როგორც ოფიციალური ანკარას წარმომადგენლები აცხადებენ, თურქული სამხედრო ძალები მოსულის მახლობლას „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ოფიციალური ანკარას მტკიცებით, თურქული არტილერია ქურთების საბრძოლო შენაერთებს, მოსულთან 12 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბაშიქისთვის ბრძოლისას დაეხმარა, თუმცა ერაყის ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
სამთავრობო ძალებმა და ქურთული პეშმერგას შენაერთებმა ქალაქი ბაშიქი დაიკავეს, თუმცა ჯიჰადისტებისგან მისი სრულად გაწმენდა ამ დრომდე ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ერაყის სამთავრობო არმიამ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.
ერაყის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის ხელმძღვანელობის მოქმედი საერთაშორისო კოალიცია ეხმარება.
ერაყის ჩრდილოეთ პროვინციაში მდებარე, სიდიდით მეორე ქალაქზე შეტევა, შესაძლოა 2003 წლის შემდეგ, შეერთებული შტატების მეთაურობით შექმნილი კოალიციის მიერ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია იყოს.
ქალაქ მოსულის დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები 2014 წლის ივნისიდან აკონტროლებენ.
მოსული ერაყში ტერორისტული დაჯუფება "ისლამური სახელმწიფოს" უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია. ხელისუფლების განცხადებით, მისი გათავისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვებას ნიშნავს.
სწორედ მოსულში განაცხადა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა ხალიფათის შექმნის შესახებ.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
ორი წლის წინ, ექსტრემისტების მიერ ქალაქის დაპყრობამდე იქ ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
მასალის გამოყენების პირობები






