მან 17 მაისს დაგეგმილ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთის მხრივ ლგბტ პირები აქციას გამართავენ და მეორეს მხრივ, ფილარმონიასთან ამ აქციის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილი შეიკრიბება, საგანგებო განცხადდება გააკეთა.
მამა თეოდორეს თქმით, 17 მაისი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებისთვის ერთგვარ საერთაშორისო დღედ მიიჩნევა.
"ჩვენი საზოგადოება მკვეთრად უარყოფითად არის განწყობილი ამ მდგომარეობის, ამ ცოდვისადმი, როგორც მას ეკლესია ვუწოდებთ. ამ ნორმიდან გადახრის ლეგალიზაციის, ამ მოვლენის პროპაგანდირების წინააღმდეგია. ვიცით, ამას მრავალი ადამიანი ეწინააღმდეგება. ისინი საწინააღმდეგო აქციის მოწყობას ფიქრობენ", - განაცხადა მამა თეოდორემ.
მისი თქმით, ეკლესიას, ღვთის მსახურებისთვის, ხალხის მდგომარეობა სულ ერთი არ არის, ასევე სულ ერთი არ არის იმ ადმიანების მდგომარეობა, რომლებიც შესაძლოა ჯანსაღ პროტესტს გამოხატავდნენ, მაგრამ, ამავე დროს, მათი ქცევა შეიძლება არაკორექტული იყოს. ან მათ 17 მაისს აგრესია გამოავლინონ, ან პრობლემა შექმნან.
"ამიტომსასულიერო პირებმა გადავწყვიტეთ, გამოვიდეთ და გარკვეულად პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე, რომ იქნება სიმშვიდე, სიწყნარე და ეს პროტესტი იქნება უაღრესად მშვიდობიანი, სიტყვიერი - რომ საქართველოს მოსახლეობა უარს ამბობს ამ ცოდვის, ამ მდგომარეობის, ამ გადახრის პროპაგანდაზე", - აღნიშნა მან.
დეკანოზის განცხადებით უფალი ყველას აერთიანებს, სამშობლო ყველასია თუმცა "ვიღაცეებს სურვილი უჩნდებათ, რომ საზოგადოება მიდრეკილებებით დაყოს და ისედაც დაქსაქსული ქვეყანა კიდევ უფრო დაქსაქსოს".
"ამ აქციებით შფოთი შემოაქვთ. როდესაც ჩვენი ქვეყანა ასეთი პრობლემების წინაშეა, ამ დროს ახალი შფოთის, განხეთქილების შემოტანა მიუღებელია. ასევე, გვაინტერესებს საიდან ფინანსდებიან, რატომ იხარჯება გრანტები, რომ ხალხმა ამგვარი აქცია მოაწყოს. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ: ეს არის ცოდვა, ღვთის წინაშე ადამიანის მძიმე მდგომარეობა. გამოვალთ უპირველეს ყოვლისა, რომ ვთქვათ რომ ეს არ შეიძლება. ხოლო ვინც ამგვარ მდგომარეობაშია, გულში ვიკრავთ და დავეხმარებით, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეს", - აღნიშნა მან.
მამა თეოდორეს თქმით, ცნობილია, რომ 17 მაისს 11:00 საათზე ფილარმონიასთან ინტელიგენციის წარმომადგენლები, თბილისის საზოგადოება იკრიბება, რომელიც რუსთაველის გამზირით მთავრობის სახლთან მივა.
"ყველას მოვუწოდებთ იყოს, მშვიდად წყნარად. პოზიციის გამოხატვის ფორმა იქნება მხოლოდ სიტყვიერი. ვინც აგრესიას გამოავლენს მათ ეკლესია ემიჯნება და ჩვენი მხრიდან იგმობა კიდეც. იმასაც ვიტყვი, რომ თუ რომელიმე ადამიანს, რომელიც ამგვარ უმცირესობაშია, ვინმე შეურაცხყოფს, დაჩაგრავს იმის გამო, რომ ამ მდგომარეობაშია, ჩემთან მოვიდეს ეს ადამიანი და მე ვიყვირებ: რატომ ჩაგრავთ ამ ადამიანს?", - განაცხადა მამა თეოდორემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველოში "ასეთი ადამიანები არ იჩაგრებიან", მათ თანამდებობებიც აქვთ და განათლებასაც იღებენ. და ეს ყველაფერი "ღია კარის მტვრევას ჰგავს".
"ასე, რომ მოსახლეობა 17 მაისს 11:00 საათზე ფილარმონიასთან იკრიბება. ჩვენ ვეცდებით ვიყოთ თქვენთან ერთად და მაქსიმალურად დავიცავთ სიმშვიდეს, სიწყნარეს და ერთგვარად ბუფერულ ზონასაც კი გავაკეთებთ ამ ორ ხალხ შორის - თბილისის მოსახლეობასა და ამგვარი მიდრეკილების მქონე ადამიანებს შორის, რომ მათ შორის შეხლა-შემოხლა არ მოხდეს. პირიქით, ვეცდებით, რომ სიმართლე ითქვას და ამ სიმართლის შემდეგ იქნებ მრავალ ადამიანს გაუჩნდეს სურვილი თავის მდგომარეობას გადახედოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება გადაწყვიტოს", - აღნიშნა მამა თეოდორემ.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ორგანიზებით, 17 მაისს რუსთაველზე ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერული) პირები აქციას გამართავენ. აქციას, რომელიც 13.00 საათზე გაიმართება, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შეუერთდებიან. გარდა ამისა ლგბტ პირების მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, შეკრებას მართმადიდებლური ეკლესიის წევრები და ამ აქციის მოწინააღმდეგე ადამიანებიც აპირებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქზე" გავრცელდა. როგორც დაანონსდა, 17 მაისს, დილის 11:00 საათზე, ფილარმონიასთან, "ქართველი ერის შეკრება ეწყობა".
მასალის გამოყენების პირობები






