ეს გალაქტიონის უნიკალური ფოტოა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ არქივში ინახება:
დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა. 1891 წლის 17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძე ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში დაიბადა. სიცოცხლე კი თბილისში, 1959 წლის 17 მარტს, თვითმკვლელობით დაასრულა. იმ გზამ რომელიც გალაკტიონმა ჭყვიშიდან მთაწმინდამდე გაიარა უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა არა მარტო პოეზიის თაყვანისმცემლების გულში. განუყრელი გახდა გალაკტიონი და საქართველო, გალაკტიონი და სიყვარული....
“როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.
მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში
სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია…”
“მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!”
“დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი.
ჩემი ცხოერების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.
"შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა –
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!...”
“მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები...“
„უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ...“
„მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები...“
"ბურუსი" გალაკტიონის შესახებ მოგონებებსაც აქვეყნებს:
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.
– გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო.
– გამარჯობათ, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? – ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
– წამოდი ძამიკო ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით, ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ბევრ სხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
– ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად…
….და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა, როდესაც გალაკტიონს ქართულად კითხულობ და რა უბედურებაა, როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.
მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან, დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.
“ჩემი გალაკტიონი” – ნოდარ დუმბაძე
***
საფრანგეთიდან ჩამოსული მწერლები მაჩაბლის ქუჩაზე მწერალთა კავშირის სახლს ეწვივნენ. გაფაციცებით ეძებდნენ გალაქტიონს. მ დროს გალაკტიონი მოედანზე ვიღაცეებთან სვამდა. როგორც იქნა მოძებნეს, მაგრამ არ უნდოდა წასვლა. იმდენი ეხვეწნენ რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა.
შევიდა თუ არა ყანწი აიღო და სადღეგრძელოს მაგივრად რაღაცა ლექსი თქვა ექსპრომტად და უცებ გამობრუნდა უკან.
***
აკაკი ხინთიბიძის მონაყოლი:
გალაქტიონი და კონსტანტინე თურმე წაღვერში ისვენებდნენ. ყოველ კონსტანტინე გალას ასე ესალმებოდა:
-გამარჯობა ლომო!
გალა პასუხობდა:
-გაგიმარჯოს ვეფხვო!
ასე გრძელდებოდა კარგახანს.
მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხვობა. სულ ეს რატომ უნდა იყოს ლომიო და ერთ მშვენიერ დილას ასე მიესალმა:
-გამარჯობა ვეფხვო!
გალაქტიონმა უპასუხა:
-გაგიმარჯოს კოწია!
***
როცა გალაკტიონი აკადემიკოსად წარადგინეს. ამ საკითხს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი არჩევდა. ერთ-ერთი მწერალი წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა:
შეგვარცხვენს, ღვინო უყვარს, სულ მთვრალი დაიარებაო.
გალაკტიონი მშვიდად შეეკითხა:
– შენ ძამია, ღვინო არ გიყვარს?
– არაო! – ამაყად წარმოსთქვა მოწინააღმდეგემ.
– არც მთვრალი ყოფილხარ ოდესმე?
– არა, არასოდეს! – კვლავ მედიდურად განაცხადა მანვე.
– ამხანაგებო, მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად! – შეუძახა გალაკტიონმა.
***
ფარცხნალაში გალაკტიონის მასწავლებლობისას ერთი მოსწავლე გაკვეთილებზე ვერ მისულა;
გალაკტიონს სახლში მოუკითხავს იგი და თავისთვის რა ჰქონდა, ბავშვის დედისთვის ფული დაუტოვებია, რადგან, ეს ბავშვი სკოლაში იმიტომ ვერ წასულა, რომ დედამისის მიერ გარეცხილ შარვალს გაშრობა ვერ მოუსწრია;
ამ ფულით მეორე შარვალიც უყიდეო, უთქვამს ბავშვის დედისთვის.
***
ირაკლი წერეთელის მამას სიდამონ წერეთელს შეხვედრია ერთხელ გალაკტიონი. თურმე მთვრალი იყო გალაკტიონი და წვერზე ჰქონდა წნილის ნარჩენი. სიდამონს მოუცლია ეს ნარჩენი და უთხოვია: ბატონო გალაკტიონ, შეიძლება თქვენთან ერთი სურათი გადავიღოო?
– თქვენ რა, ჩემთან ერთად გინდათ შეხვიდეთ ისტორიაში ყმაწვილო? არა, თქვენ თვითონ შედით – ამაყად უპასუხია გალაკტიონს.
***
ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა, თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია, მათ შორის საქართველოდანაც… ჩვენი დელეგაცია 50 კაცზე იყო შედგენილი, და წავიდნენ კიდეც… 50-ში გალაკტიონი არ იყო, რომ კითხეს რატომო, გამოგვრჩაო…
***
გალაკტიონი ერთ კაფეში შევიდა სადაც მეპატრონეს რაღაცაზე აუხირდა.
მეპატრონემ (ვერ იცნო გალაკტიონი) დაუყვირა: დამანებე თავი შე კაცო, აქ შენისთანა ათასი შემოდის!
გალაკტიონმა ულვაშებში ჩაიცინა და გავიდა.
***
გალაკტიონს ერთხელ პირობა მიუცია საკუთარი თავისთვის – დუქანს ისე ავუვლი გვერდს რომ არ შევალ და ღვინოს არ დავლევო… მართლაც აუვლია გვერდი და რამოდენიმე ნაბიჯით რომ გაცდა დუქანს, მოტრიალდა და უთქვამს – რადგან პირობა შეასრულე ღირსი ხარ შეხვიდე და ერთი ჭიქა ღვინო დალიოოო …
***
ერთხელ ჩიტი შენარცხებია მანქანის ფანჯარას, ქუთაისისკენ მიმავალ გალაკტიონს გაუჩერებია ავტომობილი, ჩიტი დაუმარხავს და მერე ისე გაუგრძელებია გზა.
***
როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა, ექიმმა უთხრა – ადგილები არ გვაქვსო. გალაკტიონი იქ 1 თვის წინათაც მკიურნალობდა, ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა – ის ხომ დაკეტილი გაქვთო. პასუხი კი ასეთი მიიღო – ის კი თავისუფალია მაგრამ ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო?… და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო… სამოწყალოდ დააწვინეს დერეფანში…
მასალის გამოყენების პირობები