საერთოდ, რომ გავაანალიზოთ რუსეთის ბოლო სამი საუკუნის ისტორია, დავინახავთ, რომ ამ ქვეყანაში იდეოლოგიური კომპონენტი არ იცვლება. იცვლება წყობა, ლიდერები, მაგრამ არა სახელმწიფო იდეა. რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირს ბოროტების იმპერია უწოდა. მაშინ და ახლაც რუსეთის პოლიტიკური ელიტა საკუთარ მოსახლეობას არწმუნებს, რომ დასავლეთი და ყველა, ვინც იზიარებს დასავლურ ფასეულობებს, მათი მტერია. ეს არის ამ იმპერიის მთავარი იდეოლოგია. რუსეთის ლიდერები ვერ სთავაზობენ თავის საზოგადოებას კეთილდღეობასა და დემოკრატიას, როგორც მაგალითად, აშშ ან საფრანგეთი, მაგრამ მათ კარგად ესმით, რომ ხალხს ჭირდება სახელმწიფო იდეა და საუკუნეების განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო იდეა ის არის, რომ დასავლეთი მათი მტერია და რუსეთისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა სხვების ჩაგვრაა. ეს იყო სახელმწიფო იდეა მეფის რუსეთში, საბჭოთა კავშირში და ახლაც ასეა. მე-20 საუკუნის პოლიტიკური მამები ამას ხედავდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ რუსეთის იმპერიული ამბიცია გარკვეულ ჩარჩოებში ჩაკეტილიყო. თუმცა, ახლა ამ იდეამ ახალი ძალით იფეთქა, შეინიღბა ეკონომიკით და დასავლური სამყაროსთვის, განსაკუთრებით რუსეთის მეზობლებისთვის, საშიშროებას წარმოადგენს.
რუსეთი აზიური ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც მოწინააღმდეგის კეთილი ნება და დათმობა ყოველთვის აღიქმება, როგორც სისუსტე და სრული განადგურების ნიშანი. სანამ რუსეთის სახელმწიფოებრივი იდეა არ შეიცვლება, ის ჩვენი ქვეყნის მთავარი საფრთხე და მტერი იქნება. რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია ამ იდეის შედეგია. საუკუნეების განმავლობაში რუსეთის მოსახლეობას მისი ლიდერები არწმუნებდნენ, რომ მოსკოვი უნდა ყოფილიყო მესამე რომი, რუსეთი კი - ახალი ბიზანტიის იმპერია. ეს იდეა რუსეთის მოქალაქეების სისხლში და ხორცშია ჩამჯდარი. ამის მაგალითია ის, რომ ომს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერდა მხარს.
რამდენიმე დღის წინ ჩემმა შვილმა დამისვა კითხვა: "როგორ დამარცხდა თეთრი მოძრაობა რუსეთის სამოქალაქო ომში? პეტერბურგს სამი მიმართულებით უტევდა იუდენიჩი, კოლჩაკი და ვრანგელი. მათ მხარს უმაგრებდა ანტანტა, მაგრამ ბოლშევიკებმა მოიგეს სამოქალაქო ომი." პასუხი რთულია და ჩემი აზრით, იდეოლოგიურ მომენტს ეფუძნება. ბოლშევიკები აგებდნენ მანამ, სანამ იმპერიის აღდგენის იდეის კულტივაცია არ დაიწყეს. ვინც იცის ისტორია ახსოვს, რომ კომუნისტურმა ლოზუნგებმა დაამარცხეს მეფის რეჟიმი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი სამოქალაქო ომის მოსაგებად და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა დაიწყეს რუსეთის იმპერიის აღდგენა საბჭოთა კავშირის სახით, მათ მოახერხეს სამოქალაქო ომის მოგება. ამ იდეით ბევრი თეთრი ოფიცერიც მოიხიბლა.
რუსეთ-საქართველოს ომი დემოკრატიისა და იმპერიული იდეოლოგიის პირველი შეჯახება იყო 21-ე საუკუნეში. ნურავის ჰგონია, რომ რუსეთი ასეთივე სიამოვნებით არ შეიჭრებოდა მაგალითად, პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში. მაგრამ, არის ორი ფაქტორი, რომელიც რუსეთზე გავლენას ახდენს. ორივე ფაქტორი ეფუძნება ძალას: შიდა და გარე ძალებს.
შიდა ძალა ეს არის მოწინააღმდეგე ქვეყნის ჯარი და სამხედრო პოტენციალი, მეორე - ამ ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა. თქვენ შეიძლება მითხრათ, რომ ევროპული ქვეყნების უმრავლესობას არ ჰყავს ჯარი, რომელიც რუსეთს შეაკავებს. მაგრამ ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი. რუსეთის ხელისუფლებას ეშინია არა მოწინააღმდეგის ჯარის, არამედ თავისი ჯარისკაცების ცინკის კუბოების რაოდენობის, რომელიც რუსეთში დაბრუნდება. რუსეთის ლიდერებმა იციან, რომ ეს მთლიანად შეცვლის შიდა ელექტორალურ სურათს ქვეყანაში. არც ერთი ქვეყნის მთავრობისთვის არ იქნება კარგი მსხვერპლი საკუთარ ჯარში, მაგრამ იქ, სადაც არის დემოკრატიული არჩევნები, ხალხი ამაზე პროტესტს გამოხატავს არჩევნებზე, რუსეთში კი ეს იქნება რუსული ბუნტი.
მეორე ფაქტორი - გარე ძალა. ნატო წარმოადგენს მსოფლიოში დომინანტურ ძალას და 21-ე საუკუნეში ეს რუსეთის მთავარი შემაკავებელი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ძალიან ნელი და ბიუროკრატიული მექანიზმია.
რატომ გავაკეთე ასეთი შესავალი? იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ქართული ჯარის გადაყვანა მხოლოდ პროფესიულ ლიანდაგებზე და უარის თქმა წვევამდელებზე არის კატასტროფის ტოლფასი. თავდაცვის მინისტრი მე მხოლოდ 3 თვე ვიყავი, მაგრამ ამ პერიოდში ჩემი მთავარი ამოცანა და დავალება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი საფრთხეების სწორი გაანალიზება და შეფასება იყო. ექსპერტებმა დათვალეს: იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის ინტერვენციისგან, საქართველოს სჭირდება 100 000-იანი ჯარი. არც ახლა და არც პერსპექტივაში, ამხელა რეგულარული ჯარი ჩვენ არ გვეყოლება, ეკონომიკის და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. მაშ რა არის გამოსავალი? ჩავბარდეთ? უარი ვთქვათ დამოუკიდებლობაზე? არა! გამოსავალი არის რეზერვი. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. ყველა სამხედრო ექსპერტი მეუბნებოდა, რომ რეზერვის მომზადების ერთადერთი საუკეთესო გზა არის წვევამდელების ინსტიტუტი. ორი თვის მუშაობის შედეგად, ჩვენ მოვამზადეთ ჯარის რეფორმირების კონცეფცია, რომლის მთავარი კომპონენტი რეზერვი იყო. ანუ ჩვენი გათვლებით, საქართველოს უნდა ჰყოლოდა 25-30 ათასიანი რეგულარული ჯარი, სადაც 10 000 წვევამდელი იქნებოდა. ამ გზით, 5 წელიწადში ჩვენ ქვეყანას ეყოლებოდა 50 000 ძალიან კარგად გაწვრთნილი რეზერვისტი. სავალდებულო სამხედრო სამსახური მცირდებოდა 12 თვემდე. იქმნებოდა საერთაშორისო ოპერაციების ბრიგადა, სადაც მხოლოდ კონტრაქტზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები იქნებოდნენ და 2 500-იანი სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების ძალები.
სექტემბერში მე გავფრინდი შეერთებულ შტატებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მქონდა ამერიკული ვერტმფრენების ჩამოყვანის თაობაზე. კონკრეტულად, 2012 წლის დეკემბერში ჩვენ უნდა ჩამოგვეყვანა ამერიკული "ჩინუკები" და "c-hawk". სამწუხაროდ, ეს პროექტი არ განხორციელდა, გასაგები მიზეზები გამო. ამასთან ერთად, ჩვენი გეგმით, საქართველო იქნებოდა დაცული ჰაერიდანაც, რადგან იყო კონკრეტული შეთანხმება საქართველოს და ამერიკის პრეზიდენტებს შორის, რომ აშშ დაეხმარებოდა საქართველოს ანტისაჰაერო სისტემებით. ჩვენს შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იყო სისტემა "Hawk", რომელიც რუსულ "ბუკზე" ბევრად უკეთესია. სამწუხაროდ, ეს პროექტიც არ განხორციელდა.
ყველა მცოდნე ადამიანისთვის ნათელია, რომ 5 ან 25 ათასიანი პროფესიული ჯარი ვერ შეძლებს თავისი მთავარი ამოცანის შესრულებას: შესაძლო რუსული აგრესიის მოგერიებას. რეზერვი არის მთავარი კომპონენტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მოვიგოთ დრო და დავიცვათ ჩვენი ტერიტორიები. ახლა ტელევიზორიდან ე.წ. სამხედრო ექსპერტები ხშირად მოძღვრავენ მოსახლეობას, რომ ჯარის მთავარი ამოცანა ტერორიზმთან ბრძოლაა. ეს არის სრული სისულელე. საქართველოს ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლა შსს-ს მოვალეობაა და არა ჯარის. თუ ვსაუბრობთ საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებზე, აქაც საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნა, მომზადების კუთხით არის აბსოლუტურად სხვა და ქვედანაყოფები გადიან სპეციფიკურ მომზადებას, რომელიც ხარისხობრივად განსახვავდება რეგულარული ჯარის მომზადებისგან და იმ ამოცანებისაგან, რომელიც დგას ჩვენი ჯარის წინაშე რუსული ინტერვენციის შემთხვევაში.
უარის თქმა წვევამდელების სისტემაზე დაასუსტებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. 12 თვიანი მსახურება ჯარში, დარწმუნებული ვარ, მისაღებია ყველა ქართველისთვის. ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანა არის ისრაელი, როგორც რთული მეზობლების და ზომის გამო, ასევე პატრიოტული სულისკვეთებით. ჩვენი გეგმით, 25-30 ათასიანი რეგულარული ჯარი, დამატებით, 50 000 კარგად მომზადებული რეზერვისტი - ყოფილი ჯარისკაცი და 25 000 ნებაყოფლობითი რეზერვი შეასრულებდა ყველა ამოცანას, რომელიც დადგებოდა ჩვენი ქვეყნის წინაშე.
და ბოლოს, კიდევ ერთი არგუმენტი - ფინანსური. კონტრაქტზე მყოფი ჯარისკაცი ბიუჯეტს 10 000 ლარით მეტი უჯდება ვიდრე წვევამდელი. ეს წელიწადში ასი მილიონი ლარია. რუსეთის გენერალურ შტაბში სხედან გამოცდილი ოფიცრები. ისინი კარგად თვლიან მოწინააღმდეგის შესაძლებლობებს და პირველ რიგში, აფასებენ რისკებს. თუ ჩვენ დავუპირისპირებთ რუსეთის შესაძლო აგრესიას 20 000-იან პროფესიულ ჯარს, ეს გაზრდის ინტერვენციის შესაძლებლობას.
გაიხსენეთ ჩერჩილის სიტყვები. თუ რუსეთი არ დაინახავს, რომ საქართველოს აქვს ძალა, რომ თავი დაიცვას და არ აქვს ნატოს მხარდაჭერა, ის უბრალოდ ჩაყლაპავს საქართველოს.
დიმიტრი შაშკინი
მასალის გამოყენების პირობები






