რაში დაიხარჯა დედაქალაქის კეთილდღეობისთვის გამოყოფილი რამდენიმე ასეული მილიონი და რას გეგმავს ხელისუფლებამ მომავალი წლისთვის:
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება
„თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ამ დროისათვის 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, მის წინასაარჩევნო დაპირებებში გარკვეული ახალი პროგრამების განხორციელება და სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი თანხების მიმართვა იყო, რაც შესრულებულია და თბილისის მერიამ 10 ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე კეთილმოეწყო 76 ბინიანი სოციალური საცხოვრისი.
„ასევე, 2015 წლის დეკემბრამდე დედაქალაქში არ არსებობდა მიუსაფართა თავშესაფარი, დედაქალაქის ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ წელიწადში სოფელ დიდ ლილოში ფუნქციონირება დაიწყო 240 ბენეფიციარზე გათვლილმა თავშესაფარმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თბილისის მერის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საანგარიშო პერიოდში 19 ახალი მანქანა შეიძინა, რომლებიც აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისათვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობებით და სრულად შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებს.
დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეტაპობრივად ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა.
„თბილისის მერია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით, ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე 143 ერთეული „Man Truck and Bus AG“-ის ავტობუსით განაახლებს. პროცესი ამით არ სრულდება და თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, 2016 წლის ივლისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის - მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო. ავტოპარკი ევროსტანდარტებზე მორგებული ობიექტებით მუნიციპალურ „MAN“-ის ავტობუსებს სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს.
“ამასთან, ჩვენ დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. მოდერნიზებულია 4 ვაგონი. კაპიტალურად შეკეთდა 8 ვაგონი, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანიამ 7,5 მლნ. ლარი დახარჯა. წლის ბოლომდე დასრულდება 4 ვაგონის მოდერნიზაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, აღდგა კუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც 2009 წლიდან უფუნქციო იყო. განახლებული საბაგირო დღის განმავლობაში 3 500 მგზავრის გადაყვანას შეძლებს. გონდოლები ადაპტირებულია შშმ პირებისათვის; ვაგონები აღჭურვილია ველოსიპედის ჩამოსაკიდი მოწყობილობით.
„აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია საცობების მართვის 5-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი ავტოსადგომებისა და პარკინგის ადგილების შექმნა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი სიახლეა თბილისში 700 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოსაცდელების დამონტაჟდება. ამჟამად, ჯამში 200 მოსაცდელი თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უბნებში უკვე დამონტაჟებულია.
2015-2016 წლებში თბილისმა 36 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა
2015-2016 წლებში თბილისმა 36 საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, ღონისძიებებს შორის იყო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ და უეფა-ს სუპერთასი. თბილისის მერის განცხადებით, უეფას სუპერთასის ფარგლებში „დინამო არენას“ სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. არენა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ჯამში 19 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში აშენდა ტანვარჯიშის არენა; ფრენბურთის არენა; მძლეოსნობის არენა; სასტუმრო „მოხალისე“; ჩოგბურთის კორტები. განახლდა ვერის საკალათბურთო დარბაზი, დიდუბის სავარჯიშო ცენტრი „მანეჟი“, არენა და ძიუდოს აკადემია. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მ. მესხის სახელობის სტადიონს. გარდა ამისა, ლისის ტბაზე მოეწყო 3 კმ.-მდე სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდა განათების სისტემა.
„რაიონული გამგეობების მიერ მოეწყო 17 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 294 -ს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა „ქ. თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტულ ცენტრს“ და „თბილისის მერიის ოლიმპიური მზადების კომპლექსურ სპორტულ ცენტრს“. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახლავთ პარასპორტის განვითარების სპორტული ცენტრი, რომელიც 2015 წელს გაიხსნა და ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თბილისის 10-ვე რაიონის 24 სკვერში, გარე-გამოყენების სავარჯიშო მოწყობილობები დამონტაჟდა. 2015-16 წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სპორტულ ცენტრებს.
„მე მინდა გითხრათ, რომ 2017 წელს თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნება. აშენდება ოთხი მოედანი. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. ეს გახლავთ ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც ჩვენს დედაქალაქს მომავალი წლიდან შეემატება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა ისაუბრა კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზეც. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური, ამ დროისათვის, ადმინისტრირებას უწევს 28 პროგრამას და სამსახურმა ორი წლის განმავლობაში კულტურული ცხოვრების გააქტიურების და ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებები განახორციელა.
„აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო სწავლება დაუფინანსდა 4188 მოსწავლეს. ჯამში, 2 წლის განმავლობაში 500-ზე მეტი კულტურული ღონისძიება დაფინანსდა და ჩატარდა ყოველწლიური, ტრადიციული სახალხო დღესასწაულები. ასევე, ის მასშტაბური ფესტივალები, რომლებიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, მათ შორის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, „შემოდგომის თბილისი“ და ა.შ.“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილსერვისი და გამწვანება
დავით ნარმანია: დასუფთავების მანქანების პარკი სრულად განახლდება
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დასუფთავების მანქანების პარკის სრულად განახლება იგეგმება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, დასუფთავების კუთხით, თბილისს ემსახურება 291 ერთეული სპეციალური ტექნიკა, აქედან 28 ერთეული „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წელს შეიძინა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით, 10 050 ცალი ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი განათავსა. დღეის მდგომარეობით, სულ განთავსებულია 18 974 ნაგავშემკრები კონტეინერი.
გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი, რაც მანამდე არასდროს ყოფილა.
„რაც შეეხება თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელ პოლიგონზე არსებული პრობლემების მოგვარებას, „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წლის აგვისტოში სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სატენდერო პირობების თანახმად, სამშენებლო სამუშაოები შესრულდება ეტაპობრივად, პროექტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, რომლის დასრულების შემდეგაც, სუნის პრობლემა, რომელიც ნორიოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებდა, აღმოიფხვრება. პროექტის საერთო ღირებულება 8 მლნ ლარამდეა და სამშენებლო სამუშაოები გაწერილია 11 თვეზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თბილისის მთავრობის განკარგულებით, შპს “თბილსერვის ჯგუფი” 2016 წლის მაისიდან უვლის და ასუფთავებს რამდენიმე ცენტრალურ პარკს. დაიგო მწვანე გაზონი, განთავსდა დეკორატიული ბუჩქები, მოეწყო საყვავილე თარგები, დაიკიდა საყვავილე ქოთნები, მოეწყო ახალი სარწყავი სისტემა, დარგულია სხვადასხვა ჯიშის მარადმწვანე ხეები და მრავალწლიანი მცენარეები. ეტაპობრივად მიმდინარეობს ნაგავშემკრები კონტეინერების შეცვლა, სკამების რეაბილიტაცია.
დავით ნარმანიას განცხადებით, მნშვნელოვანია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დედაქალაქის მოსახლეობას 2011 წლის ივლისიდან - 2013 წლის ივნისამდე დასუფთავების ტარიფის გადასახადის დავალიანება 2015 წლის 1 იანვრიდან ჩამოეწერათ, ჯამში - 1 000 000 ლარამდე.
„შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ვალდებულებებში ქალაქის განათებაზე ზრუნვაც შედის. დედაქალაქის ენერგოდამზოგავ განათებაზე გადასვლის მიზნით, რამდენიმე უბანში უკვე დამონტაჟებულია LED სანათები. გარდა იმისა, რომ დიოდური განათება ელექტროენერგიის 70%-იან დანაზოგს იძლევა, მისი განათების ხარისხიც ბევრად მაღალია, ვიდრე დღეს არსებული ნათურებისა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დიოდური სანათები გარემოსთვის უსაფრთხოა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, განათების ქსელი მოეწყო იმ უბნებში, სადაც გარე განათება ამ დრომდე არ არსებობდა. მათ შორის, ავჭალაში, დიდ დიღომში, ივერთუბანში და ა.შ.
ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ანძის განათების ახალი პროექტიც შეიმუშავა.
„დამონტაჟებული LED-სანათები საშუალებას გვაძლევს ანძა სხვადასხვა ფერში გავანათოთ. 15-მდე ობიექტზე დამონტაჟდა მხატვრული მინათება, რაც დედაქალაქის მცხოვრებლებისათვის და მისი სტუმრებისთვის ღამის თბილისში გასეირნებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა ისაუბრა გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მოეწყო 82 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 343-ს. 2014-16 წლების განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, დარგულია 560 000-მდე ხე-მცენარე. 75 მისამართზე განხორციელდა სარწყავი ქსელის რეაბილიტაცია.
ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, სხვადასხვა ტერიტორიაზე განხორციელდა 10 გამწვანებული ობიექტის სრული რეაბილიტაცია, ასევე, დენდროლოგიური, ინფრასტრუქტურული და საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის სამუშაოები.
განათლება
დავით ნარმანია : 2014-16 წლებში თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა სამი საბავშვო ბაგა-ბაღი
„2014-16 წლებში თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა სამი საბავშვო ბაგა-ბაღი. 2016 წელს ჯამში 10 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო წლისთვის მზადდება 13 ახალი საბავშვო-ბაღის პროექტი, შესაბამისად, სულ ქალაქს 30 ახალი ბაღი შეემატება.
„დამეთანხმებით, რომ ეს სფერო განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება და ეს შემთხვევითი არაა. ჩვენი პატარებისთვის ხარისხიანი საბაზისო განათლების მიცემა მათ წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს. თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს. წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა მიზეზით თბილისში 50-მდე ბაგა-ბაღი დაიხურა. მეორე წელია, თბილისში წლების წინ დახურული ბაღების აღდგენა მიმდინარეობს, პარალელურად შენდება ახლები, რეაბილიტაცია უტარდება ძველ შენობებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, ბაგა-ბაღებში 1200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 2016 წლის თებერვლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები 5%-დან 20%-მდე გაიზარდა. საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა.
„ყველა ახალი ბაღი ენერგოეფექტური და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებზეა მორგებული და მომავალშიც ასე იქნება. თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში დავამონტაჟეთ ცენტრალური გათბობის სისტემები; სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 145 -მდე ბაღში; მოეწყო და განახლდა სველი წერტილები და სამზარეულოები. სპორტულ-გასართობი მოედნები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს ავარიული ბაღების გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები. 41 საბავშვო ბაღის ძველ შენობაზე დამონტაჟდა პანდუსები. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში სრულად არის მოწესრიგებული ხარისხიანი და ჯანსაღი კვების საკითხი.
გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წლის 1 თებერვლიდან ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და სპეციალური პედაგოგის შტატი თბილისის ყველა საბავშვო ბაღს დაემატა.
რაც შეეხება განათლების შემდგომ, უფრო მაღალ ეტაპებს, თბილისის მერის თქმით, მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები 2015 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიას იღებენ.
„ამგვარი წახალისება ჩვენი სტუდენტების სწრაფვას მეტი სწავლისა და მაღალი ქულების მიღებისკენ კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურება დაიწყო, რაც აქამდე არასდროს ყოფილა. ამ დროისათვის, 8 მიკროავტობუსი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე პროექტ „ახალი თბილისის“ შესახებ ისაუბრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე პროექტ „ახალი თბილისის“ შესახებ ისაუბრა.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიის „თბილისის განვითარების ფონდის“ პროექტის მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, აღდგენა-რესტავრირება და ეკონომიკის სტიმულირება-განვითარება.
თბილისის მერის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას და მოწყობას. პირველი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ღვინის აღმართს, მიმდინარეობს გუდიაშვილის სახელობის მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 14 მისამართზე, სრულდება ზემო კალის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს.
„რაც მთავარია, დასასრულს უახლოვდება აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე რესტავრაცია-რეაბილიტაცია 47 ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, გამზირის ამ ნაწილში, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო - საკომუნიკაციო ქსელები. განხორციელდა ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-რესტავრაცია, რაც ასევე, საკმაოდ შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. მიმდინარეობს სარეკრეაციო ზონების მოწყობა და განვითარება. ასევე, იგეგმება აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება. დასრულდა თუმანიანის მეორე ჩიხი N 3-ში მდებარე შენობის აღდგენა-რეაბილიტაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, მერიამ მოსახლეობის თხოვნით და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით, ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ არეალში 8 ქუჩა საფეხმავლო ზონად მოეწყობა.
ინფრასტრუქტურა
დავით ნარმანია: ორი წლის განმავლობაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2,874 402 მ2 ფართზე ჩატარდა
„2014 წლიდან 2016 წლის საანგარიშო პერიოდში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა – 2,874 402 მ2 ფართზე, ჯამური ღირებულებით 85 119 000 ლარი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, კაპიტალურად შეკეთდა 2,010 518 მ2 გზის საფარი. დედაქალაქის მასშტაბით სულ 200-მდე ქუჩა.
რაც შეეხება საინჟინრო ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, ასევე, აღდგენა-რეკონსტრუქციას, თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში სამუშაოები ჩატარდა 58 ობიექტზე, ჯამური ღირებულებით 33 382 000 ლარი. მათ შორისაა პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა, ასევე განხორციელდა აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარის რეკონსტრუქცია, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი შემოვლითი გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი.
„სამების ეკლესიისა და მახათას ეკლესიის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა, რომელიც ჩემი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ორკილომეტრიანი გზა თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს, რაც მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6,4 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაზიანებული, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კრწანისის მიმართულებით შენდება მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა. მიმდებარე სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაგები-წყნეთის 12 კმ.-იან გზას. განხორციელდა ბარათაშვილის, გულიას და დიღმულას ხიდების რეკონსტრუქცია, რაც ფაქტობრივ აუცილებლობას წარმოადგენდა. ამასთან, ზაჰესის ხიდი, ანუ ჭედიასა და შუშის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა; მეტეხის საგვირაბე კომპლექსის გაყოლებაზე ავარიული ხიდების რეაბილიტაცია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თბილისის ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები ჩატარდა 316 ობიექტზე, რომლის ღირებულებამ 35 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, საპროექტო დოკუმენტაცია კი მომზადდა 149 პროექტისათვის, ჯამური ღირებულებით 4,5 ლარზე მეტი.
დავით ნარმანიამ ისაუბრა ასევე 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე. თბილისის მერის თქმით, განხორციელდა დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ნაგებობების დემონტაჟი. აღდგა გზები, აშენდა საყრდენი კედლები, მოეწყო ახალი ხიდი მზიურის მიმდებარედ, განხორციელდა გვირაბების და სათავისების რეაბილიტაცია, სკვერებისა და მოედნების აღდგენა. თბილისის მერის თქმით, 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჯამში 90 000 000 ლარი დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები






