ამის შესახებ რაიფ ბადავის ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი, ეველინ აბითბოლი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
წყაროს ვინაობა არ სახელდება, მისი თქმით ხელისუფლება რაიფის გაროზგვის პროცესის ბოლომდე მიყვანას ციხეში აპირებს.
„ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს“ - აცხადებს აბითბოლი.
2012 წელს საუდის არაბეთის სასამართლომ, ისლამის შეურაცხყოფის ბრალდებით, ბლოგერს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ფულადი ჯარიმა და მათრახის 1 000 დარტყმა მიუსაჯა. 50 დარტყმა მან იანვარში მიიღო. ბლოგერი საჯაროდ გაროზგეს. თუმცა, 1 000 დარტყმა , მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შესრულდა.
ბადავს Liberal Saudi Network -ი, ონლაინ ფორუმი ჰქონდა, რომელზეც რელიგიური და პოლიტიკური დებატები იმართებოდა. საუდის არაბეთის განცხადებით, მისი დაპატიმრების მიზეზი „ელექტრონულ არხებში ისლამის შეურაცხყოფა” გახდა. ბლოგერმა „ღმერთის წინაშე მონანიებაზე“ უარი განაცხადა, რის შემდეგაც მას სასჯელი დაეკისრა.
ბადავის გასათავისუფლებლად საბრძოლველად, ეველინ აბითბოლმა ბლოგერის ცოლთან ერთად ფონდი დააარსა. ფონდი საუდის არაბეთთან ურთიერთობის მქონე ქვეყნებს ბლოგერის მხარდაჭერისკენ მოუწოდებებს.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა კანადა აღმოჩნდა, რომელმაც ბადავის ცოლსა და სამ შვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
2015 წლის ოქტომბერში ბლოგერს ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა. სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს, ევროპარლამენტმა დააწესა. პრემია კერძო პირებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






