ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისგან თავი შეიკავეს.
სამიტის პირველ დღეს, ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის ქმედებები სირიაში მკაცრად დაგმეს. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის სტრუქტურის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს სისხლისღვა და სამხედრო მოქმედებები, თუმცა სირიაში, ალეპოს დაბომბვის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ.
შესაბამისად, რუსეთის წინააღმდეგ, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩა, სირიიაში განხორციელებული ქმედებებისთვის კი სანქციები არ დაწესებულა.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა იტალიის პრემიერ-მინისტრიც.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი მზად არის დიალოგისთვის, თუმცა დემოკრატიული ღირებულებისა და პრინციპების წინააღმდეგ კომპრომისზე არ წავა.
შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში, რუსეთმა სირიის ქალა ალეპოს დაბომბვა განაგრძო. 20 ოქტომბერს კი რუსეთმა გაეროს აცნობა, რომ სამი დღის მანძილზე, 11 საათის განმავლობაში ალეპოს არ დაბომბავს.
სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სტეფან დე მისტურას განცხადებით, ორგანიზაცია მიესალმება „ცალმხრივ ჰუმანიტარულ პაუზას“, რომელიც მოსახლეობისა და საბრძოლო ზონაში დაჭრილი ადამიანების ევაკუაციას ემსახურება.
მისივე თქმით, აუცილებელია, „ჯაბჰატ ან-ნუსრას“ ბოევიკები ქალაქის დატოვებას დათანხმდნენ. გარდა ამისა, გაეროს სურს გარანტია მიიღოს, რომ სირიის მთავრობა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს ადგილობრივ ადმინისტრაციას გადასცემს.
დღეს, ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული 11-საათიანი ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა, თუმცა ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის.
"ბიბისის" ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება რვა ჰუმანიტარული დერეფნით შეეძლებათ. ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადეს ამბოხებულებმა.
სირიაში ომი 5 წელია გრძელდება. კონფლიქტის მონაწილე წარმოადგენს მხარეებს პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერები, სამთავრობო ჯარები და ამბოხებულები, სხვადასხვა დაჯგუფებები, ქურთი ამბოხებულები, ასევე რადიკალური ექსტრემისტები - ტერორისტული დაჯგუფებ „ისლამური სახელმწიფო“ .
2014 წელს საერთაშორისო სამხედრო კოალიცამ , რომელსაც აშშ მეთაურობს, ასადის თანხმობის გარეშე, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიაიერიშები დაიწყო.
2015 წლის 30 სექტემბერს კონფლიქტში რუსეთი ჩაერთო, როგორც რუსული მხარე აცხადებს, ბაშარ ასადის თხოვნის შედეგად. ვლადიმერ პუტინის თქმით, ოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება მას ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციის პოზიციებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში აშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის 7 დღიანი რეჟიმის შემდეგ, მხარეები სირიაში მოქმედი ჯიჰადისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ ერთობლივ საჰაერო ოპერაციებს დაიწყებენ.
12 სექტემბრიდან გამოცხადებული ზავი რამდენიმე ინციდენტის შემდეგ დაირღვა.
დაიბომა ქალაქ ალეპოს რამდენიმე რაიონი. მოგვიანებით კი სირიაში, ალეპოს მახლობლად ჰუმანიტარულ დახმარებით დატვირთული ავტოკოლონა დაბომბეს, რომელიც ამბოხებულების მიერ კონტროლირებად რაიონში მიემართებოდა, რის გამოც ვაშინგტონმა მოსკოვთან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები მიდმინარე თვის დასაწყისში შეწყვიტა.
თეთრი სახლის განცხადებით სირიის ქალაქ ალეპოსთან "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ ავტოკოლონაზე ავიაიერიშის დროს ჰაერში სუ-24 ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი დაფრინავდა.
20 ოქტომბერს კი რუსეთმა გაეროს აცნობა, რომ "ჰუმანიტარულ პაუზას " აცხადებს და სამი დღის მანძილზე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს.
მასალის გამოყენების პირობები






