კულუარებში კანდიდატებს შორის პაატა ბურჭულაძისაგან გამიჯნულ ხათუნა ლაგაზიძესა და ნატო-ში საქართველოს ყოფილ ელჩს, ლევან დოლიძესაც ასახელებენ. გაიჟღერა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის გვარმაც, თუმცა დასახელებულ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი შანსი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერს ირაკლი ალასანიას აქვს, რომელმაც “პოლიტიკიდან დროებით გასვლაზე“ განცხადება წინა კვირას გააკეთა.
პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.
არის თუ არა ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის პრეზიდენტის რჩეული უცნობია, წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილიც.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა პრეზიდენტის პირდაპირი დისკრეციაა.
„კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის პირდაპირი დისკრეციაა უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა და მისი გადასაწყვეტია როდის და ვისთან დაკავშირებით მიიღებს ამ გადაწყვეტილებას“ - აღნიშნა ბოძაშვილმა.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას კანდიდატურას, მდივნის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ შესაძლო კონსულტაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
„კოსნულტაციების მიმდინარეობაზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ამის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. უშიშროების საბჭო არის ის ორგანო, რომელიც აერთიანებს სახელისუფლებო უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებს მათ შორის პოლიტიკლური ძალებიდან, მათ შორის აღმასრულებელი და მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლებიდან. ამიტომ უშიშროების საბჭოს აპარატს ვინ უხელმძღვანელებს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ სახელისუფლებო შტოებს შორის ეფექტური საქმიანობის წარმართვას. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი, მგონია, რომ ეს სპეკულაციის საგანია“- აღნიშნა ბოძაშვილმა.
დასახელებული კანდიდატებიდან კომენტარი მხოლოდ ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ექსპერტი ამბობს, რომ ყველაზე რეალური კანდიდატი ირაკლი ალასანიაა. მეტიც, ლაგაზიძის პროგნოზით, პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიის გაკეთებას გეგმავს, სადაც ირაკლი ალასანიას ადგილი გარანტირებულად იქნება.
„მას გუნდში პოლიტიკურად გამოცდილი ფიგურები სჭირდება, ასევე მისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანი, რომელსაც ფართო კონტაქტები აქვს დასავლეთთან. ასეთ შემთხვევაში ის ფსონს ისეთ პოლიტიკურ ფიგურაზე დადებს, რომელსაც დასავლეთში გამოცდილებაც და ფართო პოლიტიკური კონტაქტებიც აქვს. ამ კრიტერიუმებით ამ ეტაპზე ამ პოსტზე ალასანია ერთ-ერთი უკონკურენტო კანდიდატურაა.
ლევან დოლიძეს, თინა ხიდაშელსა და დავით უსუფაშვილს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დოლიძეს „მედიაში გავრცელებულ ჰიპოტეტურ მოსაზრებებზე“ კომენტარის გაკეთება არ სურს.
ამ საკითხზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა პოლიტიკურ წრეებში. “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ეკა ბესელიას შეფასებით, ირაკლი ალასანიას აქვს შესაბამისი გამოცდილება, გახდეს უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანი.
“არ ვიცი, ვის შესთავაზებს პრეზიდენტი იმ ვაკანტურ პოზიციას, რომელიც მნიშვნელოვანია. სავარაუდო გვარები სახელდება. ჩვენ ამ პროცესში ჩართული არ ვართ. მისი გადასაწყვეტია, თუ ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. იმედს გამოვთქვამ, რომ ადამიანი, რომელიც უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, თავის კვალიფიკაციით შესაბამისი იქნება საბჭოს სპეციფიკასთან. ირაკლი ალასანიას ბევრი წელი ნამუშევარი აქვს ამ კუთხით. გამოცდილება უთუოდ აქვს. ჩათვლის თუ არა პრეზიდენტი შესაფერისად, ამას ვერ გეტყვით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი ან თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებზე განიხილებიან, უბრალოდ ჭორია, - ეს განცხადება კი ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, არც უსუფაშვილს და არც ხიდაშელს მსგავსი შეთავაზება არ ჰქონიათ.
„მე ვერ ვხედავ დავით უსუფაშვილის ადგილს ამ თანამდებობაზე, გამომდინარე იქედან, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებები შეზღუდულია. 2002-2012 წლებში უშიშროების საბჭოს მდივანს ჰქონდა უზარმაზარი უფლებები. მე უსუფაშვილისთვის არ მემეტება ეს თანამდებობა, მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა, ვიდრე უშიშროების საბჭოს მდივნის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ დავით უსუფაშვილი ან თინა ხიდაშელი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებზე განიხილებიან, უბრალოდ ჭორია,” - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






