საიდუმლო სერობას, მის გაცემას, პილატეს სამსჯავროს, ჯვარზე ვნებას, სიკვდილსა და საფლავად დადებას, რის გამოც ეს შვიდეული ვნების შვიდეულად იწოდება.
ამ შვიდეულის ყოველ დღეს, წმიდა ეკლესია განსაკუთრებული მსახურებების აღსრულებით ცდილობს მოამზადოს მლოცველები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სათანადოდ შესახვედრად, რათა თითოეული მორწმუნე უფლის დიდების, (ამ დღესასწაულით გამოწვეული) განუზომელი სიხარულის, ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების თანაზიარი გახდეს. ვნების შვიდეულის პირველ სამ დღეს (ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს) ოთხივე სახარება იკითხება ღვთისმსახურებისას, რათა თითოეული განიმსჭვალოს სახარებისეული სიბრძნით, რაც გახლავთ კიდეც ერთ-ერთი უცილობელი პირობა სულიერი გამოღვიძებისა, ფერისცვალების დაწყებისა, ადამიანთა განღმრთობისა. ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგია აღესრულება მორწმუნეთა ზიარებისათვის.
დიდი ოთხშაბათი
დიდ ოთხშაბათს ეკლესია იხსენებს მაცხოვრის მიერ ბეთანიაში გატარებულ დღეს (მთ. 26,6-17). აქ სიმონ კეთროვნის სახლში, მაშინ როცა მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთა საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იესო ქრისტეს შეპყრობისა და მოკვდინებისა, ცოდვილი დედაკაცი თავზე ნელსაცხებელს სცხებს მაცხოვარს, რითაც ერთგვარად განამზადებს მას დაფლვისათვის.
ამ დღეს მორწმუნეთა განსწავლისათვის წმ. იოანე ოქროპირის მე-80 სიტყვაც იკითხება მათეს სახარების 26-ე თავის მე-6 მუხლის შესახებ. წმიდა მამა გვმოძღვრავს განსაკუთრებით მოვერიდოთ სიძვისა და ვერცხლისმოყვარეობის დამღუპველ ცოდვებს. მისი სწავლებით, ვნების თვისება არ არის, მინავლდეს შემდგომად ხორციელი დაკმაყოფილებისა, არამედ პირიქით, შემდგომად წადილის აღსრულებისა იგი უფრო მეტად მოიცავს ცოდვილი ადამიანის სულს.
სვინაქსარში გადმოცემულია აზრი, მარად გვახსოვდეს ცოდვილი დედაკაცის კეთილგონიერი საქციელი, როგორც ამას მათეს სახარების 26-ე თავის მე- 13 მუხლი გვამცნებს: - "ამენ გეტყ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის რომელიცა-ესე ყო მაგან სახსენებელად მაგისა".
ამ დღეს ასეთ კონდაკს სთავაზობს მორწმუნეებს დედა ეკლესია:
"ვსცოდე უმეტეს მეძვისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები, და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევება ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან".
მასალის გამოყენების პირობები






