პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ღიად დაადანაშაულა მოსკოვი საკუთარ ქვეყანაზე ზეწოლაში და დაიმუქრა, რომ მინსკი საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად მოახდენს რუსეთთან ერთობლვ პროექტებში მონაწილეობის „ოპტიმიზაციას“ და ე. წ. ევრაზიული კავშირის მთავრობიდან უკან გამოიწვევს თავის ჩინოვნიკებს.
ლუკაშენკომ რუსეთთან ბოლო დროს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესების კონსტატირება მოახდინა. მისი სიტყვებით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გამო ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა კი არ არ გაიზარდა, შემცირდა. ასევე ორჯერ შემცირდა რუსეთში ექსპორტირებული ბელორუსული საქონლის ფასები. „რა სიკეთე მიიღო ბელორუსმა აქედან? პრაქტიკულად არაფერი“ _ ასკვნის ლუკაშენკო.
რუსეთი პერიოდულად ბლოკავს ბელორუსული საქონლის მიწოდებას, კვების იმ პროდუქტებისაც კი, რომლებსაც ევროკავშირი ყიდულობს. „რუსეთში ისინი რატომღაც უხარისხოა... მიმდინარეობს დაუფარავი ზეწოლა“_ აცხადებს ლუკაშენკო.
„ეს უკვე მოსაბეზრებელია, ეს უკვე ზღვარს იქეთაა, ასე გაგრძელება შეუძლებელია... ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც ზეწოლას ბელორუსზე. მაგრამ ამ ზეწოლას არ მოვითმენ არც მე და არც ბელორუსები“ _ აფრთხილებს რუსეთს ლუკაშენკო.
პუტინის ჩანაფიქრით, ევრაზიული პროექტით რუსეთს თანმიმდევრულად უნდა გაემყარებინა თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით ინტეგრაციული პროცესის სუბსიდირებისთვის რუსეთს რესურსი არ გააჩნია, ასკვნიან ანალიტიკოსები.
მასალის გამოყენების პირობები






