დიმიტრი შაშკინი: წარმატება და შენელებული მენტალური ცვლილებები
პოზიცია - 02:00, 12 May, 2013     2381


ამაზე ხშირად კამათობენ, ეს საკითხი ყველას აწუხებს, რადგან ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი თავის რეალიზებას და წარმატების მიღწევას ცდილობს.


ამ საკითხთან დაკავშირებით სამი მოსაზრება არსებობს. სამივე აღიარებს, რომ წარმატება დამოკიდებულია განათლების პროცესში მიღებულ ცოდნაზე, განათლების ფორმაზე და პირად თვისებებზე. მაგრამ სამივე განსხვავდება ერთმანეთისგან იმით, თუ რომელ კომპონენტს რამდენი პროცენტი უკავია. პირველი მოსაზრების მიხედვით, ადამიანის წარმატებაში მიღებულ ცოდნას და განათლების ფორმას 80 პროცენტი და პირად თვისებებს 20 პროცენტი უკავია; მეორეს მიხედვით - 40 პროცენტი არის ცოდნა და ფორმა, 60 პროცენტი - პირადი თვისებები; მესამე კი ამტკიცებს, რომ ადამიანის წარმატებაში ცოდნის და ფორმის როლი არის 20 პროცენტი და 80 პროცენტი პირადი თვისებებისა.



მე, პირადად, ყოველთვის მესამე მოსაზრების მჯეროდა. სამი წელი განათლების მინისტრად მუშაობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში. მთავარია, სწორად გვესმოდეს ამ მოსაზრების შინაარსი. არავინ ამბობს, რომ განათლების დროს მიღებული ცოდნა და განათლების ფორმა პირად თვისებებზე ნაკლებად ან უფრო მეტად მნიშვნელოვანია, აქ საუბარია ბევრად უფრო ფილოსოფიურ თემებზე: რას გვაძლევს განათლება, რისთვის სწავლობს ადამიანი და იმისთვის, რომ წარმატებული იყო, საკმარისია გქონდეს დიდი ცოდნა და პრესტიჟული სკოლის ან უნივერსიტეტის დიპლომი?



სკოლაში სწავლისას ხშირად ვკამათობდით იმაზე, თუ რად გვინდოდა ფიზიკა თუ - ქიმია. ხომ გახსოვთ ფრაზა: მენდელეევის ტაბულა ცხოვრებაში რაში დამჭირდება? და ახლაც, როცა 37 წლის ვარ და ჩემი შვილი მეკითხება, სკოლის დასრულების შემდეგ, პრაქტიკაში რამდენჯერ გამოვიყენე აინშტაინის კანონები, ან მენდელეევის ტაბულა, რა თქმა უნდა, პასუხია - ძალიან იშვიათად. მაგრამ, სწორედ აქ არის განათლების არსის მთავარი და უმნიშვნელოვანესი ასპექტი. ეს ასპექტი, სამწუხაროდ, ბევრ მშობელს ავიწყდება. ბავშვებზე ზედმეტია ლაპარაკი. ეს ასპექტი არის ის, რომ განათლება ჩვენში ავითარებს პირად თვისებებს. განათლება არ არის X ინფორმაცია, რომელიც ისე, როგორც კომპიუტერში, თავში უნდა ჩატვირთო და წარმატებული გახდები. სასკოლო განათლება ეფუძნება 8 საბაზისო საგანს: მშობლიური ენა, უცხო ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია. თითოეული ეს საგანი ჩვენში უმნიშვნელოვანეს თვისებებს ავითარებს. მაგალითად, მათემატიკა, ქიმია და ფიზიკა განსაკუთრებულად ავითარებს ბავშვში კრიტიკულ აზროვნებას, რაც მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში, საუკუნეში, სადაც ადამიანის წინაშე მდგომი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კრიტიკული აზროვნების კუთხით ინფორმაციის გადამუშავებაა.



საქართველოში ცოტამ იცის, რომ ჭალლ შტრეეტ-ზე მომუშავე წარმატებულ ბიზნესმენთა შორის, პირველ ადგილზე ისინი არიან, ვისაც მათემატიკური განათლება აქვთ და მეორეზე - ფიზიკოსები. ამ დროს, ბევრ მშობელს ჰგონია, რომ პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი ეკონომიკაში ან ბიზნესში მის შვილს ავტომატურად საუკეთესო მომავალს შეუქმნის. ხშირად მშობლები სტერეოტიპების მძევლები ხდებიან. საქართველოში კი, უმრავლეს შემთხვევაში, ზუსტად მშობლები წყვეტენ, თუ სად ჩააბარებს ბავშვი და რა პროფესიას აირჩევს. ხშირად მცდარი სტერეოტიპების შექმნას ქართული უნივერსიტეტებიც უწყობენ ხელს. მე, მაგალითად, მომიწია იურიდიული ფაკულტეტის დახურვა აგრარულ უნივერსიტეტში და 100-მდე იურიდიულ-ეკონომიკური ფსევდო სასწავლებლების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება. ბავშვი არ უნდა იღებდეს განათლებას ლამაზი ქაღალდისთვის ან იმისთვის, რომ მისმა მშობლებმა მეზობლებთან იტრაბახონ, რომ მათ შვილი პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს. მაგალითად, დღესაც, მცდარი სტერეოტიპების გამო, საქართველო ყოველწლიურად უშვებს შრომის ბაზართან შედარებით 1 200 ზედმეტ ექიმს, რომელთაც, ეკონომიკური მაჩვენებლების და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, თეორიულადაც არ აქვთ შანსი საქართველოში დასაქმდნენ.



როდესაც ამბობენ, რომ ადამიანის წარმატების 80 პროცენტი დამოკიდებულია მის პირად თვისებებზე, ეს ნიშნავს, რომ განათლებამ, რომელიც მან მიიღო (როგორც სასკოლო და საუნივერსიტეტო, ასევე თვითგანათლება), მასში განავითარა თვისებები, რომელიც მას საშუალებას აძლევს, წარმატებული ადამიანი იყოს.



სწორედ ამიტომ განათლების მინისტრობისას ვიყავი სასტიკი წინააღმდეგი, რომ ბავშვებს მასობრივად ექსტერნით დაემთავრებინათ სკოლა 2-3 წლით ადრე. მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც მინისტრს, გამონაკლისის დაშვების უფლება მქონდა, ეს გამონაკლისი მხოლოდ 2-ჯერ დავუშვი. ერთი იყო ძალიან ნიჭიერი ბავშვი და მეორე - მძიმედ ავადმყოფი. წელს 7 000-ით მეტი ბავშვი "გადაახტა" კლასებს და წინსწრებით დაამთავრა სკოლა. ჩემი აზრით, განათლების სამინისტრომ და მშობლებმა დათვური სამსახური გაუწიეს ამ ბავშვებს. ექსტერნის წესით გამოცდები კი ჩააბარეს, მაგრამ ხშირად დაზეპირებით ან ჩაწყობით, მაგრამ ის უნარები, რომელიც მათ ცხოვრებაში დასჭირდებათ, შეიძინეს? მთელ მსოფლიოში საშუალო განათლება 12 წლიანია, იმის გამო, რომ ზუსტად დათვლილია ის დრო, რაც სჭირდება სკოლას, რომ ბავშვებში საჭირო უნარები ჩასახოს. რვავე სავალდებულო საგანი მნიშვნელოვანია, რვავე საგანი ავითარებს ბავშვებში სხვადასხვა უნარებს - ლოგიკიდან დაწყებული, კრიტიკული აზროვნებით დამთავრებული. შესაძლოა, ბევრი მშობელი არ დამეთანხმოს და ჩათვალოს, რომ რადგან თვითონ სწავლობდა 10 წელი, მისმა შვილმაც შეიძლება დაძლიოს პროგრამა 10 წელიწადში. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ის გამოწვევები, რომლებიც ბავშვების წინაშე ახლა დგას, აბსოლუტურად სხვაა, ვიდრე მათი მშობლების წინაშე იყო. მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ჩვენი შვილების კონკურენტები არიან ჩინელი, ინდოელი, ამერიკელი და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები. ქართული ეროვნული სასწავლო გეგმა, იუნესკოს მონაცემებით, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მაგრამ ამ გეგმის არასრული შესრულება, მიღებული ცოდნის გაუფასურებას და სათანადო უნარების შეუძენლობას იწვევს.



ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის წინაშე დიდი გამოწვევა დგას, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარება. ერთხელ გია მურღულიამ (სკოლის დირექტორი) მითხრა: ყველაზე მეტად და ხშირად ბავშვების განათლების პროცესში მე ხელს მშობლები მიშლიან. სამწუხაროდ, ეს ასეა. კიდევ ბევრ მშობელს ჰგონია, რომ საბუთი, დიპლომი, ატესტატი თუ სერტიფიკატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად. არა! საბუთომანია იყო საბჭოთა კავშირის პრეროგატივა და ბევრი ადამიანი ახლაც ძველი სტანდარტებით ზომავს. ასეთი სტერეოტიპები მალე არ იცვლება და არ ინგრევა, მითუმეტეს საქართველოში. საერთოდ, ჩვენთან მენტალური ცვლილება უფრო ნელია, ვიდრე, მაგალითად, ამერიკაში და ამას მარტივი ახსნა აქვს. თუმცა ჯერ მაგალითს მოგიყვებით: რამდენიმე მინისტრი ვხვდებოდით სკოლის წარჩინებულ, საუკეთესო მოსწავლეებს. თითქმის ყველა შეხვედრაზე ჩვენ ერთი და იგივე კითხვას გვისვამდნენ: თუ ეკონომიკა წინ მიდის და სახელმწიფოს ფული აქვს, მთავრობა რატომ არ აშენებს ქარხნებს, რომ ხალხი დაასაქმოს? ამ კომუნისტურმა, უტოპიურმა კითხვამ ჯერ გაგვაკვირვა, რადგან ბავშვში არ შეიძლება დაიბადოს ასეთი მემარცხენე კომუნისტური იდეები, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ სტატისტიკურად, უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოში ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს სამი თაობა - ბებია-ბაბუა, დედ-მამა, შვილები. მაგალითად, ამერიკაში სულ სხვა სტატისტიკაა - იქ აბსოლუტურ უმრავლესობაში ცალკე ცხოვრობს ერთი თაობა ან ორი თაობა 18 წლის განმავლობაში, ანუ როგორც კი ბავშვები 18 წლის ხდებიან, ცალკე მიდიან საცხოვრებლად. რისი თქმა მინდა: ბებიებს და ბაბუებს დიდი გავლენა აქვთ შვილიშვილებზე მენტალური ცვლილებების შეჩერების კუთხით. ჩვენს შემთხვევაში კითხვა ქარხნებზე იყო არა ბავშვის ნააზრევი, არამედ ის, თუ რას ეუბნებოდნენ სახლში.



რადგან შევეხე მენტალურ ცვლილებებს, აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ ჩემი საუბარი მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ ფსიქოლოგთან, რომელიც 2006 წელს ამერიკაში შედგა. ჩვენ ვსაუბრობდით პოსტ-საბჭოურ ქვეყნებზე და ნოსტალგიაზე, რომელიც ასაკოვან ხალხს აქვთ ძველ დროზე. მან მითხრა, რომ ეს არ არის ნოსტალგია წყობაზე ან ეკონომიკურ სიტუაციაზე, ეს არის ნოსტალგია მათ ახალგაზრდობაზე...



ახლა დავუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ კითხვას, თუ რაზეა დამოკიდებული ადამიანის წარმატება. ზემოთ ვცადე, მოკლედ ამეხსნა, თუ რატომ მჯერა მესამე მოსაზრების. ამაზე საუბარი შეიძლება საათების და დღეების განმავლობაში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, თუ ადამიანს არ აქვს შრომის უნარი, არ ან ვერ იღებს რთულ გადაწყვეტილებებს, არ აქვს ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება, როგორი პრესტიჟული განათლებაც არ უნდა მიიღოს, ის ვერ იქნება წარმატებული. ეს თვისებები ვითარდება, როცა ბავშვი სწავლობს სკოლაში, უნივერსიტეტში და ვითარდება არა საგნის დაზეპირებით ან საფეხურებზე გადახტომით, არამედ ვითარდება იმ ინფორმაციის გაანალიზებით და გააზრებით, რომელიც მოდის მშობლიურ და უცხო ენასთან, მათემატიკასთან, ფიზიკასა და ქიმიასთან, ბიოლოგიასთან, გეოგრაფიასა და ისტორიასთან ერთად, ასევე ვითარდება თვითგანათლების მიღებით.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42