ყველასთვის მოულოდნელად სამეფო ოჯახმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრინცი ჰარი ძალიან შეწუხებული და იმედგაცრუებულია მედიის მიერ მის მარკლის პირადი სივრცის ხელყოფით და იმით, რომ პრინცი მის დაცვას ვერ ახერხებს.
„სწორი არ არის, რომ მის და მის მარკლის რამდენიმეთვიან ურთიერთობას ასეთი ქარიშხალი დაატყდა. ეს თამაში არ არის, ეს მათი ცხოვრებაა“ - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც წერილში აღნიშნულია, პრინცი ჰარის შეყვარებულის მიმართ რასისტული და სექსისტული განცხადებები გაჟღერდა, რაც მთელი რიგი გამოცემების პირველ გვერდზე აღმოჩნდა. განცხადებაშივე ნათქვამია, რომ პრინცი ჰარი თვლის, მსგავსი განცხადებების გამოქვეყნება უჩვეულოა, თუმცა იმედოვნებს, საზოგადოება მიხვდება, რატომ გახდა ეს აუცილებელი.
შეგახსენებთ , პრინცი ჰარის ახალ რომანზე მედია 30 ოქტომბერს ალაპარაკდა.
როგორც ტაბლოიდები იტყობოდნენ, ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრის მორიგი რჩეული 35 წლის ამერიკელი მსახიობი , სერიალ Suits- ის ვარსკვლავი მეგან მარკლია.
გამოცემა Sunday Express წერდა, რომ ჰარიმ და მეგანმა ერთმანეთი მიმდინარე წლის მაისში, ტორონტოში გამართულ Invictus Games-ზე გაიცნეს, რომლის დამფუძნებელიც თავად პრინცია და მას შემდეგ ერთმანეთს ეკონტაქტებიან.
როგორც გამოცემა წერს, მეგანი ლონდონში რამდენჯერმე იმყოფებოდა და ინსტაგრამზე ფოტოებსაც დებდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზეზები უცნობი იყო. ამ ხნის განმავლობაში ტორონტოში იმყოფებოდა პრინცი ჰარიც. მისი საიდუმლო ვიზიტს დაჯავშნული ბილეთმა ახადა ფარდა.
პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.
სავარაუდოდ, ეს ფაქტი გახდა სამეფო ოჯახის განცხადების გამოქვეყნების მიზეზი.


მასალის გამოყენების პირობები






