მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა 7 თვის მმართველობის შედეგ, უმუშევრობის პრობლემა და ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობის პირობები, - ამ საკითხებთან დაკავშირებით ,,ნიუპოსტთან" ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებას გვთავაზობს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი.
_პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრაზე გარდა სხვა პოლიტიკური საკითხებისა, ეკონომიკურ სფეროზეც ისაუბრა. რა იყო სიახლე პრემიერის განცხადებებში?
_ჯერ-ჯერობით როგორც მე ვხედავ, რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ შეინიშნება. ახალი არაფერი არ თქმულა ეკონომიკური განვითარების კუთხით. უბრალოდ ერთი, რაც ითქვა არის ის, რომ მთავრობა განაგრძობს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპისთვის, როგორც ჩანს, მუშაობის შედეგები მაინც და მაინც არ ჩანს, შესაძლოა ამ ყველაფერს ცოტა მეტი დრო უნდა. ფაქტია, რომ ჯერ-ჯერობით რაღაცა სიახლე შემოთავაზებული არ არის. ვერ ვხედავ ამ მხრივ ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ პოლიტიკას.
_მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას რაც შეეხება, გასაგებია, რომ მხოლოდ 7 თვეა გასული, მაგრამ უნდა იყოს თუ არა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ამ დროისთვის უკვე გადადგმული.
_პრემიერს ვეთანხმები, როცა ამბობდა რომ 7 თვეში შედეგების მოთხოვნა არის ნაადრევი, მაგრამ მეორეს მხრივ 7 თვე საკმარისი დროა იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ძირითადი მიმართულებები, რომელსაც საბოლოო ჯამში რეალურად მდგრადი ეკონომიკის საფუძველი უნდა იყოს. სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ამ 7 თვის განმავლობაში ეს არ გამოჩნდა. მე, ვცფიქრობ, პრემიერი ან ოპტიმისტია ძალიან, ან სათანადოდ ინფორმირებული არ არის საქართველოში რეალურად არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე.
_რაც შეეხება დასაქმების პოლიტიკას, ყველა კვლევამ აჩვენა, რომ უმუშევრობა დღემდე ნომერ პირველი პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის...
_დასაქმებულთა ზრდა ასე სწრაფად ვერ მოხდებოდა. დასაქმებულთა ზრდას ძირითადად თან უნდა სდევდეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ზოგადად, ეკონომიკური ზრდა.გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკური ზრდა არის შენელებული და არის ძალიან დაბალ მაჩვენებელზე, ეს ბუნებრივია, რომ ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ადამიანების დასაქმებას. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ სიტუაცია დროულად არ დასტაბილურდა, შესაძლოა მივიღოთ არა დასაქმებულთა ზრდა, არამედ დამსაქმებელთა შემცირებაც კი, ანუ შესაძლოა იყოს რისკი იმისა, რომ უმუშევართა რაოდენობა გაიზარდოს.
_რეალურად დასაქმებულთა ზრდა ბიზნესის ხარჯზე უნდა ხორციელდებოდეს, ანუ მცირე და საშაულო ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება უზრუნველყოფს დასაქმებას, დღეს როგორია ამ მხრივ მდგომარეობაა? როგორია ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესთან და თუ შეინიშნება ბიზნესისთვის გარკვეული ხელშეწყობა?
_ფაქტია, რომ ბიზნესმენებთან ურთიერთობები და დამოკიდებულებები არის შეცვლილი, არის რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა, მათ შორის ვგულისხმობ საკმაოდ კარგ ინიციატივას, რომელიც შეეხებადავების განხილვის საბჭოს უფრო გააქტიურებას. საინტერესოა ბიზნესომბუცმენის ოფისის კიდევ უფრო გააქტიურება. მიდგომა არის შეცვლილი, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ბიზნესმენებთან მიდგომა, ბუნებრივია, არ ქმნის საერთო ფონს ქვეყანაში. საჭიროა იყოს უფრო სტაბილური ბიზნესგარემო, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავთ და ბიზნესმენები ხედავდნენ ოდნავ გრძელვადიან პერიოდში, თუ რა ეკონომიუკური პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას, ანუ საით მიდის ქვეყანა. ბიზნესმენებიც სავარაუდოდ ამას ვერ ხედავენ რადგან არ არის სათანადოდ სტაბილური ბიზნესგარემო. გამომდინარე აქედან, ბიზნესმენთა აქტრივობა არის ნაკლები.
_როგორ შეაფასებსდით დღევანდელი ხელისუფლების მიერ თუნდაც შრომის კოდექსსა და ზოგადად კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს. არის თუ არა მორგებული დღეს შრომის კოდექსი რეალურად მოსახლეობის ინტერესებზე და ორიენტირებული დასაქმებაზე?
_რაც შეეხება შრომის კოდექსს, მე მგონი ამასთან დაკავშირებით თვითონ ხელისუფლების შიგნით არის საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა - შრომის კოდექსის ის პირველადი ვერსია, რომელიც, ასე ვთქვათ, დასაქმებაზე ორიენტირებული უნდა ყოფილიყო და რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმაც კი გააკრიტიკა, ,,ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს, ბატონ მარგველაშვილს ვგულისხმობ. ფაქტია, რომ ის შრომის კოდექსი სიტუაციას არათუ უკეთესობისკენ შეცვლიდა, დასაქმების მაჩვენებლის კუთხით, არამედ სიტუაციას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებდა. იმედია რომ საბოლოო ვერსია იქნება უფრო მეტად მორგებული ბიზნესის განვითარებაზე და ამავე დროს დაიცავს სხვა დასაქმებულის უფლებებს. მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ დავიცვათ დასაქმებულის უფლებები არ ივარგებს, იმიტომ რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ შრომის კოდექსი, რომელიც ვითომდა დასაქმებულის უფლებებზე არის მორგებული, ვეღარ დაიცავს ვეღარავის, იმიტომ რომ დასაქმებული ადამიანები უბრალოდ არ იარსებებენ. ამიტომ შრომის კოდექსმა მხოლოდ ქაღალდით კი არ უნდა დაიცვას ვინმეს უფლება, არამედ საჭიროა, შრომის კოდექსმა საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი ტიპის გარემოს ფორმირება, დასაქმების კუთხით, რომ კომპანიებს არ შეეშინდეთ ადამიანის სამუშაოზე აყვანა, ზუსტად აი, ამ არასწორი კოდექსის გამო.
მარი ცინცაძე
,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






