ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა თავიდანვე ცნობილი იყო, რაც შეეხება სახელმწიფო მდივანს, ამ პოსტზე მედია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
როგორც გამოცემა "პოლიტიკო" წერს, სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესაძლოა, სენატის საგარო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ტენესის შტატის სენატორმა ბობ კორკერმა, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა ან გაერო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა დაიკავოს.
აღსანიშნავია, რომ სენატორი ბობ კორკერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ის არის ერთ-ერთი ინიციატორი კანონპროექტის, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას აშშ-ის ნატო-ს არაწევრ მთავარ მოკავშირებად აღიარებს.
კორკერი აცხადებდა, რომ მათ მიერ მომზადებული პროექტი აგზავნის ძლიერ სიგნალს ქართველ ხალხთან, რომ "აშშ მათ გვერდით დგას თავისუფლების მხარდასაჭერად და სურს საქართველომ გააგრძელოს პროგრესი დასავლური ღირებულებებით".
ბობ კორკერი იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები






