რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარიზში ვიზიტი გადადო.
აღნიშნული ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
მისი თქმით, ვიზიტი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო და შედგება მაშინ, „როდესაც ფრანგული მხარისთვის მოსახერხებელი იქნება.“
ვიზიტის გადადების მიზეზად პესკოვმა ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები დაასახელა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრავ პარიზში, 17 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
დღეს დილით ინფორმაცია გავრცელდა, რომ შეხვედრა დიდი ვარაუდით ჩაიშლებოდა. მედია ამის მიზეზად ფრანსუა ოლანდის განცხადებას ასახელებდა. როგორც ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ სირიის ქალაქ ალეპოში სირიელი და რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაიწყოს.
მეორე ვერსიით, ფრანგულმა მხარემ რუსეთს განუცხადა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა სირიის საკითხს, სხვა საკითხების განხილვა კი არ შედგებოდა. რის შემდეგაც რუსეთმა ოფიციალურ პარიზს ვიზიტის გადადების შესახებ აცნობა.
მასალის გამოყენების პირობები






