გამოძიება ირწმუნება, რომ სამიზნე მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მილის ღია მონაკვეთი იყო.
ტერორიზმის ბრალდებით, გუშინვე სასამართლოს წინაშე წარსდგა საქართველოს შვიდი მოქალაქე.
მათ შორისაა ფოთის საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.
სუსი-ს ინფორმაციით, ბრალდებულები მაშინ აიყვანეს, როდესაც ტყეში არსებული იარაღის სამალავიდან ასაფეთქებელი ნივთიერებები ავტომობილში გადაჰქონდათ.
გამოძიება დანაშაულებრივი სქემის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა კეთდება მინიშნებები, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში და იქ უცნობ პირთან მართავდა შეხვერდებს.
ამ ეტაპზე არშემდგარი ტერაქტის საქმეში მხოლოდ ერთი დაკავებულის ბექა ბექაურის აღიარებითი ჩვენება დევს, თუმცა დაკავებულის ოჯახის წევრები ზეწოლაზე საუბრობენ.
დაკავებულს თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული, ხოლო ხელი კი მოტეხილი აქვს. ბექაურს მიყენებული მძიმე ტრამვების გამო სასწრაფო ოპერაციაც დასჭირდა. ოჯახის ეჭვი, რომ აღიარების მოთხოვნით ბექაური სამართალდამცავებმა სცემეს, საფუძველს მოკლებული არ არის.
ბრალდებულის დეიდა, მზიანა სუბელიანი დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მისაღებად მის დისშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მე არ ვიცი ვის ბინძურ თამაშებს ეწირება ჩემი დისშვილი, თუმცა ფაქტია, რომ თავი გაუტეხეს და აღიარებითი ჩვენება მიაცემინეს. გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩემი შვილი უდანაშაულოა“- თქვა სუბელიანმა.
ტერორიზმში ბრალდებული უკვე მოინახულა მისმა ადვოკატმა. როგორც „ნიუპოსტს“ მაია ჭრელაშვილმა განუცხადა, ბექაურს დაზიანებები დაკავების მომენტში სპეცრაზმელებმა მიაყენეს.
„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი აცხადებს, ის სპეცრაზმელებმა სცემეს, ბექა ბექაური უარყოფს იმფორმაციას, რომ მას სუსი-ს თანამშრომლები გაუსწორდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის თქმით, დაკავებისას მას და მასთან ერთად მყოფებს გაქცევა არ უქციათ, შესაბამისად ის უარყოფს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომ დაზიანებები გაქცევისას მიიღო“- აცხადებს ადვოკატი.
მაია ჭრელაშვილი უკრაინასთან ბექაურის შეხებას უარყოფს. დაკავებული მოტივად „რუსი აგრესორების სიძულვილს ასახელებს“.
"თქვა, რომ ვერ ვიტან რუსულ აგრესორებსო და მხოლოდ რუსული ბაზების აფეთქება მინდოდაო"- აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - ვლადიმერ რუხაძემ გუშინ უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
მისი უფლებადამცველი ნინო მახარაძე კი მედიასთან აცხადებს, რომ რუხაძეს უკანონოდ უსმენდნენ.
„საქმეში დევს ფარული მოსმენები, მინდა გითხრათ, რომ განჩინაება რუხაძის მოსმენასთან დაკავშირებით არ არის გაცემული. არ შეიძლება დაუშვებელი მტკიცებულებები იქნას გამოყენებული დასაბუთებული ვარაუდისთვის“ - აცხადებს ადვოკატი.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობაზე სუსი-სა და ხელისუფლების ზოგოერთი წევრების განცხადებებმა.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, თორნიკე შარაშენიძე „აღკვეთილი ტერაქტის საქმეზე“ საუბრისას აცხადებს, რომ „რუსეთს არ მოსვლია თავში, გაზსადენის აფეთქება ტერაქტად მოენათლა, გუშინ კი სუსმა საკუთარი მოქალაქეები ტერორისტებად გამოიყვანა“.
„ძალიან საინტერესოა, რატომ დაერქვა ამას ტერაქტი, თან არც მომხდარა. გუშინ კი ჩვენი მოქალაქეები გამოაცხადეს ტერორისტებად, ეს ხდება მაშინ, როდესაც თავი მოგვაქვს იმით, რომ ვართ უსაფრთხო ქვეყანა. ქართველები ტერორისტები არ არიან. მაგრამ აი, გუშინ მთელ მსოფლიოს ვამცნეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები ტერორისტები არიან“- აღნიშნა შარაშენიძემ.
ექსპერტის განცხადებით, „2006 წელს ზუსტად იგივე გაზსადენი ააფეთქეს რუსეთის ტერიტორიაზე და არავის მოსვლია თავში, ეს ქმედება ტერაქტად მოენათლა. მხოლოდ რუსეთი ცდილობდა ჩვენთვის ტერორისტული სახელმწიფოს იარლიყი მოეწებებინა. მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ფსბ "ქართულ კვალზე" საუბრობდა“.
რაც შეეხება უკრაინაზე საუბარს შარაშენიძე აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციების ცდუნებაა.
„ამის მიზანი იყო, რომ ეს დაუკავშირონ უკრაინას, ოდესას და იქ ვიღაც ვიღაცეებს, ეს ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა შარაშენიძემ.
სამხედრო ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე ქვეყანაში ტერაქტის აღკვეთის საქმესთან დაკავშირებით, ამბობს, რომ "ეს არის იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკი“.
"ეს ტერორიზმი ვერანაირად ვერ იქნება, ამ შემთხვევაში ვერანაირად. უნდა იყოს სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ ძალადობა, უნდა იყოს გზავნილის გავრცელების მიზნით, ან იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ჯგუფს ან პოლიტიკური ან რელიგიური. ეს უფრო დივერსიის აქტია. ეს წინასაარჩევნოდ გამოყენების მცდელობა არის, ამას ბოლომდე არ იტყვიან, ეცდებიან რომ ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს ეს კვალი აღმოაჩინეს. ჩემი აზრით, იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკია. იმის თქმა, რომ უკრაინა ჩართული იყო ამ პროცესებში, სერიოზული გამოძიების პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია,"- განაცხადა ხარშილაძემ.
სამხედრო ექსპერტის ზურაბ აგლაძის განცხადებით კი საქმეში უკრაინის სახელის გაჟღერება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ცუდად აისახება.
“შემიძლია გამოვრიცხო, რომ უკრაინის სახელმწიფო ამ აქტში ჩარეული იყოს, წინასწარ განცხადებების გაკეთება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და გამოძიებას დააზიანებს"- აცხადებს აგლაძე.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






