"ბიბისის" ცნობით, აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი თურქეთს ემუქრება და ამავდროულად, თავის მომხრეებს ერაყის ქალაქ მოსულის დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით ISIS-ის ძალები ქალაქს არ დატოვებენ. ალ-ბაღდადის თქმით, ის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ნახევარსაათიანი ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.
თუკი ჩანაწერი ნამდვილია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ალ-ბაღდადის პირველი მიმართვაა. მისი ხანგრძლივი დუმილის გამო, მედიაში წერდნენ, რომ ISIS-ის ლიდერი ლიკვიდირებულია.
„ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის მიმართვა ჯიჰადისტებისგან მოსულის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ერაყის ჯარი უკვე შევიდა მოსულში.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ერაყის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის ხელმძღვანელობის მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ეხმარება.
ქალაქ მოსულის დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ.
მოსული ერაყში ტერორისტული დაჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია. ხელისუფლების განცხადებით, მისი გათავისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას ნიშნავს.
სწორედ მოსულში განაცხადა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა ხალიფათის შექმნის შესახებ.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ორი წლის წინ, ექსტრემისტების მიერ ქალაქის დაპყრობამდე იქ ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






