აღნიშნულ განცხადებაზე რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირი პასუხი არ გაუცია, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უცნობია, როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არჩევნების შემდეგ.
„ჩვენ არ ვიცით, განახორციელებს თუ არა თავის ზრახვებს პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი, რამდენად შორს წავა ჩვენთან თანამშრომლობის მიმართულებით" - განაცხადა პუტინმა.
აღსანიშნავია, რომ ტრამპი პუტინს გონიერ პოლიტიკოსად მოიხსენიებდა და გამოსვლებში აცხადებდა, რომ აშშ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი ის არის, რომ ამერიკელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტს ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას.
„გასაკვირი არ არის, რომ ის არც ობამას და არც კლინტონს ვერ იტანს. პუტინთან შეხვედრას ჩემი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებამდე წარმომიგდენია. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნებოდა“ - განაცხადა ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
უცნობია, ჩანიშნულია თუ არა ტრამპი-პუტინის შეხვედრა, რას ფიქრობს თავად რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნულ შეხვედრაზე, თუმცა ფაქტია, ტრამპს არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა ვლადიმერ პუტინმა მიულოცა.
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინი იმედოვნებს, „ერთობლივი მუშაობით რუსულ-ამერიკული ურთიერთობა კრიზისული სიტუაციიდან გამოვა, ამასთანავე გადაწყდება საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და მოძიებული იქნება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე ეფექტური პასუხები.“
რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა „მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის პოზიციების გათვალისწინებაზე დაფუძნებული კონსტრუქციული დიალოგის აღდგენისა, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებს პასუხობს.“
პუტინმა ტრამპს სახელმწიფოს მეთაურის რანგში მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. მანამ აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად, 19 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია ხმას მისცემს პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს, 6 იანვარს კი, კონგრესის სხდომაზე ხმების დათვლის პროცედურა ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






