მსოფლიოს ლიდერები G20 სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩინეთის ქალაქ ხინჩჟოუში იკრიბებიან. სამიტი 4 და 5 სექტემბერს გაიმართება და მისი მონაწილეები გლობალურ კლიმატურ პრობლემებზე, ტერორიზმზე, სირიისა და უკრაინის პრობლემებზე ისაუბრებენ.
სამიტის მონაწილეთა ნაწილი უკვე ჩინეთში იმყოფება. სამიტის გახსნამდე, ოფიციალურმა პეკინმა და ვაშინგტონმა, პარიზში გასული წლის დეკემბერში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.
შეთანხმების თანახმად, ქვეყნებმა ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელება უნდა შეამცირონ და გლობალური დათბობის დონე 2 გრადუსზე ქვევით შეინარჩუნონ. ჰანჩჟოუში ორმხრივი შეხვედრებიცაა დაგეგმილი.
პარალელურად ჯონ კერიმ გამართა მოლაპარაკება თავის თურქ კოლეგასთან. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეტჰულა გიულენის ექსტრადირება იყო.
ჩინეთში უკვე ჩავიდა დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი ტერეზა მეი, რომლისთვისაც ეს სამიტი პირველი მაღალი დონის ღონისძიებაა პოსტზე არჩევის შემდეგ.
სამიტში მონაწილეობენ აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, არგენტინის, ბრაზილიის, მექსიკის, რუსეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სამხრეთ აფრიკის, თურქეთის, საუდის არაბეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები. ასევე, სამიტს დაესწრებიან გაეროს გენმდივანი პან გი მუნი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი. მსოფილიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ ენ კიმი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი რობერტო აზევედო. მსოფლიო შრომის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი. მოწვეულები არიან ასევე ეგვიპტის, ყაზახეთის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერები.
ქალაქში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. პრესის ინფორმაციით მისი ქუჩები ფაქტობრივად ცარიელია.მასალის გამოყენების პირობები






