რუსთაველის გამზირზე შრომის უფლებების დაცვის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის თხუთმეტამდე მონაწილე, რომელთა უმრავლესობას სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტები შეადგენენ, საპატრულო პოლიციამ დააკავა.
ინციდენტი მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ დაიწტყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციის მხრიდან მითითების შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მეცნიერებათა აკადემიასთან დაიწყო და ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობასთან დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელები აგინებდნენ დემონსტრანტებს.
დაკავებულთა შორისაა "ლიბერალის" ჟურნალისტი ანა ჭანკოტაძე.
ერთ-ერთმა პოლიციელმა ხელი გაარტყა "ლიბერალის" ჟურნალისტს, თინა ყიფშიძეს.
ასევე, სავარაუდოდ, დაკავებულია მეცხრე არხის ერთ-ერთი ჟურნალისტიც.
შეხლა-შემოხლა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც სტუდენტებმა გზა თავისუფლების მოედნისკენ გააგრძელეს. რუსთაველის გამზირზე ამ დრომდე მობილიზებუილია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
1 მაისის აქციის ორგანიზატტორები ავრცელებენ სიას, სადაც, მათი თქმით, მითითებულია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც პოლიციამ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მცდელობის დროს დააკავა.
სიაში შემდეგი სახელებია მითითებული:
ჯაბა შავიშვილი, მათე გაბიცინაშვილი, სანდრო ცაგარელი, ლევან აბაშიძე, ირაკლი სულავა, რევაზ კოპალიანი, სოფრომაძე გიორგი, ხვიჩა ყაზიაშვილი, თორნიკე შილინდროშვილი, ლევან ალადაშვილი, თორნიკე ჩივაძე, გოჩა ჩუბინიძე, არჩილ წერეთელი, თორნიკე კვანჭიანი, ლევან გოგიძე, გიორგი გაბელია, გიორგი ნანიაშვილი.
ჩვენთვის გაურკვეველია, სად იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები, - ამის შესახებ, ჟურნალისტებს აქციის ორგანიზატორებმა, "ლაბორატორია1918"-ის წარმომადგენლებმა განუცხადეს. "ახლახანს, დამირეკა ერთ-ერთმა დაკავებულმა მათე გაბიცინაშცვილმა და მითხრა, რომ პოლიციელებმა ის უბრალოდ მანქანაში ჩასვეს და არ დაუკავებიათ. აგვიხსნას მინისტრმა ღარიბაშვილმა, სად არიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს". - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა. აქციის მონაწილეებმა, იქ მყოფ პოლიციელებს, ექსპრომტად პოლიციის ჰიმნი შეუსრულეს. ახალგაზრდები ერთმანეთს ამხნევებდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ექსცესების მიუხედავად, აქცია შედგა. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები მსჯელობენ, იმაზე, თუ საით გააგრძელებენ მსვლელობას. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულები სამგორის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფებიან და აქციის მონაწილეებმაც, შესაძლოა, იქით გადაინაცვლონ.
მასალის გამოყენების პირობები






