უკრაინის უმაღლესი რადა რუსეთის ახალარჩეული დუმის ლეგიტიმურობას არ აღიარებს. შესაბამის გადაწყვეტილებას რადას 264-მა დეპუტატმა დაუჭირა ხმარი.
დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტი არ აღიარებს დუმის არჩევნების შედეგებს და მის შემადგენლობას, შესაბამისად, უფლებამოსილებებს, მიღებულ აქტებსა და გადაწყვეტილებებს.
ამავდროულად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის, სადამკვირვებლო მისიის კოორდინატორის ილკა კანერვას განცხადებით, 18 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველისთვის რეალური პოლიტიკური ალტერნატივა არ იყო წარმოდგენილი.
როგორც ილკა კანერვამ განაცხადა, ხმის მიცემის პროცედურაზე ნეგატიურად აისახა მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფო მედია. მისი თქმით, რუსეთში საჭიროა მეტი სივრცე პოლიტიკური დებატებისთვის. მისი თქმით, არჩევნების დროს უამრავი საპროცესო ნორმების დარღვევაც აღინიშნებოდა.
რუსეთში გამართულ არჩევნებს ეუთო-ს 500-მდე დამკვირვებელი ადევნებდა თვალს. აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დამკვირვებლები არ გაუგზავნია ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ დუმის არჩევნებზე.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებულ რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებს არ აღიარებს.
შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა."ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, შესაბამისად არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს.
ვროკავშირი კვლავ რჩება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული“- აღნიშნულია განცხადებაში.
18 სექტემბერს ჩატარებული რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მმართველი პარტია “ედინაია რასია” რუსეთის სახელმწიფო დუმაში 450 ადგილიდან 343-ს მიიღებს.
ყირიმის ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადებები გაკეთდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
მასალის გამოყენების პირობები






