ამჯერად, დუტერტემ საკუთარი თავი ადოლფ ჰიტლერს შეადარა. მისი თქმით, ის მზად არის ნარკომოვაჭრეებსა და ნარკოდამოკიდებულ მოქალაქეებს ისევე გაუსწორდეს, როგორც ადოლფ ჰიტლერი ებრაელებს.
ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მდებარე უმსხვილეს ქალაქ დავაოში, სადაც 22 წლის განმავლობაში მერი იყო, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, როდრიგო დუტერტემ განაცხადა, რომ სიამოვნებით მოკლავდა სამ მილიონ ნარკოდამოკიდებულ ფილიპინელს “მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის”.
"თუკი გერმანიაში იყო ჰიტლერი, ფილიპინებში იქნება..." - განაცხადა დუტერტემ და საკუთარ თავზე მიანიშნა.
ფილიპინების პრეზიდენტმა ევროკავშირისა და აშშ-ის პოზიცია გააკრიტიკა, რომლებიც მისი ანტინარკოტიკული პოლიტიკის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ.
როდრიგო დუტერტზე, რომელმაც პრეზიდენტის თანამდებობა ივნისის ბოლოს დაიკავა, ნარკომაფიის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლის მომხრეა. . მან მოქალაქეებს იმ ნარკოდილერების მოკვლისკენ მოუწოდა, რომლებიც სამართალდამცველებს ემალებიან. დუტერტეს პრეზიდენტობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ფილიპინებში ანტინარკოტიკული ოპერაციის დროს სამი ათასი ადამიანი მოკლეს.
გასულ თვეს ჟურნალისტმა დუტერტეს ჰკითხა, როგორ აპირებდა ობამასთვის აეხსნა ფილიპინებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩატარებული ანტინარკოტიკული ოპერაციების დროს ორი ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობა, რა დროსაც მან ობამას "ნაბიჭვარი" უწოდა.
„მე სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ვარ, ჩვენ დიდი ხანია კოლონია აღარ ვართ. მე არ მყავს სხვა უფროსი, გარდა ფილიპინელი ხალხისა. საჭიროა პატივისცემის გამოვლენა. მე შენ დაგწყევლი ამ ფორუმზე, ნაბიჭვარო” – განაცხადა დუტერტემ.
აღნიშნულ განცხადებაზე ჟურნალისტებმა კომენტარების გაკეთება აშშ-ის პრეზიდენტ სთხოვეს. ობამამ მათ სიცილით უპასუხა და დუტერტეს "ჭკუამხიარული ბიჭი" უწოდა.
მოგვიანებით დუტერტემ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ უცენზურო სიტყვა პირადად ბარაკ ობამას მიმართ არ იყო ნათქვამი.
მასალის გამოყენების პირობები






