ლარის დევალვაცია და ბიზნესის სავალუტო რისკები - რა ბედი ელის საქართველოს ეკონომიკას?
პოზიცია - 15:33, 10 Nov, 2016     11788
საქართველოს ეროვნული ვალუტა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად უფასურდება. ლარის გაუფასურება კვლავ რისკის ქვეშ დგას. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკს წინასაარჩევნო პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.35 ნიშნულზე გარკვეული პერიოდით შეენარჩუნებინა, ამისათვის სებ-მა 10 დღიან პერიოდში 100 მილიონი დოლარი გაყიდა. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების შემდგომაც, ეროვნულ ბანკსა და მთავრობაში ლარის გაუფასურებას ერთჯერადი მიზეზებით ხსნიან.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტორსაც, რომ საქართველოს მთავარი ფინანსური დოკუმენტი „2017 წლის ბიუჯეტი“ ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის და უფრო მეტიც, მისი ჩასწორებული ვარიანტი ჯერ არც კი გადასცემია პარლამენტს. ასევე, საყურადღებოა საერთაშორისო საკითხები, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამ ყოველივემ საფონდო ბირჟებზე საკმაოდ სერიოზული პანიკაც კი გამოიწვია.

ლარის დევალვაცია და საქართველოს ეკონომიკის ბედი არჩევნების შემდგომ - „ნიუპოსტმა“ ამ კითხვით ეკონომიკის ექსპერტებს მიმართა. ექსპერტი დავით წიქარიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საკითხები რა თქმა უნდა საქართველოს ფინანსურ მდგომარეობაზე გარკვეულ გავლენას ახდენს, მაგრამ ძირითადი ფაქტორი იმისა, თუ რატომ მიმდინარეობს ლარის გაუფასურება მწვავედ, გახლავთ, ქვეყნის შიდა ეკონომიკური ფაქტორები. წიქარიძე მიიჩნევს, რომ სიტუაციის შედარებით შესამსუბუქებლად ხელისუფლებამ მანამდე, სანამ 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცდება, სამთავრობო ხარჯები უნდა შეამციროს:

„ის, რაც საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ხდება და საერთაშორისო პოლიტიკაში ხდება, ეს არის ცალკე თემა და რაც საქართველოში ეკონომიკის თვალსაზრისით ხდება, არის საერთოდ განსხვავებული საკითხი. ამ ყოველივეს სხვადასხვანაირი რეცეპტები აქვს და იმის თქმა, რომ ჩვენზე თურმე გავლენას ახდენს და მარტო გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული, ეს არის ტყუილი. ვალუტის საკითხი არის მეორადი, პირველადი არის ეკონომიკა, ვალუტა არის მეორადი ფუნქცია იმისა, რასაც დღეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკა. მოლოდინები არის ცუდი, რეალობა არის არასასიამოვნო, აქედან გამომდინარე ლარის საკითხი მივიღეთ ისეთი, რაც დღეს გვაქვს. ეს რომ გამოსწორდეს პირველ რიგში მთავრობამ, სანამ ჯერკიდევ არ არის მიღებული 2017 წლის ბიუჯეტი, სასწრაფოდ უნდა შეამციროს სამთავრობო ხარჯები. ეს არის ყველაზე ადვილი, აქედან უნდა დაიწყოს, მითუმეტეს მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება ახლა მიმდინარეობს, ახალი მთავრობა ახლა კომპლექტდება. პრემიერ-მინისტრი რომ გამოვიდეს და თქვას, რომ აპირებენ შეამცირონ ხარჯები, გაატარონ რეფორმები, მხოლოდ ესეც კი იმოქმედებს დადებითად ლარზე, მაგრამ ამას არ აკეთებენ, ამის მაგივრად საერთოდ სხვა რაღაცებზე არის საუბარი და გამოდის ისე, რომ არსებულ სიტუაციაში ყველა დამნაშავეა. ნუ შევიყვანთ შეცდომაში ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა საგარეო ფაქტორები მოქმედებს ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ არა ისე, როგორც სურთ, რომ წარმოაჩინონ. ჩვენი მთავარი პრობლემა შიდა ეკონომიკის სტაგნაცია არის. თუ საგანგებო ზომებს არ მიმართავენ, ეს გაგრძელდება და უარეს სიტუაციას მივიღებთ“, - აღნიშნა დავით წიქარიძემ ჩვენთან საუბრისას.

როგორც გურამ ჩახვაძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, ლარის გაუფასურებასთან მიმართებით რამდენიმე ფაქტორი არსებობს, ეროვნული ვალუტის დევალვაციას კი მოჰყვება ბიზნესისთვის სავალუტო რისკები, ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუარესება ყველაზე დაუცველი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ფენისთვის, რომ არაფერი ვთქვათ კაპიტალის გადინებაზე:

„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც შეეძლოთ ზეგავლენა მოეხდინათ ლარის კურსის ვარდნაზე.

ეკონომიკის ვარდნა, სექტემბერში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 1.5% - მდე დავიდა, ასევე იანვარ-სექტემბერში ქვეყნის საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა რეკორდულ ნიშნულს 6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67%-ია. იმპორტ ექსპორტის ასეთი თანაფარდობა დამანგრეველია ეროვნული ვალუტისთვის.

იყო კი სწორი ეროვნული ბანკის პოლიტიკა, როცა უკვე გაუფასურებული ლარის ფონზე ათეულ მილიონობით უცხოური ვალუტის შესყიდვა მოახდინა, რამაც ბუნებრივია ბაზარზე არსებული მყიფე ბალანსი დაარღვია და შესაბამისად უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნილება გაზარდა.

ფსიქოლოგიურად უარყოფითად იმოქმედა ხელისუფლების „რეკომენდაციამ“ უცხოური ვალუტის შესყიდვისაგან თავის შეკავებაზე, მაშინ, როცა თითქმის ყველა ოფიციალური პირისაგან ვისმენდით ბუნდოვანი განმარტებები რეალურ მიზეზებსა და რაც მთავარია ლარის კურსის მომავალ სტაბილურობაზე.

არც აშშ-ს სარეზერვო ფონდს და არც ევროპის ბანკს ამ პერიოდისთვის არ შეუცვლიათ სავალუტო პოლიტიკა, ანუ არ მოახდინეს დოლარისა და ევროს გაძვირება და შესაბამისად აღნიშნული საგარეო ფაქტორი ლარის მიმართ ნეიტრალური იყო.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას მოყვება ბიზნესისთვის სავალუტო რისკები, ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუარესება ყველაზე დაუცველი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ფენისთვის, რომ არაფერი ვთქვათ კაპიტალის გადინებაზე. მოკლევადიან პერიოდში ხელისუფლებამ უნდა გაამკაცროს როგორც საბიუჯეტო ასევე სავალუტო პოლიტიკა, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავალი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე დაფუძნებულ ეკონომიკაშია“, - აცხადებს გურამ ჩახვაძე.

საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე კომერციული ბანკების პოლიტიკაზე საუბრობს არსებულ სიტუაციაში. მისი განცხადებით ამ ეტაპზე, ბანკებს ერთადერთი შესაძლებლობა ეძლევათ და ეს არის ამა თუ იმ მომხმარებლის სესხის თანხის უფრო მეტი ვადით გადანაწილება:

„ამ ეტაპზე ბანკებს ერთადერთი რაც შეუძლიათ კლიენტებს შესთავაზონ არის სესხის თანხის უფრო მეტი ვადით გადანაწილება, რადგან შესატანი თანხა შედარებით შემცირდეს. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ადამიანებმა სესხი მთლიანად ლარში გადაიტანონ იმ პირობებით რა პირობებიც ექნება ბანკს. ზოგადად, რა თქმა უნდა კურსის გაუფასურება მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ და შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში. მათ ექმნებათ პირველ რიგში პრობლემები, როგორც შარშან ეროვნულმა ბანკმა მოუწოდა საზოგადოებას გარკვეული შეთავაზებებით, სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე ათასი მომხმარებელი ასეც მოიქცა. რა თქმა უნდა ინდივიდუალური პროცესია, მომხმარებელმა თავად უნდა დათვალოს რამდენად აწყობს მას ესა თუ ის პირობა. თუ ვადა გაიზრდება საპროცენტო გადასახდელი თანხაც იზრდება, თუმცა, ყოველთვიური შენატანი მცირდება და ეს შესაძლოა ამ ეტაპზე მომგებიანიც კი იყოს.

ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი ვალუტის კურსზე. ეს არის მცურავი გაცვლითი კურსი, რომელიც მიშვებულია ნებაზე და მისი თანაფარდობა დგება ქვეყანაში არსებული დოლარისა და ლარის მოთხოვნა-მიწოდებით. ეროვნულ ბანკს გარკვეული ბერკეტები აქვს, ის იყენებს კიდეც ამ ბერკეტებს, მაგრამ მისი მთავარი საზრუნავი არის ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა. რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის ტარგეტირების რეჟიმში უნდა ეცადოს მიზნობრივ ინფლაციას მიაღწიოს და არ გადააჭარბოს მან 5%-იან მაჩვენებელს. როდესაც საჭირო იქნება, ალბათ ეროვნული ბანკი დახარჯავს კიდეც რეზერვებს, თუმცა ასე ცალსახად, მხოლოდ ვალუტის კურსთან მიმართებით, ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასება არ გამოვა, რადგან ის არ არის პასუხისმგებელი უწყება ეროვნული ვალუტის კურსზე“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

საბანკო პროდუქტების ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი კი გვესაუბრა შექმნილ ვითარებაში კლიენტების სასარგებლოდ ბანკების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ალიბეგაშვილის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ სესხის ვადის გაზრდა და რესტრუქტურიზაცია მოხდება, მომხმარებლის უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული და მას უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზრდილი ვადა პროცენტისკენ მიმართულ გაზრდილ ხარჯსაც ნიშნავს:

„ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე გაკეთდა განმარტება და დაუკავშირდა მსხვილ ტრანზაქციებს ანუ გარდაუვალი იყო. ზოგადად ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე და ის ყოველთვის ცდილობს გაანეიტრალოს ლარზე არსებული ზეწოლა, რაც საბოლოო ჯამში სავალუტო აუქციონზე ვაჭრობის დინამიკაზე აისახება. შესაბამისად, თუ მოთხოვნა ფიქსირდებოდა და ეროვნული ბანკი ახორციელებდა ინტერვენციებს, ეს იყო გარდაუვალი.

კომერციული ბანკების მხრიდან საეჭვოა რომ ადგილი ჰქონოდა გარკვეულ მანიპულაციებს ლარის კურსთან მიმართებით, ეს მათი საქმიანობის სპეციფიკას არ წარმოადგენს. მათ მიერ შესრულებული ოპერაციებით ფიქსირდება უბრალოდ ბაზრის მოთხოვნა. იყო ლარის გაუფასურების მოლოდინი როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან დაფიქსირდა მაღალი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ეს უკავშირდებოდა ნაწილობრივ წინასაარჩევნო პერიოდს, ტურისტული სეზონის დასასრულს.

ზოგადად ყველაზე მტკივნეული არის ხოლმე მსგავსი სიტუაცია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული, რადგან მეტი გასავალი უფიქსირდებათ. კომერციულ ბანკებს აქვთ გათვალისწინებული ლარის 15%-იანი გაუფასურება, რაც ხელშეკრულებით არის გაწერილი სესხის დამტკიცების დროს, მაშინ, როდესაც შემოსავლის ვალუტა და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, ისინი ამ მომენტს ითვალისწინებენ. ბოლო პერიოდში ჩვენ დაგვიფიქსირდა ბევრად უფრო ცუდი შედეგი და ბევრად უფრო მეტად მოხდა ლარის გაუფასურება. დაახლოებით ერთი წლის წინ კომერციულმა ბანკებმა გადახედეს მათ პოლიტიკას და მომხმარებლისთვის რესტრუქტურიზაციის შეთავაზება დაიწყეს, ანუ ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ბანკებს შეუძლიათ შემდგომში მომხმარებელს შესთავაზონ, ანუ სიტუაცია ყოველთვიური დაფარვის გრაფიკით შეუმსუბუქონ. მომხმარებელს რეალურად შესთავაზებს ვადის გაგრძელებას სესხებზე. თუ საუბარია 10 წლიან სესხზე, მათ გადააკეთეს გრაფიკები და დაიდო 15 წლიანი სესხები. ამ ტიპის ხელშეკრულების გადახედვას და დაფარვის გრაფიკის სხვა ვადაზე განაწილებას, ბანკები ინდივიდუალურადაც სთავაზობენ მომხმარებელს და შესაძლოა ამან რაღაც პერიოდში მასშტაბური სახე ერთხელ უკვე მიიღო და ახლაც შესაძლოა კვლავ შესთავაზონ მომხმარებელს. თუმცა, აქ არის მთავარი მომხმარებელი და მისი უფლებები, ამ დროს უნდა მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია, რომ გრაფიკის გაზრდა არის შესაბამის საპროცენტო ხარჯთან დაკავშირებული. მას საბოლოო ჯამში რა თქმა გაუძვირდება ის თანხა, რომელიც მას უნდა მიემართა სესხზე პროცენტის სახით. ანუ თუ სესხი იყო 10 წლიანი და გახდება 15 წლიანი, ხარჯი შესაბამისად პროპორციულად გაიზრდება“, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42