ამის შესახებ EPP-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი.
„ევროპის სახალხო პარტია“ ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურს, 8 ოქტომბერს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წევრი პარტიისთვის ნაკლებად სასურველი შედეგი დადგა, პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააჟღერა, რაც გულისხმობს იმას, რომ პარტია ბოიკოტს არ გამოუცხადებს არჩევნების მეორე ტურს და პარლამენტში შევა. „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობა ამ პროცესში დემოკრატიისთვის სწორი გადაწყვეტილებაა“ - ნათქვამია პარტიის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რაც შეეხება თავად EPP-ის პრეზიდენტს, დოლის თქმით, ის ამაყობს „ნაციონალური მოძრაობით.“
„დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და პატივს ვცემ ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანს. მე ვამაყობ , რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება მეორე ძლიერ პოლიტიკურ ძალად ქვეყანაში. ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში უპრეცენდენტო დემოკრატიული რეფორმები გაატარა და დარწმუნებული ვარ, პარტიას ამის გაკეთება კიდევ ერთხელ შეუძლია“ - აცხადებს ჯოზეფ დოლი.
მისი თქმით, ახლა, ისე როგორც არასდროს, ენმ სასიცოცხლო ელემენტია საქართველოშო პლურალიზმისა და დემოკრატიისთვის, რომელიც უნდა დარჩეს ძლიერ პოლიტიკურ ძალად , რათა უზრუნველყოს სისტემის კონტროლი და ბალანსი.
მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტია“ განაგრძოს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კანდიდატების მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.
EPP-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დაღვევის ყველა ფაქტის გამოძიებაა საჭირო, ხოლო დამრღვევებს კი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
მასალის გამოყენების პირობები






