პუტინის თქმით, რუსეთი არ აპირებს ვინმეს თავს დაესხას.
"რა თქმა, უნდა ძალიან სასიამოვნოა და ზოგჯერ სასარგებლოა საკუთარი თავის ბარბაროსებისგან ცივილიზაციის დამცველად წარმოჩენა. თუმცა საქმე იმაშია, რომ რუსეთი არ აპირებს, ვინმეს თავს დაესხას" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში, საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ „ვალდაიში“ გამოსვლისას.
პუტინმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზეც და მასზე რუსეთის შესაძლო გავლენაზეც ისაუბრა.
„ნუთუ, მართლა სერიოზულად ფიქრობს ვინმე, რომ რუსეთს ამერიკელი ხალხის არჩევანზე გავლენის მოხდენა შეუძლია? ამერიკა ბანანის ქვეყანა ხომ არ არის? ამერიკა - დიდი სახელმწიფოა. თუ არასწორი ვარ, შემისწორეთ" - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, მომავალი არჩევნების ფონზე, აშშ-ის პოლიტიკური ელიტა რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს და რუსეთს არამეგობრულ იმიჯს უქმნის. როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მზადაა ამერიკის ახალ პრეზიდენტთან დიალოგის დასაწყებად მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, რათა ნებისმიერ რთულ საერთაშორისო საკითხზე გადაწყვეტილება მოიძებნოს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში პოლიტიკური პროცესების დაწყება და სისხლისღვრის შეჩერება ვერ ხერხდება.
„ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნა უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. არ გაამართლა აშშ-ის პრეზიდენტთან პირადმა მოლაპარაკებებმა“ - დასძინა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






