სამი გახმაურებული და ლეტალური საქმე - რა ხდება სახელმწიფოს მთავარ უწყებაში, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზეა პასუხისმგებელი?!
პოზიცია - 19:50, 26 Oct, 2016     3546
გონიოს ზღვაში დაკარგული მყვინთავები, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბოდბესთან, გარდაცვლილი სამხედრო და „კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე მომხდარი შემთხვევა, რომელსაც ლევან იზორიას უწყება თავდასხმად აფასებს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკანასკნელი სამი თვის მანძილზე სამ გახმაურებულ და ბურუსით მოცულ საქმეებზე განცხაებების განცხადებებზე კეთება უწევს.

რა ხდება უწყებაში, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხარისხზე პირდაპირპროპორციულად არის პასუხისმგებელი?

„ის, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს თავდაცვის უწყებაში, ეს არის ნათელი, პრობლემები არის შედეგი იმ ოთხი წლის მმართველობის, რომელიც მიდის ამ სისტემაში და რომელიც უკავშირდება ბუნებრივია „ქართულ ოცნებას“, სისტემას, რომელიც ჩვენ მათ დავუტოვეთ, მდგრადობის კოეფიციენტი ჰქონდა ძალიან მაღალი, ამ სისტემამ გაძლო რამდენიმე წელი, მაგრამ იმდენად მონდომებული მავნებლები არიან, რომ ეს მდგრადობის კოეფიციენტი რაღაც მომენტში ამოიწურა, პრობლემა გვაქვს იმასთან, რომ საკითხი ეხება სისტემატურ დანაშაულს, გადაცდომებს. ეს არ არის ცალკეული შემთხვევები. სისტემა არის დაავადებული და სჭირდება დახმარება, იმისთვის რომ დაეხმარო, უნდა აღიარო, რომ პრობლემა არსებობს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არ აღიარებს ამ პრობლემების არსებობას“, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

2016 წლის 16 აგვისტო - თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, გონიოს ზღვაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის დაკარგვის შესახებ. შემდგომში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზღვაში ხორციელდებოდა მყვინთავების წვრთნები, აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარ ფაქტამდე რამდენიმე ბალიანი შტორმი მძვინვარებდა. სამძებრო ოპერაციებში ჩაერთო თურქული ხომალდი, თუმცა უშედეგოდ, დაკარგული სამხედროების პოვნა ვერ მოხერხდა, 31 აგვისტოს ოპერაცია შეწყდა. კაპრალ იაგო შარაძისა და რიგით გიორგი ნანეტაშვილის ოჯახის წევრები სამძებრო ოპერაციის გაგრძელებას და ცხედრების პოვნას მოითხოვდნენ. საუბარი იყო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ინსტრუქტორის მხრიდან გარკვეულ გადაცდომაზე. თუმცა, თურქული ხომალდი ძიების პროცესს რამდენიმე დღეში გამოეთიშა, 31 აგვისტოს კი წყალქვეშ ძებნა საბოლოოდ შეწყდა. სამხედრო მოხელეები ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, ამისთვის პასუხისმგებელი პირი, გამოძიების მიმდინარეოების დეტალები და საქმის არსებითი გარემოებები უცნობია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

„ამჟამინდელი მინისტრისთვის პირველი ზარი მყვინთავების დაკარგვის მომენტში დაირეკა. იმის ნაცვლად, რომ მიეღო გადამჭრელი ზომები, ესაუბრა პრობლემების შესახებ, რომლებიც მას ერგო ხიდაშელის შეცდომებიდან გამომდინარე, ამის ნაცვლად წავიდა სხვა გზით, დაიწყეს ამ პრობლემის მიჩუმება და საზოგადოების აზრის განეიტრალება“, - აცხადებს შაშკინი.

2016 წლის 21 აგვისტო - თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, “კამაზის“ მარკის სამხედრო ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადავარდნის შესახებ. ავტომობილში 37 სამხედრო იმყოფებოდა, შემთხვევის შედეგად მათ მიიღეს ფიზიკური დაზიანებები, ერთი მათგანი გარდაიცვალა. ლევან იზორიას უწყების ცნობით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო- ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

„მივიღეთ მეორე, ბოდბე. პირველ შემთხვევაზე სამინისტროს რეაგირება რომ ყოფილიყო შესაბამისი, მეორე შედეგი არ დადგებოდა. ვსვამ კითხვას, რა უნდოდათ ამ ჯარისკაცებს ბოდბეში? იქ არანაირი სამხედრო ობიექტი არ არის, რატომ მოძრაობდნენ ისინი ყველანაირი წესის დარღვევით, რომელიც ეხება ცოცხალი ძალის გადაყვანის წესებს? მყვინთავების თემაც იგივე იყო. თავდაცვის სამინისტრომ არ დასვა მარტივი კითხვა, თუ არის შტორმი, რატომ იღებს კონკრეტული ხელმძღვანელი პასუხისმგებლობას, რომ შტორმის დროს ჩაატაროს ეს წვრთნები? რატომ არ ფიქრობს იმაზე, რომ ყველაზე დიდი ფასეულობა რაც გაგვაჩნია, ეს არის ადამიანის სისცოცხლე?“, - დასძენს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჩვენთან საუბრისას.

„ნიუპოსტი“ ბოდბეში მომხდარ ფაქტთან მიმართებით დაინტერესდა, აცილებდა თუ არა ავტომობილს, რომელშიც სამხედროები ისხდნენ, სამხედრო პოლიციის ესკორტი. როგორც წესდებით არის განსაზღვრული, სამხედრო პოლიციის მანქანები, მაშინ როცა ხდება ცოცხალი ძალის გადაყვანა, უნდა მიჰყვებოდნენ იმ ავტომობილს, რომელშიც სამხედროები იმყოფებიან. ჩვენ აღნიშნული კითხვით თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად კითხვა - მიჰყვებოდა თუ არა სამხედრო პოლიციის ესკორტი „კამაზის“ მარკის ავტომობილს, რომელშიც სამხედროები იმყოფებოდნენ - პასუხგაუცემელი რჩება.

2016 წლის 23 აგვისტო - თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე. როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სამხედრო ბაზაზე სამი პირი შევიდა, გუშაგმა მათი აღმოჩენის შემდგომ, მოახდინა გასროლა, რამაც ერთი პირის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევას 23 წლის გიგა შენგელია შეეწირა. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

„ფაქტია, რომ სისტემატურად ირღვევა კანონი და წესი. სისტემატურად შედიან უცხო პირები, ამას აღიარებენ საჯაროდ, მშობლებმაც თქვეს, საუბარიც მიდის ამაზე. ანუ ვიღაცასთან იყო გარკვეული მოლაპარაკება როდესაც შედიოდნენ, შემთხვევით გადაეყარნენ ამ გუშაგს, რომელმაც შეასრულა თავისი მოვალეობა, ვალდებულება შეასრულა ობიექტის დაცვის კუთხით, სამინისტრო იმის ნაცვლად რომ დასაჯოს, გამოავლინოს დამნაშავეები, ცდილობს ამ პრობლემის მიჩუმებას. ამ შემთხვევაში, განსხვავებით ბოდბისა და მყვინთავების საქმისა, საქმე ეხება ნატო-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიცრების უსაფრთხოებას. შეიძლება გააჩუმონ ოჯახის წევრები, როგორც ჩანს ბერკეტები აქვთ, მაგრამ ამერიკის მთავრობასა და ბრიუსელს ვერ გააჩუმებენ, ისინი ბუნებრივია, დასვამენ საკითხს. შესაძლოა ვიღაცები დაარწმუნონ თავისი ბერკეტების გამოყენებით, მაგრამ ბრუსელს და ვაშინგტონს ვერ დაარწმუნებენ, რომ კრწანისის სამხედრო ცენტრი „მაკდონალდსია“, - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

სამხედრო ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე მომხდარი ფაქტის გამოძიება სამართლიანად უნდა ჩატარდეს, მის დასრულებამდე კი არ უნდა გაკეთდეს განცხადებები, რომლებიც გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენას იქონიებენ.

ხარშილაძე თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გარკვეული შეფასებები ნაადრევად გააკეთა, რადგან გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სამხედრო პოლიციაა, იზორიას განცხადებამ კი გამოძიების მსვლელობაზე შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს:

„კრწანისის ბაზაზე მომხდარი ამბავი, არის უზარმაზარი ტრაგედია, ძალიან ცუდია, როდესაც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეს უწევს საკუთარი მოქალაქის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება. ჩემი აზრით ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, რომელიც არაემოციურად და აბსოლუტურად სამართლიანად, გამჭვირვალედ არის ჩასატარებელი, ნაადრევი და არასწორი იყო თავდაცვის მინისტრის განცხადება, ასევე კვლავ აგრძელებს იმის თქმას, რომ დაცვაში მყოფი ადამიანი იყო მართალი, შესაძლოა რომ ეს ასეც იყოს, მაგრამ გამოძიება სანამ არ დასრულდება სიმართლისა და ტყუილის შესახებ საუბარი არ იქნება სწორი. ის, რომ თავდაცვის მინისტრი აკეთებს ამ განცხადებას და გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე არის სამხედრო პოლიცია, რომელიც ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს, ძალიან ცუდ ტენდენციას შექმნის. ბევრი კითხვის ნიშნებია“, - აცხადებს ხარშილაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.

თავდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კი, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის მზად მნიშვნელოვან უწყებებში მინისტრების პოლიტიკური ნიშნით დანიშვნისთვის. არსებული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი, ხარშილაძის თქმით შესაძლოა სწორედ ეს მიდგომა იყოს:

„საქმე ის არის, რომ გასაგებია, ბატონი ლევანი კარგი იურისტია, მაგრამ საქართველოში დგას ის პრობლემა, რომ ვაგრძლებთ მნიშვნელოვან უწყებებში პოლიტიკური კუთხით დანიშვნას მინისტრების, რისთვისაც საქართველო არ არის მზად. უკეთესი იქნებოდა პროფესიონალურად რომ ვუდგებოდეთ ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ეს დამთხვევაა იზორიას მინისტრობის პერიოდში სამი ფაქტი რომ დაფიქსირდა. თუმცა, „კრწანისზე“ დავამატებ, რომ უარყოფითად ვარ განწყობილი იმ რეაქციებზე, რაც გამჟღავნებიდან რამდენიმე საათში გაკეთდა“, - დასძენს ექსპერტი.

„კრწანისის“ სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას ოჯახის წევრები გამოძიების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებას მოითხოვდნენ. გარდაცვლილის მამა რომან შენგელია, აცხადებდა, რომ მისი შვილი აღნიშნულ სამხედრო ბაზაზე არაერთხელ შესულა, ასევე აღნიშნავდა, რომ ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, აპროტესტებდა იარაღთან დაკავშირებულ ფაქტს და აღნიშნავდა, რომ გიგა შენგელიას იარაღი არასდროს ჰქონია. იყო მრავალი დეტალი, რომელიც უკანასკნელი დღეების მანძილზე რეზონანსული გახდა. თუმცა, დღეს რომან შენგელია შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, რომლის დათვალიერების შემდეგაც ჟურნალისტებისთვის კომენტარები გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ჰქონდა სამი კითხვა და ამომწურავი პასუხები მიიღო. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შევიდა მისი შვილი დაცულ ბაზაზე, მან უპასუხა: „ალბათ მოსაპარად“.

სამი გახმაურებული, ლეტალური საქმე, ორი ზღვაში დაკარგული და ერთი გარდაცვლილი, ათობით დაშავებული სამხედრო მოხელე და საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დაცულ სამხედრო ბაზაში შეჭრილი სამი უცნობი, რომელთაგან ერთ-ერთი გუშაგის მიერ წესდებით გათვალისწინებულ ქმედებას შეეწირა... რა ხდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42