"წავედი სამსახურიდან, მუშაობას კიევში გავაგრძელებ, კონკრეტულად სად და რა თანამდებობაზე მოგვიანებით გახდება თქვენთვის ცნობილი. ისევ ძალოვან სტრუქტურაში ვიქნები"- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
კითხვაზე აპირებს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ლორთქიფანიძემ განმარტა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
"რა აზრი ჰქონდა ამას? სასამართლომ არც სკაიპით ჩართვა და არც ჩემი ჩამოსვლა საჭიროდ არ ჩათვალა"- აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
როგორც ცნობილია, საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს წინასწარი პატიმრობა სასამართლომ სექტემბერში შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა, ბრალდებულის დაკავების მომენტიდან დაიწყება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოდესის ოლქის პოლიციის მოქმედ მაღალჩინოსანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.
გამოძიების ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.
მასალის გამოყენების პირობები






