1. 2016 წლის 6 ოქტომბერს, 12 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციული საკითხები.
2.2016 წლის 6 ოქტომბერს, 14 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება პლენუმის სხდომა, რომელზეც განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ(ებ)ის წარდგენისა და არჩევის საკითხი.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ განცხადებას იურისტის ლევან ალაფიშვილის მწვავე შეფასება მოჰყვა.
ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ "საკონსტიტუციო სასამართლოს დანგრევის სპეცოპერაცია ფინალურ სტადიაში შევიდა".
იურისტი პროცედურებსაც განმარტავს და ამბობს, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს სხდომები მოსამართლეთა "მიჯირყვნით" ჩაინიშნა.
"ყურადღება! სპეცოპერაცია საკონსტიტუციო სასამართლოს დანგრევისა ფინალურ სტადიაში შევიდა. მოადგილე თავაძემ, იგივე მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-გვენეტაძემ, საკონსტიტუციოს ახალგამწესებული მოსამართლეების მიჯირყვნით ჩანიშნა სხდომა, რომელზეც უნდა გააფორმოს თავმჯდომარეობა. კანონი მოსამართლეებს 14 დღიან ვადას აძლევს იმისთვის რომ დაასახელონ თავმჯდომარეობის კანდიდატები, თავაძემ კი ეს ვადა და უფლება წაართვა მათ. გარდა ამისა, სანამ თავმჯდომარეთა კენჭისყრა დაიწყება, მანამდე სხდომას უნდა ესწრებოდეს 6 წევრი მაინც. თავაძეს აქვს 5 ხმა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, მას არ აქვს 6 ხმა.
გუშინ ფიცის დადების შემდეგ ირინა იმერლიშვილმა განაცხადა რომ ისინი აპირებენ 2 კვირიანი ვადის გამოყენებას და მხოლოდ შემდეგ წარიმართება სხდომისა და არჩევნების პროცედურები. თავაძემ კი დღეს ასე უპასუხა მათ.
ჩქარობენ მურუსიძე-თავაძეები არჩევნებამდე რომ დაასრულონ სპეცოპერაცია. ისეთი გააფთრებული დამოკიდებულებაა, შეიძლება მურუსიძე-თავაძემ და საკონსტიტუციოს 5-ეულმა ფეხქვეშ გათელოს 6 კაციანი ქვორუმის კანონისმიერი მოთხოვნა და ისე ჩაატარონ თავმჯდომარის არჩევნები. ეს გადაწყვეტილება კი არსად საჩივრდება! თუ ეს მოხდა, შეგვიძლია სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია მიეცეს!
სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულია ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და მაია კოპალეიშვილის როლი და პასუხისმგებლობა, მათი სხდომაზე არდასწრების შემთხვევაში მურუსიძე-ჩინჩალაძე-ცერცვაძე-თავაძე ვერ მოაგროვებენ 6 კაციან ქვორუმს, ვერ ჩაატარებენ არჩევნებს და ვერ შეიწმენდენ ფეხს კონსტიტუციაზე.
განსაკუთრებულია მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი, არჩევნების გამო ყურადღების მიღმა არ დარჩეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენები.
იმის გათვალისწინებით რომ არის სახელმწიფო ორგანოთა ჯეროვანი ფუნქციონირების გარანტი და კანონზე ვეტოც გამოიყენა, პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს მისი დამოკიდებულება, კარგი იქნება თუკი თვით მოსამართლეებს შეხვდება ბათუმში" - წერს ალაფიშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატებიორი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს, ხოლო არა უგვიანეს ერთი თვისა უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პლენუმის სამმა წევრმა უნდა წარადგინოს, თავმჯდომარედ დაინიშას კი პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრის მხარდაჭერა სჭირდება.საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად მოსამართლე ზაზა თავაძე მოიაზრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ახალი მოსამართლე ჰყავს. ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა ფიცი 2 ოქტომბერს დადეს.
მასალის გამოყენების პირობები






