,,სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი ფაქტობრივად დანიშნულია.
_,,ქართულმა ოცნებამ" დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მრგველაშილი. ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის შეფასებები და თითქმის მათი უმრავლესობა მარგველაშვილს პრემიერ-მინისტრის პირად გადაწყვეტილებას უწოდებს. თქვენ რამდენად მიგაჩნიათ ეს კოალიციის საერთო გადაწყვეტილებად?
_პირდაპირ ითქვა ერთი რაღაც, "ქართული ოცნება" ვისაც დაასახელებს და მე ვისაც დავასახელებ, ქართველი ხალხიც ვალდებულია იმას დაუჭიროს მხარიო. პრეზიდენტის ინსტიტუტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე პრემიერის ინსტიტუტი. როგორც ცნობილია, ისინი კონსტიტუციის ცვლილებასაც არ აპირებენ და ფაქტობრივად დანიშნა. როგორც ვხედავთ, ასეა თუ ისეა, სახელმწიფიებრივი რესურსი, ანუ ის რესურუსი რაც ახლა ხელისუფლებას გააჩნია, მისცა მარგველაშვილს. ანუ დაუჭირა მხარი და ფაქტობრივად დანიშნულია. ეჭვი არავის არ ეპარება იმაში, რომ მარგველაშვილი გაიმარჯვებს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებდნენ, ახლა პრაქტიკულად ხელუხლებლად რჩება.
_ამ ვითარებში, როცა პრეზიდენტი, კონსტიტუციის თანახმად, კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური გამოცდილება, რომელსაც ხშირად უწუნებენ კიდეც ოპონენტები, არის თუ არა საკმარისი იმისათვის, რომ მან სრულად გაართვას თავის პრეზიდენტისათვის დაკისრებულ მოვალეობას?
_სიმართლე რომ გითხრათ, მარგველაშვილის კანდიდატურის დასახელების შემდეგ, მე გადავხედე მის ბიოგრაფიას და პოლიტიკურ განცხადებებს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მიუხედავა იმისა, რომ შეიძლება თავის საქმეში პროფესიონალი იყოს და ძალიან კარგი პიროვნება იყოს, ძალიან შორს არის და არ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც პირადად ჩემთვის საქართველოს პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს.
_საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენ შალვა ნათელაშვილს გამოუცხდეთ მხარდაჭერა. როგორ ფიქრობთ, მთლიანად ოპოზიციამ ერთხელ მაინც რომ გადაწყვიტოს და ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი დააყენოს, არის თუ არა შანსი იმისა, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს?
_დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, ის ოპოზიცია და პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც პარლამენტს გარეთ არის დარჩენილი, არავინ არ თვლის რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაა, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არც ოპოზიციად და არც პოზიციად არ განიხილება. აქედან გამომდინარე თუ ვილაპარაკებთ საერთო კანდიდატზე, სამი კანდიდატი უკვე არის, "ქართული ოცნების", "ნაციონალური მოძრაობის" და არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი. ამ ვითარებაში, ოპოზიციაში არც ყოფილა მცდელობა, რომ ვინმეს რაღაც კონსულტაციები დაეწყო და ვინმეს რაღაც მოლაპარაკებები ეწარმოებინა ერთმანეთთან, თუმცა, გავიხსენოთ ეროვნული საბჭოს დროს რა მოხდა, როცა შალვა ნათელაშვილმა დააყენა კანდიდატურა, იგივე დავით გამყრელიძემაც, მიუხედავად იმისა, რომ ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი იყო. ამდენად, ეს მე დღვენადლე ვითარებაში, ქვეყანაში შეუძლებლად მიმაჩნია. ვთქვათ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც სხვებთან კონსულტაციის გარეშე, პირდაპირ გამოდიან და რომელიმე კანდიდატს, ვთქვათ, ნინო ბურჯანაძეს უჭერენ მხარს და როცა არც დაგვლაპარაკებიან, ასეთ დროს როგორ უნდა დაუჭირო მხარი? აქედან გამომდინარე ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო. მითუმეტეს, შალვას უკვე დაწყებული ჰქონდა აქტიური კამპანია შუალედურ არჩევნებამდე, ისედაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 2010 წელს შალვა ნათელაშვილმა დიდი მხარდაჭერა გამოგვიხატა, მე პირადად კენჭს ვიყრიდი და ჩვენი ეს თანამშრომლობა ერთი დღის არ იყო. შესაბამისად, ეს ურთიერთობებიდან გამომდინარე ხდება და რაც შეეხება ვითარებას, ხშირად მსმენია მოსახლეობისგან, რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა გაგვიმტყუნა იმედები, "ნაციონალურმა მოძრაობამ" რაც აკეთა 9 წლის განმავლობაში, ყველამ კარგად ვიცით და აი, გავბრაზდები და შალვა ნათელაშვილს დავუჭერ მხარს. იმედგაცრუებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ვერ მიდიან და არ მიდიან "ნაციონალურ მოძრაობაში" და ეძებენ ისეთ ალტერნატიულ ვარიანტს, როგორიც შალვა ნათელაშვილია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანის რეიტინგი კიდევ აიწევს.
_მთავარ პოლიტიკურ მოვლენას რომ შევეხოთ, გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, მინისტრის პირველი მოადგილის, გელა ხვედელიძის დაკავებასთან დაკავშირებით. ამ ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საუბარია იმაზეც, რომ ხვედელიძეს ,,ხელი შეაწმინდეს" და მის გარდა სხვა მაღალჩინოსნების საქმეც უნდა გადაიხედოს...
_მე არ ვიტყოდი, რომ გელა ხვედელიძეს ხელი შეაწმინდეს, ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა. "ქართული ოცნება" პირველად რომ გამოჩნდა პოლიტიკურ სივრცეში, ძალიან ხშირად იყო საუბრები და განსაკუთრებით, ლაშა ამირეჯიბის და ამ გუნდის მხრიდან, რომლებიც არჩევნებზე ხმამაღლა ლაპარაკობდდნენ, რომ ბიძინას გარემოცვაში გელა ხვედელიძე და ნაცვლიშვილი ივანიშვილს სახელს უტეხავდნენ. ამიტომ, ეს დღეს დაწყებული, ფარესიშვილის სკანდალთან მიბმული არ მგონია რომ იყოს. კვერცხის ბიზნესთან რა ჩანაწერებიც გავრცელდა, ეს დიდიხანია ალბათ გროვდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც რაღაცას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეწირება, ეს ერთი დღის ამბავი არ შეიძლება რომ იყოს, მე ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები კიდევ გაგრძელდება. მე ერთი რამ დავინახე მინიტრის განცხადებაში, ის თვლის, რა კამპანიაც იყო გელა ხვედელიზის, ლაშა ნაცვლიშვილის და ხუხაშვილის მიმართ, ეს იყო ცილისმწამებლური კამპანია, ხცვედელიძეს ეს არ უნდა შეშლოდა და ამიტომ არის ეს ადამიანი დაკავებული, თორემ ის, რაც ამ ადამიანების მიმართ ბრალდებები მოდიოდა, მინისტრი ცილისწამებად თვლის. აქედან გამომდინარე თუ რაიმე სერიოზული ფაქტია და ის ჩანაწერი, რაც გელა ხვედელიძის წინააღლდეგ გამოვიდა, ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება და ამას მარტო გელა ხვედელიძე ვერ გააკეთებდა და მგონია, რომ აქ სხვა ადამიანებიც არიან ჩარეულნი. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებიც გამოჩნდნენ, თუ ნახეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკანდალში, ეს ასე მარტივად არ დასრულდება.
_ძალიან ნაადრევი ხომ არ არის ახალი ხელისუფლების პირობებში, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე კორუფციულ სქემებში არიან გახვეულნი?
_არასასურველი ფაქტორია რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელიც იყო, როდესაც ახალი ხელისუფლება მოდის, ყოველთვის ხდება ასეთი რამ. ერთ რამეს ვხედავ და სწორად მიმაჩნია, როცა ახალი ხელისუფლება არ ინდობს თავისი გუნდის წევრებს და დასჯის მექანიზმების უფრო მეტად არის გამკაცრებული ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრთან მიმართებაში ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხდება. ჩვენ სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვსაუბრობთ, მაგრამ რა ხდება ციხეებში და რა ხდება სასჯელ აღსრულებაში? მგონი ყველას კარგად ესმის ეს, ქვეყანაში არის იგივე მდგომარეობა, რაც ციხეში ხდება. ციხეში ხდება წამლის შეტანა, ვიგებთ, რომ ციხეში წამლისგან ადამიანები იღუპებიან, ადგილი აქვს ციხეებში თვითმკვლელობას და ა.შ. რაზეც ხმას არავინ არ იღებს. თუ პოლიტიკური ბრძანება არ იქნება გაცემული, მაშინ ციხეში მოხდება ასეთი რამ - პატიმარი იქნება ზედამხედველი და ზედამხედველი იქნება პატიმარი. ასეთი რამ არ შეიძლება რომ მოხდეს. თუმცა, ისედაც ვხედავდით, რომ სუბარი ვერ უძღვებოდა ამ უწყებას, აქ ცოტა სხვა სპეციფიკაა საჭირო. ყველა უწყებაში გამოჩნდა სერიოზული ხარვეზები. ამას ალბათ მთავრობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დასჭირდება, ამაზე განცხადებას კი არავინ აკეთებს.
ანანო კვაჭანტირაძე
,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






