ადარებს რა ერთმანეთს წინა და მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯებს, მაია ორჯონიკიძე წერს:
"1.წინა ხელისუფლება ფარულ პოლიტიკურ ვიდეოებს რატომ იღებდაო და სექს-კომპრომატების გავრცელებით დაკავდნენ.
2.სოფლის მეურნეობას ძირავდა წინა ხელისუფლებაო და მთავრობაში მოსვლის მეექვსე თვეს ვაუჩერების სკანდალით,კირვალიძის გადადგომითა და უცხოური კვერცხის ბიზნესის შემოტანითა და ქართული კვერცხის ბიზნესის გაცამტვერებით ისახელეს თავი.
3.პროკურატურა და სასამართლო არაობიქტური და არალიბერალური იყოო და ახლა ისეთ კანონს იღებენ თავად-სადაც ადვოკატურას საგამოძიებო უფლებას ართმევენ,რომელიც "არატოლერანტული" წინა ხელისუფლების დროს მიენიჭა.
4.წინა მთავრობას სოციალური პროექტები არ ადარდებდაო და პირველი,რაც გააკეთეს-ათასობით ადამიანს სოციალური დახმარება გაუუქმეს.
5.საყოველთაო დაზღვევით ხიბლავდნენ ხალხს და ამ დაზღვევით წნევას თუ გაიზომავს კაცი.
6.განათლება არასათანადო დონეზე იდგაო და პირველი რაც ამ კუთხით მოიმოქმედეს-საქართველოში საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლის გაუქმება განიზრახეს,მერე რა რომ არ გამოუვიდათ-სურვილი ხომ იყო.
7.წინა ხელისუფლებას მონოპოლიები და ელიტარული კორუფციის სქემები ჰქონდაო და თავად ქმნიან მონოპოლიებს-სკოლის სახელმძღვანელოების გამოცემით დაწყებული,ხუხაშვილის ბიზნეს-კურატორობით დამთავრებული.
8.ენგურჰესი რუსებს მიყიდესო და აღმოჩნდა,რომ არავის არაფერი მიუყიდია,მაგრამ სამაგიეროდ რუსულ გაზზე გადასვლას გვიგეგმავს ფეხბურთელი კალაძე.
9.სააკაშვილმა "ტერიტორიები ჩააბარა რუსეთსო" და შიდა ქართლის სოფლები,რომლებიც საოკუპაციო ზონაში არ შედიოდა-მავთულხლართებით გაყვეს რუსებმა ისე,რომ საკუთარი კარ-მიდამოს ნახევარზე ვეღარ შედის გლეხკაცი და ამის გამო არცერთი საპროტესტო ნოტა არ გაგვიგია ხელისუფლებისგან.
10.სააკაშვილმა ომი დაიწყოო და თავად ტერორიზმის ბუდედ დაასახელეს საკუთარი სამშობლო.
11.ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა გააჩერეს და საკუთარი მოსახლეობის ზურგსუკან აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ამზადებენ რუსებთან "კოჰაბიტაციაში".
12.ევროპის უმსხვილეს პოლიტიკურ პარტიას მუშტს უღერებენ და პუტინისგან 9 მაისის მილოცვებს იღებენ და "ბატონოთი" ელაპარაკებიან.
13.ნატო-ევროკავშირი გვინდაო და სოჭის სისხლიანი ოლიმპიადისთვის ემზადებიან.
დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ,მაგრამ რა ჰქვია ამ ყველაფერს,რა უბედურებაში ამოვყავით თავი, ხალხო?!
ეს იყო თქვენი ოცნება?!"
მასალის გამოყენების პირობები