკოცნა თაიგული ბიცოლას... ბანზე უთვალავი სიმინდის ტარო შრებოდა... მამა დაპირდა შემოდგომაზე ჩამოვალ და ისეთ რამეს ჩამოგიტან, სიმინდის ფშვნაზე წვალება აღარ მოგიხდესო!..
მამამ თბილისში დაბრუნებისთანავე დაიწყო პროექტზე ფიქრი და მუშაობა...
რამდენიმე დღეში კი დაგვირეკეს ნესტორი ბიძია გარდაიცვალაო...
მამა თითქმის დასრულებულ აპარატს კარგა ხანს ხელს აღარ კიდებდა. ვერ მოვუსწარიო, დარდობდა...
გუშინ, რკინის დეტალზე შიგნიდან ამოკაწრა „ნესი 2016“ და მის საამაყო ვაჟკაცს დღეს სოფელში, მარტო დარჩენილ თაიგული ბიცოლასთან გაატანა...
აღსანიშნავია რომ მოყვარულმა გამომგონებელმა ამ ზაფხულს კიდევ ერთი მოწყობილობა შექმნა. თამაზ თევდორაძემ მისი ეზოს მოსავლელად ბალახის საკრეჭი მანქანა საკუთარი ხელით ააწყო. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ხილის საკრეფი მოწყობილობაც. ხილის საკრეფი ხელსაწყო ამ ეტაპზე თამაზ თევდორაძის რამდენიმე მეგობარს უმსუბუქებს შრომას.
ვინ იცის იქნებ ამ ინოვატორი მოყვარული გამომგონებელის გამოგონებებით ვინმე დაინტერესდეს და ხელსაყრელი აღმოჩნდეს არა მხოლოდ რამდენიმე მეგობრისთვის, არამედ ფართოდ დაინერგოს სოფლის მეურნეობაში.
მასალის გამოყენების პირობები






