განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან ცალსახად იყო გამოკვეთილი ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და შეფერხების ფაქტები. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შსს-ს, მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტების შეუფერხებელი მუშაობა. ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია:
"დასადგენი და შესაფასებელია სამართალდამცავთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული ძალისა და ღონისძიებების პროპორციულობისა და აუცილებლობის საკითხი. ამ მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები აგრძელებენ ინციდენტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და უახლოეს დღეებში სახალხო დამცველი გააკეთებს საჯარო განცხადებას მომხდარის სამართლებრივი შეფასების მიზნით.
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე დააკვირდებიან ყველა იმ სასამართლო პროცესს, რომელიც დაკავებული მანიფესტანტების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს".
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, მშრომელთა დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე პოლიციამ აქციის ოცამდე მონაწილე გზის გადაკეტვის მცდელობისას დააკავა. ისინი რამდენიმე საათის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. დაკავებულთა შორის იყვნენ "ლიბერალისა" და "მეცხრე არხის" ჟურნალისტებიც. ადმინისტრაციული ჯარიმის შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები






