ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის ქმედებები სირიაში მკაცრად დაგმეს.
სამიტის პირველ დღეს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის სტრუქტურის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს სისხლისღვა და სამხედრო მოქმედებები.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება გამორიცხული არ არის. მისი თქმით, ევროპა სირიაში რუსეთის ქმდებებისა და კრემლზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს.
„ძალიან რთულია მოლაპარაკებები აწარმოო რუსეთთან ალეპოში მიმდინარე მოვლენების, სამოქალაქო პირებისა და საავადმყოფოების დაბომბვებზე საუბრის გარეშე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და თუ რუსეთის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებები გაგრძელდება, სანქციები შენარჩუნდება“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესაძლებლობა არ გამორიცხეს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმაც.
შეგახსენებთ, რუსეთმა გაეროს აცნობა, რომ სამი დღის მანძილზე, 11 საათის განმავლობაში სირიის ქალაქ ალეპოს არ დაბომბავს.
სირიის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის სტეფან დე მისტურას განცხადებით, ორგანიზაცია მიესალმება „ცალმხრივ ჰუმანიტარულ პაუზას“, რომელიც მოსახლეობისა და საბრძოლო ზონაში დაჭრილი ადამიანების ევაკუაციას ემსახურება.
მისივე თქმით, აუცილებელია, „ჯაბჰატ ან-ნუსრას“ ბოევიკები ქალაქის დატოვებას დათანხმდნენ. გარდა ამისა, გაეროს სურს გარანტია მიიღოს, რომ სირიის მთავრობა ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლს ადგილობრივ ადმინისტრაციას გადასცემს.
დღეს, ალეპოში რუსეთის მიერ გამოცხადებული 11-საათიანი ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა, თუმცა ქალაქში სროლის ხმა კვლავ ისმის.
"ბიბისის" ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება რვა ჰუმანიტარული დერეფნით შეეძლებათ. ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადეს ამბოხებულებმა.
მასალის გამოყენების პირობები






