ასე აფასებს მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარე მალხაზ პატარაია ,,ევრონიუსთან" პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
,,არასოდეს არავის მიმართ არ მიყვარდა ამ სიტყვის ხმარება. უმძიმესი ბრალდებაა. არც თვითონ ვამბობდი და სხვასაც ვუწუნებდი. თუმცა უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, რესპუბლიკელთა სექტისა და კავკასიისა და ყველა საკითხის ,,ექსპერტ" მამუკა არეშიძის გარდა, ასეთი რამ არვის ასე ღიად და უტიფრად არ უთქვამს. ესენი კერძო პირები იყვნენ და შესაბამისად, კერძო შემთხვევებთან გვქონდა საქმე. თუმცა, ფრიად გარკვეული ტენდენციის ამსახველ, გააზრებულ და მიზანმიმართულ ქმედებებთან. ამდენად, მათი გამოხტომები შედარებით ნაკლებად საშიში და საზიანო იყო, რადგან ბევრ და საგრძნობ ჭიტლაყებს მიიღებდნენ ხოლმე საზოგადოებისაგან და დადუმდებოდნენ. ამიტომ, მათ მიმართ ჩემი ეპითეტები კაპიტულანტობას არ გასცილებია, თუმცა მეტსაც იმსახურებდნენ.
მაგრამ, როდესაც ამას სახელმწიფოს ხელმძღვანელი ამბობს, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია, ჩვენი ტერიტორიების უკვე იურიდიულად მიტაცების რუსული გეგმის ხორცშესხმისათვის, ეს მეტად საშიში და კატასტროფული საფრთხის შემცველია. ამიტომ, მოღალატე აქ სრულიად ზედგამოჭრილი და ადეკვატური შეფასებაა.
განცხადება ერთმნიშვნელოვნად განზრახ და გამიზნულადაა გაკეთებული უმძლავრეს პლანეტარული საინფორმაციო საშუალებაში, მსოფლიოშიმტკიცედ დამკვიდრებული არაღიარების პოლიტიკის დასამარებისათვის, ერთის მხრივ,საზოგადოებრივის აზრის შექმნით, და მეორეს მხრივ, რუსეთთან შეწყობილი ძალიან კონკრეტული პოლიტიკურიდა დიპლომატიური ნაბიჯებისათვის.
კოსოვო–სერბეთის ყოფილი ტერიტორია, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ცნობილია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მაგალითად, მისი გადმოტანა, ყველანაირი ლოგიკით ნიშნავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ასეთივე სტატუსს, საქართველოს ამ ნაწილების ცნობას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩვენს გარეშე და შემდეგ - ჩვენს მიერ.
მსოფლიომ თქვა, რომ კოსოვოს მაგალითი პრეცენდენტული არ არის და ერთადერთი გამონაკლისია. ქვეყნების სუვერენიტეტის, საზღვრების ურღვეობის და შიდა საქმეებში ჩაურევლობის საყოველთაო და ურყევი პრინციპისაგან გადახვევა, სერბეთის ნების გარეშე მისი ნაწილის დამოუკიდებლობის ცნობა მოხდა უაღრესად სპეციფიკური ვითარებიდან გამომდინარე. სერბეთი გაამტყუნეს საკაცობრიო დანაშაულებში კოსოველი ალბანელები მიმართ, ლიდერებს მოუწყვეს საერთაშორისო სასამართლო და მას შემდეგ გადადგეს ასეთი უპრეცენდენტო ნაბიჯი.
სრულიად ყალბი და უარგუმენტო თავზე ნაცრის წაყრის პოლიტიკა, მრავალრიცხოვანი განცხადებები ჩვენშიც და უცხოეთშიც იმის თაობაზე,რომ საქართველომ დაიწყო ომი, ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში, შევცვალოთ რიტორიკა, არ არის საჭირო აგრესორის მხილება, არა აქვს მნიშვნელობა ტერმინ ,,ოკუპაციას", გადავხედოთ ოკუპაციის კანონს, სეპარატისტული მთავრობები მივიჩნიოთ კონფლიქტის მხარეებად, შესრულდეს საერთაშორისო ვალდებულებები და გამოვიძიოთ 2008 წლის მოვლენები, გასამართლდეს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ჰააგაში და ა.შ. შესაბამისი ფონია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს გასამტყუნებლად და კოსოვოს საქმის ჩარჩოებში ჩასაჭედ–ჩასაკვეხებლად, შემდეგ კი მეორე და მესამე კოსოვოს საქართველოში შესაქმნელად.
პუტინს ძალიან ეჩქარება, ხედავს, რომ უფრო ხელსაყრელი დრო და ვითარება მას არ ექნება. ამიტომ გახშირდა ივანიშვილის მიერ კოსოვოზე საუბარი მარჯვნივ და მარცხნივ. ამჯერად მსოფლიო ეთერში.
ეს საზღაურია, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" და მისმა ბელადმა რუსეთს ძალაუფლებისათვის უნდა გადაუხადოს. ეს სამკვდრო–სასიცოცხლო დავალებაა, რომლის შეუსრულებლობა მათ ყველაფრის დაკარგვას უქადის, ძალაუფლების, დიდი ფულის და საკუთარი თავისაც კი, თუ ეს პუტინმა და მისმა ჩეკამ მოინდომეს. როგორც ჩანს, ძალიან სერიოზული კომპრომატები დევს მოსკოვში მათზე, რომელთა შორის ალბათ პირადი ხელმოწერებიც არის საქართველოს დაქცევა–განადგურებაზე თანხმობის დასტურად. ამას წინათ, პროფილაქტიკის მიზნით, სომხეთის სტაჟიანი ლაქია ხელმძღვანები შეაშინეს კრემლიდან კომპრომატებით. ალბათ, ეს ჩვენი კაპიტულანტებისათვისაც იყო გაფრთხილება.
განცხადება ,,ევრონიუსზე" რუსი ბატონის ახალი ბრძანების გამოძახილია ქართველი ყმებისთვის–ხელების დაკაპიწება, ყველა ხერხით და საშუალებით საქართველოსაგან მისი ტერიტორიების ჩქარი ტემპებით ჩამოშორება.
ქართველ ხალხს ღალატზე არავისთვის არასოდეს მანდატი არ გაუცია. მათ შორის არც იმათ, ვინც ხმა მისცა ივანიშვილს.
როგორც ამბობენ, რუსეთში ჩვენი პრემიერის ზედმეტსახელი ,,მახრჩობელა" ყოფილა. თურმე მოწინააღმდეგეებისადმი დამოკიდებულების გამო დაურქმევიათ. ეხლა მოწინააღმდეგე ჩვენ ვართ – საქართველო. ჩვენს სამშობოლოს მისი ხელით უპირებენ მოხრჩობას, თუ არა, თავად მოახრჩობენ. ასეთი უნდა იყოს ულტიმატუმის პირობები და ამას არაფერი ეშველება. არც ბრძანება შეიცვლება და არც ივანიშვილის პოლიტიკა. თავად ის უნდა შევცვალოთ მთავრობიან–,,ოცნებიანად", სანამ გვიანი არ არის. ეს ჩვენ ხელგვეწიფება, ხალხს ყველაფერი შეუძლია. დაიცავი საქართველო!!!", - წერს მალხაზ პატარაია.
მასალის გამოყენების პირობები






