მე-9 მოწვევის პარლამენტის სრული შემადგენლობა ცნობილი 30 ოქტომბერს გახდება.
მანამდე კი მაჟორიტარ კანდიდატებს მეორე ტურის საარჩევნო კამპანიისთვის ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩებათ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ინფორმაციით, 22 ოქტომბერს ზუგდიდში და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება, ხოლო 30 ოქტომბერს კი 50 ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მათგან 18 თბილისში. ცნობისათვის, პირველივე ტურში დედაქალაქში გამარჯვებული მაჟორიტარები მხოლოდ 4 ოლქში გამოვლინდა.
მეორე ტურში, მოსახლეობას თითქმის ყველგან, არჩევანის გაკეთება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის მოუწევს.
ამ დროისათვის მთავარი ყურადღება აჭარასა და სამეგრელოსკენაა მიმართული. აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატების ასარჩევად მეორე ტური ხუთ ოლქში გაიმართება. ერთმანეთს აქაც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან. ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი სადაც მეორე ტური არ ჩატარდება, ხულოს 73- ე ოლქია. აქ პირველივე ტურში გამარჯვება ანზორ ბოლქვაძემ მოიპოვა.
საერთო სურათი ასეთია: დღეისათვის არსებული მონაცემებით, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ამომრჩეველთა 48,67% - მა დაუჭირა მხარი, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 27,11%-მა, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციას“ კი - 5,01%.
ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 67 გარანტირებული მანდატი აქვს, ენმ-ს - 27, ხოლო „პატრიოტთა ალიანსმა“ საკანონმდებლო ორგანოში 6 დეპუტატის შეყვანა მოახერხა.
საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოყალიბებისათვის „ქართულ ოცნებას“ 9 მანდატი აკლდება, ხოლო მთავარ ოპოზიციურ ძალას - 49.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად ივანიშვილს გუნდს დამატებით 47 ადგილი სჭირდება.
არსებული ვითარება ასეთია, მიმდინარეობს ბრძოლა საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენის წინააღმდეგ. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერის მოწოდებით გამოდის, რომ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს. მიმართვის ავტორები პროდასავლურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი შეფასებით - საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ერთპიროვნულ მმართველობაში აღმოჩენა სერიოზული საფრთხეა.
„ჩვენს ქვეყანას უკვე აქვს გამოცდილება, რომ ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი საკონსტიტუციო უმრავლესობა გამორიცხავს სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანეს საშინაო თუ საგარეო საკითხებზე დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან კონსულტაციების, კონსენსუსისა და დიალოგის შესაძლებლობებს“, — აღნიშნულია წერილში.
ჩააბარებს თუ არა ოპოზიცია ამჯერად მაინც ერთიანობის ტესტს?
პროდასავლური პარტიების მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდაჭერის იდეას ქართილ პოლიტიკურ სპექტრში აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის შეფასებით, არანაირი საფრთხე საკონსტიტუციო უმრავლესობაში არ არსებობს.
კობახიძე სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებას ,,ენმ-ს იაფფასიანი პიარი“ უწოდა, „რომელიც რუსთავი 2-ის მეშვეობით ხორციელდება“.
ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას არ აპირებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის „ქართული ოცნებისთვის“ გადაცემა საშიშია.
პოლიტიკური პარტია ”გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამომრჩეველმა ხმა საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ უნდა მისცეს.
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა შანსია, „ოცნებამ“ ვერ მიაღწიოს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ნებისმიერი მოქალაქის ვალია, მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. აქ არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას, ვინაიდან როგორც ვიცი, ზოგიერთ ადგილას სხვა პარტიების კანდიდატებიც მიიღებენ მონაწილეობას. მნიშვნელოვანი არ არის თუ ვის მისცემ ხმას, მთავარია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის”, - აცხადებს ჯაფარიძე. დეპუტატი არჩევნების მეორე ტურზე წასვლას აპირებს.
„ხმას მვცემ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს ”ქართულ ოცნებას”- აღნიშნავს „გირჩის“ ლიდერი.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თამარ კორძაია საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აკეთებს. უფრო მეტიც, როგორც კორძაია ამბობს, ქუთაისის ამომრჩეველი რომ იყოს, აუცილებლად გიგი წერეთელს აირჩევდა.
“კობა ნარჩემაშვილსა და გიგი წერეთელს შორის, მე რა თქმა უნდა წერეთელს ავირჩევდი” - განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვლის, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში აღმოჩნდება ეს ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს, თუმცა იქვე დასძენს: „აზრს ვერ ვხედავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაში, მითუმეტეს რომ როგორც ჩანს, მათი ლიდერები „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად მოქმედებენ“.
„არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების" დღის წესრიგში კონკრეტული მოწოდება არ დგას, ჩვენ თავისუფალ არჩევანს ვუტოვებთ ჩვენს ამომრჩეველს - ეს განცხადება კი „ნიუპოსტთან“ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ გააკეთა.
„ვთვლით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პოლიტიკური ძალის ხელში აკუმულირება, განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც სხვა ინსტიტუტების მხრიდან ვერ მოხერხდება ამ ძალაუფლების დაბალანსება ბუნებრივია ეს საფრთხის შემცვლელია. ჩვენს ამომარჩეველს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული განწყობა აქვს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" მიმართ, ამიტომ ერთადერთი მოწოდება, რასაც ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები" ვაკეთებთ, ეს არის ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილის მხარდაჭერა. სხვა კანდიდატებს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ“- აღნიშნა კეკენიძემ.
„ნიუპოსტი“ „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიციითაც დაინტერესდა:
"ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხეს, რომ ამომრჩეველი ორი უკიდურესობის წინაშე დააყენეს. "პატრიოტთა ალიანსი" "ნაციონალების" მხარდაჭერას არ აპირებს. ჩვენთვის არჩევნების შედეგი უკვე დამდგარია. ჩვენ მეორე ტურში მონაწილეობას არ ვიღებთ, შესაბამისად ჩვენს აქტივობას ვერ განვახორციელებთ. ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჩვენი ამომრჩევლის დამოკიდებულება იცით, მათ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ მოქმედი ხელისუფლების მიმართაც. თუ მოქალაქეობრივ ვალს მოიხდიან ამომრჩევლები მათი ნებაა, თუმცა "პატრიოტთა ალიანსი" რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას არ აპირებს"- უთხრა "ნიუპოსტს" გოჩა თევდორაძემ.
"ნიუპოსტი" მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებსაც ესაუბრა:
ცნობისათვის, განმეორებით ხმის მიცემა ქალაქ ზუგდიდში და ზუგდიდის რაიონის სამ უბანზე - განმუხურის 38-ე და ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე გაიმართება.
ჯიხაშკარში იმ მიზეზით, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე, კენჭისყრის დასრულების შემდეგ უბანი დაარბიეს, არჩევნები ჩაშლილად გამოცხადდა. განმუხურში კი დარღვევების მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიამ შედეგები გააბათილა.
მეორე ტურში, 65-ე ოლქში - ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან კონჯარია, "ქართული ოცნებიდან" მერაბ ქვარაია დაუპირისპირდებიან. ხოლო ზუგდიდის რაიონში, 66-ე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ლიდერობენ. გაიმართება თუ არა მათ შორის მეორე ტური ეს 22 ოქტომბერს, განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. ცესკოს მონაცემებით ედიშერ თოლორაიამ ხმების 47,37% დააგროვა, სანდრა რულოვსმა კი 45, 71%.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ისინი განმეორებითი არჩევნებისთვის მზად არიან. ქვარაია „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ თუ მცირე ექსესებს არ ჩავთვლით, არჩევნებმა დემოკრატიულ გარემოში ჩაიარა.
„ეს არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო დემოკრატიული, თავიუსუფალი, გამჭვირვალე არჩევნები იყო. პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას საშუალება ეძლეოდა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება და დამოკიდებულება გამოეხატათ საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით. ცალკეულ დარღვევებს რაც შეეხება, თითოეულ მათგანზე ხელისუფლების მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო, დარღვევებს სისტემური ხასიათი არ ჰქონია და ის არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა,“- აღნიშნა ქვარაიამ.
მისი თქმით, ზუგდიდის ოლქში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს.
„მაღალი იქნება მმართველი პარტიის კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა თემშიც. მეორე ტურშიც დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ მერაბ ქვარაიამ.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდოდატის მთავარი კონკურენტი ლევან კონჯარია კი “ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ ხელახალი არჩევნები სამივე ისეთ უბანში ტარდება, რომელშიც ენმ-მ მმართველი პარტიის კანდიდატი დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხა.
„ხელისუფლებამ ყველანაირი რესურსი გამოიყენა, რომ არჩევნები გაეყალბებინათ. დაარნბიეს ოლქები, დალეწეს ყუთები... ჩვენ ზუგდოდსა და სამეგრელოში არჩევნები მოგებული გვქონდა. მიუხედავად, მსგავსი წინააღმდეგობისა მინდა მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს არ დარჩნენ სახლში და არ მისცენ ხელისუფლებას საშუალება მოიპოვონ საკონსტიტუციო უმრავლესობა“- თქვა კონჯარიამ.
„ნიუპოსტი“„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ედიშერ თოლორაისაც დაუკავშირდა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა:
"ნაციონალური მოძრაობა ბევრ რამეს აცხადებს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მათი მოსაზრებები ხშირად მართებულია. მე პირიქით გეტყოდით, რომ სწორედ მათი დიდი მცდელობისა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო დიდი ალიაქოთის ქვეშ, მათდა სამწუხაროდ არ გამართლდა. ის რომ სააკაშვილის მეუღლე მეორე ტურშიც ხვდება, დასანანია, თუმცა მეორე ტურშივე ყველაფერი წესრიგში იქნება და ზუგდიდი თავის საბოლოო სიტყვას იტყვის. არჩევნები ზუგდიდში ჩატარდა ძალიან კარგად თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ უბანზე დაფიქსირებულ არასასურველ მომენტებს, თუმცა ამასაც საკადრისი პასუხი გაეცა სამართალდამცავების მხრიდან. დამნაშავეებმა აგეს პასუხი. სხვა მხრივ არჩევნები ზუგდიდში იყო აბსოლუტურად კანონიერი და დემოკრატიული. რაც შეეხება მოლოდინებს, ის რა თქმა უნდა არც შეცვლილა. ჩვენ ზუგდიდში მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. მოსახლეობას პოლიტიკური კინკლაობა კი არა, სოციალური პრობლემების მოგვარება სურთ და დღემდე და ჩემი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ჩემს მთავარ მოვალეობადაც ამას ვთვლი.", - აღნიშნა თოლორაიამ.
მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ აჭარაშიც. ბათუმის საკრებულოს წევრი, გიორგი კირთაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ აჭარაში 25 ათასზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, რაც, მისივე თქმით, არჩევნების შედეგზე გავლენას იქონიებდა.
„ის შედეგი რაც "ქართულმა ოცნებამ" დაწერა რეალობას არ შეესაბამება და ამას ჩვენს მიერ გავრცელებული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს.
მხოლოდ 2 თუ 3 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა იმდენი ბიულეტენი საარჩევნო ყუთში, რამდენი ადამიანიც რეალურად მოვიდა, სხვა ყველა უბნებში კი ბიულეტენები ჩაყრილია, ანუ ხელმოწერილზე მეტია ბიულეტენი ან პირიქით მოპარულია ხმები. აქ საუბარია 100 ბიულეტენზე მეტის გატაცებაზე. ეს მტკიცებულებები ჩვენ საუბნო კომისიებში, საოლქოშიც გავასაჩივრეთ, თუმცა ერთ ხმაში მღერის ყველა და გვეუბნებიან რომ დარღვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა. ხმის გადათვლის საშუალებაც კი არ მოგვცეს. ერთი უბანიც რომ გადაგვეთვალა კარგად გამოჩნდებოდა, თუ როგორ იყო მოპარული და ჩაყრილი ხმები.
რაც შეეხება მეორე ტურს, ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგი გვექნება, რადგან ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ ივანიშვილს მისი კაპრიზების შემსრულებელი საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა ჰყავდეს“- აღნიშნა კირთაძემ.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






