მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ამ თემაზე ერთი ნაწილი, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი უნდა ეთქვა, რადგან ენმ-ს მხრიდან გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია არ მომხდარიყო.
მეორე ნაწილის პოზიციით, კი ნახევარი მილიონი ადამიანის ნდობა არ უნდა გაეფლანგათ და მოპოვებული მანდატები უნდა მიიღოთ, მათი აზრით „ბოიკოტი პარტიის მარგინალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა”.
იმ პირობებში, როცა დღემდე გაურკვეველია შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი და მიხეილ სააკაშვილის მეუღლე პარლამენტში გუშინ პარიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა განცხადება გამოაქვეყნა სადაც ღიად თქვა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე სჭირდება“.
უგულავა ირწმუნება, რომ მისი წინადადება პარტიის განვითარების სურვილითაა ნაკარნახევი.
ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევა ღალატი არ იქნება.
გიგი უგულავა არჩევნებში მიღებულ შედეგს გარკვეულწილად მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს.
თბილისის ყოფილი მერის განცხადებას დღესვე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ,,გადაჯგუფება ნიშნავს განახლებას, მეტ ჩართულობას და ყველაფრისთვის თავის სახელის დარქმევას". ექსპრეზიდენტი პარტიას სთავაზობს ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის არჩევას.
სააკაშვილის განცხადებით, შიდაპარტიული დემოკრატიის ყველაზე დიდი მომხრეა.
საქართელოს მესამე პრეზიდენტი თავის მიმართვაში ამბობს: „კონკრეტულმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ შეცდომებზე პასუხისმგებლობის აღება, ნაცვლად ჩემკენ ხელის გამოშვერისა“.
„საქართველოს ტერიტორიაზე დღეს არ მოიძებნება არც ერთი იმ კალიბრის და წონის პოლიტიკოსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოდნავ მაინც შეუქმნის საფრთხეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, - მიიჩნევს ის და მინიშნებას აკეთებს, რომ პარტიის რამდენიმე წევრი გაიყიდა.
საკუთარ თანაგუნდელს აკრირიტიკებს ჩიორა თაქთაქიშვილიც, რომელიც საკუთარ წერილში მიიჩნევს, რომ მიხელ სააკაშვილის ჩამოშორება პარტიის პოლიტიკური საქმიანობიდან მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია, რომელიც ენმ-ს წევრებს უთვლიდა კიდეც - ,,ჩამოშორდით სააკაშვილს და გაღიარებთ ჩემს ოპოზიციად".
მიხეილ სააკაშვილის პოზიციას იზიარებს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი და ყოფილი მაღალჩინოსანი დიმიტრი შაშკინი. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში გადაწყვეტილებების მისაღებად პოლიტსაბჭოს სხდომა არ არის საკმარისი და უნდა ჩატარდეს ყრილობა, რომლის ფარგლებშიც საკუთარ აზრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ამომრჩევლებიც დააფიქსირებენ.
,,პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ შეამცირებს და წაართმევს. მისი პოლიტიკური კაპიტალია 600 ათასი ამომრჩეველი, ეს კაპიტალი მოიპოვა იმ წარმატებებით, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიაღწია - არაშემდგარი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისგან შეიქმნა სახელმწიფო” -აცხადებს შაშკინი.
თანაგუნდელ გიგი უგულავას არ ეთანხმება აკო მინაშვილიც და ამბობს, რომ "ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლია მხოლოდ ენმ-ს და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით".
შედარებით ნეიტრალური იყო „ნიუპოსტთან“ გიგი წერეთელი. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი სწორი ანალიზის შემეგ უნდა მოხდეს. ამასთან ენმ-ს წევრის თქმით, უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ არჩევნების შედეგზე გადამწყვეტი როლი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა ითამაშა.
პარტიის ახალი სახე ოთარ კახიძე კი მათ შორისაა ვინც თვლის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი არჩეული, ქმედითი თავმჯდომარე უნდა ჰყავდეს“.
პარტიის ხელმძღვანელობის შესახებ საუბრობს ზურაბ ჭიაბერაშვილიც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, საქართველოს კანონმდებლობით ვერც იქნება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე და ფორმალურად არც არის პარტიის თავმჯდომარე.
"ციხეში მჯდომი პოლიტპატიმრის, გიგი უგულავას ერთგულებაში რომ ეჭვს შეიტანს და ივანიშვილთან გარიგებას დასწამებს მხოლოდ იმის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოთქვა ქვეყნისა და საკუთარი პარტიის მომავალზე, ის ადამიანი როგორ შეიძლება ჩემი თანამებრძოლი იყოს?“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






