მამაკაცი, რომელმაც სოხუმში, ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი აიფეთქა, დონეცკში სეპარატისტების საველე მეთაურის არსენი პავლოვის, მეტსახელად "მოტოროლას" დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც 16 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტში ააფეთქეს. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" რუსული ბიურო გამოცემა Caucasus Times-ზე დაყრდნობით წერს.
ცნობილია მამაკაცის ვინაობაც - სერგეი ტოროსენკო, აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან, ფსოუს პოსტის გავლით ჩავიდა. გამოძიების ინფორმაციით, მას ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შემთხვევით აუფეთქდა. გარდაცვლილს თან აღმოაჩნდა გადამცემი, ასევე რუკა, რომელზეც სოხუმის სახელმწიფო დაწესებულებების ადგილმდებარეობები იყო აღნიშნული.
სააგენტოს ცნობით, სერგეი ტოროსენკოს თანმზრახველებიც ჰყავდა, რომელთაც სამართალდამცავები ეძებენ.
ტოროსენკოს შესაძლო მოტივები უცნობია, თუმცა როგორც ცნობილი გახდა, აფხაზეთში წარსულში ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენლები, მათ შორის “მოტოროლა” და მისი თანამებრძოლები მკურნალობდნენ. მათ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან კონფლიქტიც მოუვიდათ.
შეგახსენებთ, ე.წ საველე მეთაური, ტერორისტი „მოტოროლა“ საკუთარი სახლის ლიფტში 16 ოქტომბერს ააფეთქეს.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საველე მეთაურის არსენ პავლოვის, იგივე "მოტოროლას" მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინულმა ნაციონალისტურმა ორგანიზაციამ Misanthropic Division- მა აიღო.
მასალის გამოყენების პირობები






