უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამის შესახებ უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტი იტყობინება.
“დამძიმებული გულით გატყობინებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი პრეზიდენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც კრიტიკული"- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი 78 წლის ისლამ კარიმოვი გარდაიცვალა.
კარიმოვის შვილმა, ლოლა კარიმოვა-ტილიაევამ კი განაცხადა, რომ მამამისი ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი თქმით, კარიმოვმა ინსულტი გადაიტანა.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო "ფერგანა" იტყობინება, რომ უზბეკეთის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში, სამარკანდში დაკრძალვისთვის ემზადებიან. კერძოდ, ქალაქში გადაკეტილია ქუჩები, სამარკანდში კი მოულოდნელად უზებეკთის პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა.
კარიმოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო უზბეკეთში 31 აგვისტოს დაგეგმილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.
ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები






