აგვისტოს 5 დღე... რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც გრძელდება! - რა მოხდა 2008 წელს
პოზიცია - 13:59, 07 Aug, 2019     39404

დაღუპული 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი, დაჭრილი 1 747 ადამიანი...

ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

150 000 ადამიანი, რომელიც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და 30 ათასი ადამიანი, ვინც დღემდე დევნილობაში რჩება...

ეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შედეგია. ომი, რომელიც დღესაც გრძელდება...

რა მოხდა 11 წლის წინ:

ქართულ-რუსული ურთიერთობები განსაკუთრებულად ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ დაიძაბა. 2008 წლის აპრილში, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირეს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდებოდა, თუმცა მაშინ საქართველომ მაპი ვერ მიიღო - როგორც სჩანს ევროპა რუსეთის გაღიზიანებას მოერიდა.

კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (17 თებრვალი) ხუთის დღის შემდეგ პუტინი და საააკაშვილი დსთ-ს სამიტის ფარგლებში ერთმანეთს პირისპი ხვდებიან. პუტინმა ღიად აღნიშნა, რომ კოსოვოში დასავლეთის ქმედებას უპასუხოდ ვერ დატოვებდა და იქვე დასძინა - მაპატიეთ, მაგრამ თქვენც ამ პასუხის ნაწილად მოიაზრებით.

მიუხედავად სააკაშვილის მცდელობისა, რუსეთის პრეზიდენტი კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე დაეყოლიებინა, პუტინის მხრიდან ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სააკაშვილმა პუტინს შესთავაზე, მოძებნილიყო საერთო ინტერესები, რომელიც ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტეტიროიულ მთლიანობაზე იქნებოდა დაფუძნებული. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ინტერესებთან დაკავშირებით მორიგებაზეც კი მიანიშნებდა, მათ შორის თბილისის ნატო-ში სწრაფვაზე, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, პუტინის პასუხი ცალსახა იყო - ,,მე რაღაც დათმობების სანაცვლოდ, მიწებს ვერ ჩამოვარიგებ“. პუტინმა სააკაშვილს ამერიკის ფაქტორიც შეახსენა და ისიც მიანიშნა, რომ ამერიკის დახმარების იმედად საქართველო ტყუილად ნუ იქნებოდა - ,,არავის ნდობა არ შეიძლება – ჩემს გარდა… მე სიტყვის კაცი ვარ!".

(რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც სანდო პარტნიორის როლს 2008 წლის აგვისტოს ომში, ამას ქვემოთ შევეხებით).

კოსოვოს დამოუკიდებლობის შემდეგ რუსეთმა საქართველოში სამხედრო პროვოკაციები დაიწყო. მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლების დაბომბვა თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა.

30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალური იყო.

რუსეთის პასუხმა კოსოვოს მოვლენებზე მართლაც არ დააყოვნა. იმავე წლის 4 მარტს სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა თხოვნით მიმართა რუსეთს, ეცნო მისი დამოუკიდებლობა. სამი დღის შემდეგ იგივე გააკეთა აფხაზეთმაც. 6 მარტს რუსეთმა ჯერ კიდევ 1996 წელს აფხაზეთის მიმართ შემოღებული ყველა სანქცია გააუქმა და უფლება დაიტოვა ამ რეგიონში დე-ფაქტო ხელისუფლებასთან თავისუფალი კავშირები დაემყარებინა.

13 მარტს რუსეთის დუმამ დახურულ სესიაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის თხოვნა განიხილა, 21 მარტს კი საგანგებო რეზოლუცია მიიღო, რაც ამ თხოვნისთვის მსვლელობის მიცემას ითვალისწინებდა

14 აპრილს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს გამოცემაში, "ნეზავისიმაია გაზეტაში" ციტირებული იყო მავანი რუსი დიპლომატის სიტყვები – მოსკოვმა ორ შემთხვევაში უნდა სცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეღის დამოუკიდებლობა: თუკი საქართველო მართლა შეეცდება ნატო-ში გაწევრიანებას და მეორე – ომის შემთხვევაშიო(მარინა პერევოზკინა: "მოსკოვი ნატო-ს აფხაზეთით უპასუხებს", "ნ.გ.", 14 აპრილი, 2008.)

,,ნიუპოსტი“ ამ მასალაში შეეცდება მკითხველს შეახსენოს აგვისტოს ომის ქრონიკა, რომელიც მომზადებულია 2008 წელს საინფორმაციო საშუალებებში გასული მასალების მიხედვით (სააგენტო GHN-ი). ხოლო, როგორ ზემოთ აღვნიშნეთ, ცალკე გაგაცნობთ საერთაშორისო პარტნიორების, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატების როლს რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში.

აგვისტოს ომის ქორნიკა:

1 აგვისტო -გამთენიისას ცხინვალის რეგიონში ერედვი-ხეითის შემოვლით გზაზე, ინტენსიური სროლები დაიწყო საქართველოს თავდაცვის ქვედანაყოფებსა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის, რის შედეგადაც ექვსი დაიღუპა, ხოლო 21 ადამიანი დაიჭრა.

2 აგვისტო - ოსი სეპარატისტები ქართულ სოფლებს მთელი ღამე ცხრილავენ. არის მსხვერპლი. საქართველოს ხელისუფლება ოს სეპარატისტებს ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სეპარატისტები ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთიში ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას იწყებენ.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი რუსეთის სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელს მარად კულახმეტოვს ხვდება. იაკობაშვილი ოს სეპარატისტებთან შეხვედრას ითხოვს, მაგრამ უარს იღებს.

3 აგვისტო - რუსეთის მთავრობამ საშუალება მისცა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას რუსეთში გახიზნულიყო. ამავე დღეს რეგიონს ლტოლვილებით დატვირთული 20 ავტობუსი ტოვებს.

საქართველო მოლაპარაკებებისათვის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მზად არის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მფარველი ანგელოზის დღეს ულოცავს. მისალოცი ბარათი მის უწმინდესობასთან საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს მიაქვს. ვლადიკავკაზში ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ამ დღეს აფხაზი სეპარატისტები იღებენ გადაწყვეტილებას სექტემბრიდან გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ. სერგეი ბაღაფში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და ენგურის ხიდს კეტავს.

4 აგვისტო - რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი ჩრდილოეთ ოსეთის მხარეს როკის გვირაბის სიახლოვეს განახლდა. აფხაზები გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ. შეხვედრა 15 აგვისტოს ბერლინში უნდა გამართულიყო. თავის მხრივ, ოს სეპარატისტთა ლიდერი, კოკოითი აცხადებს, რომ იგი "რუსეთის გარეშე საქართველოსთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს". სეპარატისტთა ე.წ. შს მინისტრი მიხეილ მინძაევი აცხადებს, რომ ცხინვალი ცეცხლის გახსნისთვის მზადაა. საქართველოს ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი ახმოვანებს: "საქართველო საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას არ აპირებს" და ოსურ მხარეს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. შეთავაზება კვლავ უპასუხოდ რჩება. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგარი რუსული ბატალიონი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. კოკოითი ცხინვალიდან აცხადებს, რომ საქართველოს გასანადგურებლად მზადაა.

5 აგვისტო - ოსმა სეპარატისტებმა ქართული სოფლების დაცხრილვა განაახლეს. 5 აგვისტოს დილითვე აფხაზი სეპარატისტები მეორე ფრონტის გახსნაზე იწყებენ საუბარს. რუსეთის სამხრეთ ნაწილიდან ცხინვალისკენ მოხალისეთა ნაკადი მიედინება. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ავრცელებს ეუთოც, რომელიც ვითარების დაძაბვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს.ინფორმაცია - "თემურ იაკობაშვილი 7 აგვისტოს ცხინვალში ჩავა და ბორის ჩოჩიევს შეხვდება".

6 აგვისტო- ქართული სოფლები კვლავ იცხრილება. საქართველოს განცხადებით, ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, სამი ქართველი სამშვიდობო ჯარისკაცი დაიჭრა. იმავე ღამეს სროლებმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა, რის გამოც ქართულმა მხარემ სროლები განაახლა.ცხინვალში ჩადის დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრუფუფლებიანი ელჩი დენის კიფი. ცხივნალის მცხოვრებლები გახიზვნას იწყებენ, ხოლო ქართულმა მხარემ ტანკები, არტილერია და ჯარები რეგიონის საზღვართან მიიყვანა.სოფლები _ ნული და ავნევი _ ოსი სეპარატისტების შეიარაღებულმა ფორმირებებმა დაბომბეს. არის მსხვერპლი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო თათბირი იმართება. მოსკოვი იური პოპოვს 6 აგვისტოს ღამით თბილისში "საქმის ვითარებაში გასარკვევად აგზავნის". პოპოვი აცხადებს, რომ იაკობაშვილისა და ჩოჩიევის შეხვედრა რუსული მხარის ხელშეწყობით გაიმართება. ამავე დროს, პოპოვი აცხადებს, რომ "ცხინვალის რეგიონში მოვლენათა ძალისმიერი გზით განვითარების შემთხვევაში რუსეთი განზე ვერ დარჩება". ოსი სეპარატისტები 7 აგვისტოს ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრის ვადას სწევენ და შეხვედრის ჩატარებას ქართულ მხარეს 9 აგვისტოს სთავაზობენ.

7 აგვისტო - თავდასხმებმა ქართულ სოფლებზე უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. სეპარატისტები განუწყვეტლად ბომვავენ ქართულ სოფლებს ერედვის, ფრისს, ავნევს, დვანსა და ნულს, ფრონეს ხეობას. ღამით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ქართულ მხარეს ცეცხლი არ გაუხსნია. თუმცა მას შემდეგ რაც სეპარატისტებმა ცეცხლი მსხვილკალიბრიანი _ 12-მილიმეტრიანი ქვემეხიდან გახსნეს, ცეცხლი ქართულმა მხარემაც გახსნა. ქართული მხარე აცხადებს, რომ მას „არა აქვს დაგეგმილი კონფლიქტის ზონაში საგანგებო ზომების მიღება და დიალოგისათვის მზად არის ". საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოდის - "ქართული მხარე მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისათვის მზადაა". საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა აღკვეთოს. ბაღაფში ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს. სხდომა დახურულია. იური პოპოვმა და თემურ იაკობაშვილმა ცხინვალში შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმება ვერ შეძლეს. იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში მიემგზავრება. კონფლიქტის ზონაში გაემგზავრა იური პოპოვიც. ოსი სეპარატისტების მიერ ქართული საგუშაგოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცხრილვა გრძელდება. გამუდმებით იცხრილება პატარა ლიახვის ხეობა. სეპარატისტებმა სარაბუკის სიმაღლის დაკავება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იაკობაშვილი მარატ კულახმეტოვს, ცხინვალში სამშვიდობოთა შტაბში შეხვდა და თბილისში დაბრუნდა. იაკობაშვილისა და კულახმეტოვის შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება. 7 აგვისტოსთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ათი ჯარისკაცი დაიღუპა. პრეზიდენტის ბრძანებით ქართულმა მხარემ ცალმხრივი სროლის შეწყვეტა გამოაცხადა.

"კონფლიქტის ზონაში ამჟამად სნაიპერული ომი მიმდინარეობს სოფლის მცხოვრებთა წინააღმდეგ და ამ მომენტში ინტენსიური სროლები მოდის არტილერიიდან, ტანკებიდან და ხელსატყორცნი არტილერიული სისტემებიდან, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არალეგალურადა შემოტანილი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობირივი 19:10 საათზე პირდაპირ სატელევიზიო გამოსვლაში. სააკაშვილმა მოუწოდა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ „ნებისმიერ ფორმატში" და პირობა სამხრეთ ოსეთის სრულ ავტონომიაზე ძალაში დატოვა, ასევე საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა სეპარატისებისთვის, ხოლო საერთაშორისო თანამეგორბობას მოუწოდა მხარეთა შორის მოლაპარაკებებისთვის შუამდგომლობა გაეწია.სააკაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისათვის მიმართავს და ძალადობის ესკალაციის შეჩერებასა და მოლაპარაკებების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ შესთავაზა შუამავლის როლი კონფლიქტების მოგვარების საკითხში. ოსურმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა. იური პოპოვი აცხადებს, რომ 8 აგვიტოს თემურ იაკობაშვილისა და ბორის ჩოჩიევის შეხვედრა გაიმართება. მარატ კულახმეტოვი აცხადებს, რომ "თბილისი და ცხინვალი ორმხრივ შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ". სააკაშვილი ცხინვალში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო დიალოგს იწყებს. საღამოს ოსურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია. შეტევა დაიწყო სოფელ თამარაშენზე. არის მსხვერპლი. 23:30 საათზე ქართულმა მხარემ საპასუხო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი სამშვიდობო ჯარების სარდალ ყურაშვილის განცხადებით, რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის" დამყარება იყო. ქართული მხარის საბრძოლო მოქდებებების დაწყებამდე რუსეთის 58-ე არმია როკის გვირაბით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემოვიდა.

8 აგვისტო - ოსური მხრიდან ცეცხლი არ წყდება. ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას. არის მსხვერპლი.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები" და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.როკის გვირაბის გავლით შემოსული ასობით შეიარაღებული პირი და სამხედრო ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. საქართველოს მთავრობა მოუწოდებს სეპარატისტებს შეწყვიტონ შეიარაღებული მოქმედებები. 11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით ქართული სარეზერვო ჯარების მობილილზაცია გამოცხადა. საქართველოს მთავრობა: "შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავდასხმის აღსაკვეთად, საქართველოს ხელისუფლება იძულებულია ადეკვატური ზომები მიიღოს". ქართულმა ქვედანაყოფებმა ორი სოფელი მუგუთი, დიდმუხა, დმენისი დაიკავეს და ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან.

პირველი განცხადება ვაშინგტონიდან:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გონსალო გალეგოსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთს "გავლენა მოახდინოს სეპარატისტებზე რათა სროლები შეწყდეს". ინტენსიური ბრძოლები სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს. ქართული მხარე მზად არის მოლაპარაკებათა მაგიდას კვლავ დაუბრუნდეს. საქართველოს სახედრო შენაერთები კონფლიქტის ზონის რვა ქართულ სოფელს _ დმენისს, მუგუთს, დიდმუხას, სარაბუკს, ზემო ნიქოზს, ატოცსა და ქვემო და ზემო ოქონას სრულად აკონტოლებენ. ცხინვალის მისადგომებთან არსებულ თითქმის ყველა სტრატეგიულ სიმაღლესა და სოფელში ქართული დროშა ფრიალებს. ქართული ქვედანაყოფები ქალაქ ცხინვალში შევიდნენ. კოკოითი ჯავის რაიონში, საგანგებო შტაბში იმყოფება. რუსული ავიაცია ქართული ქალაქების დაბომბვას იწყებს. საქართველოს საელჩოს შენობას მოსკოვში ე.წ. ომონი ალყაში აქცევს. საელჩო მუშაობას აგრძელებს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს უკან დაეწიათ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები, რომლებსაც როკის გვირაბიდან ჯავის რაიონში გადაადგილების მცდელობა ჰქონდათ. ქართულ არმიას 10 დაქირავებული მებრძოლი ჩაბარდა. ქართული მხარე კონფლიქტის რეგიონის 70% აკონტროლებს.საქართველოს ხელისუფლება 15:00-დან 18:00 საათამდე სროლაზე მორატორიუმს აცხადებს და ერგნეთში გაკეთებული დერეფნით მშვიდობიან და არა მარტო მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხოების გარანტიებს, გორში გადმოსვლასა და დაბინავებას სთავაზობს. რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორი ბომბი ჩამოაგდო. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა მარნეულის სამხედრო აეროდრომი და ვაზიანის სამხედრო ბაზა დაბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 58-ე არმიის დანაყოფები ცხინვალის მისადგომებთან იმყოფებიან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას მსოფლიო ლიდერებს აცნობს. საქართველოს პარლამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ქართული მხარე მკაცრად იცავს მორატორიუმის პირობებს და ცეცხლის არ ხსნის.რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო 00:00 საათიდან, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს.

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამჯერ დაბომბეს მარნეულის საავიაციო ბაზა. არის მსხვერპლი. საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშოროსო ორგანიზაცია და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რუსეთის სამხედრო ტექნიკა ჯავაში განლაგდა. ისინი ქართული არმიის ალყის გარღვევას ცდილობენ. შემნილ მდგომარეობაზე ევროკავშირის "ტროიკაც" მსჯელობს.

9 აგვისტო - რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბა. არის მსხვერპლი. დაიღუპა 13 ქართველი ჯარისკაცი და ათზე მეტი დაიჭრა.ორმა რუსულმა მოიერიშემ გორთან ქართული არტილერიის პოზიციები დაბომბა. ხუთი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ გორში ბომბი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. რუსეთის საჰაერო ძალების ფსკოვის 76-ე საჰაერო დივიზია ცხინვალში შევიდა. ქართული მხარის განცხადებით, ჩამოგდებულია 10 რუსული მოიერიშე თვითმფრინავი. 11:10 საათზე საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. საქართველოს პარლამენტმა 90 ხმით 0-ის წინააღმდეგ ერთხმად დაამტკიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება. 12:30 საათზე სამხრეთ ოსეთში რუსებმა საპარაშუტო დესანტი გადმოსხეს. პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ გამოსვლაში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტაზე მოუწოდებს. 13:41 საათზე რუსეთის საჰაერო ძალებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტრას ვაიტიეკუნასი გორის რეგიონში ჩადის. ვაიტეკუნასის განცხადებით, ნგრევისა და მსხვერპლის რაოდენობა შოკის მომგვრელია. "ამერიკის ხმა" საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობას აორმაგებს. გაეროს უშიშროების საბჭომ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთიანი გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. კვლავ დაიბომბა ფოთი. საქართველო ერაყიდან ათასი სამხედრო მოსამსახურის უკან გამოწვევის გადაწყვეტლებას იღებს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსოფლიო თანამეგობრობას საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან გადაჭრაში დახმარებას სთხოვს. რუსეთის სამხედრო ავიაცია ლიახვის ხეობის ცხრავე სოფელს ბომბავს. არის მსხვეპლი. ხეობაში დარჩენილი მოსახლეობა შველას ითხოვს.

საქართველოში იწყებენ ჩამოსვლას სხვა და სხვა საერთაშოროსო ორგანიზაციების დამკვირვებელთა ჯგუფები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია ე.წ. "ჰუმანიტარული დახმარების" და "მშვიდობისათვის იძულების ოპერაციის" საფარქვეშ მიმდინარეობს. ცხინვალში ბრძოლები მძაფრდება. რუსეთის სამხედრო ავიაციამ ონის რაიონის სოფლები წედისი და ბარი დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ჯორჯ ბუშმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები. მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს პირველი პირი აცხადებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 55 ადამიანი, მათ შორის 15 მშვიდობიანი მოქალაქე, 40 კი სამხედრო მოსამსახურე.რუსეთის ბომბდამშენებმა ბაქო-თბილისი_ჯეიჰანის საერთაშორისო ნავთობსადენზე იერიში მიიტანეს. წითელი ჯვრის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონაში დაჭრილების დასახმარებლად ვერ შედიან. რუსულმა ავიაციამ ზემო აფხაზეთის სოფლები ომარიშარა, საკენი, ქვაბჩარა და ჩხალთა დაბომბა. ქართულმა მხარემ როკის გვირაბზე იერიში მიიტანა. ოფიციალური ინფორმაციით საქართველოს სამთავრობო ძალები ცხინვალსა და მის შემოგარენს აკონტროლებენ.

10 აგვისტო - 6:20 საათზე საქართველომ ცეცხლის შეწტყვეტა მოითხოვა და რუსეთს მოლაპარაკება შესთავაზა. ნიკოლა სარკოზიმ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების დასარეგულირებლად შეიმუშავა გეგმა. ვლადიმერ პუტინმა პეკინის ოლიმპიადაზე ვიზიტი შეწყვიტა და ჩრდილო ოსეთში ჩავიდა. მან საქართველოს ხელისუფლებას ცხინვალის რეგიონიდან სამხედრო ნაწილების გამოყვანა მოსთხოვა. პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს ქმედებები დანაშაულებრივია, რუსეთის ქმედებები კი _ სრულიად ლეგიტიმური. საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად აკონტროლებენ ცხინვალს, მის ირგვლივ ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს. რუსული ავიაცია და არტილერია ცხივნალის დაბომბვას იწყებს. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა, რომ რუსული არმიის უპრეცედენტო შეტევის შედეგად საქართველოს ჯარის ნაწილებმა ქალაქ ცხინვალის მისადგომებთან გადაინაცვლეს. საქართველოს მთავრობამ აფხაზ ხალხს მიმართა ნუ აყვებიან რუსეთის პროვოკაციებს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ სამხრეთ ოსეთში სიტუაციის განმუხტვისათვის შემუშავებულ სამეტაპივან გეგმას ჩამოიტანს. სერგეი ბაღაფში საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აფხაზეთის სანაპიროზე რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტი იმყოფება.იმავე დღესვე რუსებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ განცხადებას საქართველოს „კიდევ ერთი დეზინფორმაცია" უწოდა. 22:00 საათზე საქართველო დათანხმდა რუსეთის სამშვიდობოების შესვლას ზუგდიდში. მსოფლიოს ლიდერები რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. ევროპის ქვეყნებში, რუსეთის საელჩოების წინ, საპროტესტო აქიები იმართება. რუსეთის ავიაცია გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს ბომბავს. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს შეიარაღებული ჯარები სამხრეთ ოსეთში ცეცხლს შეწყვეტენ. რუსული ავიაცია საავიაციო ქარხნის "თბილავიამშენის" ტერიტორიას ბომბავს. ოფიციალური მონაცემებით, 94 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 47 სამხედრო და 47 სამოქალაქო პირია. ევროპის სხვა და სხვა ლიდერები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოდიან. ზემო აფხაზეთს რვა რუსული ბომბდამშენი ინტენსიურად ბომბავს.

11 აგვისტო - სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისთან სატელეფონო საუბარში ახსენა, რომ მიხეილ სააკაშვილი "უნდა წავიდეს".

თბილისში ევროპის სახელმწიფოთა ლიდერები ჩამოდიან. ზემო აფხაზეთს კვლავ რუსეთის სამხედრო ავიაცია ბომბავს. რუსულმა ავიაციამ თბილისა და მის შემოგარენზე საჰაერო შეტევა განახორციელა. სამხედრო ბაზა სენაკში რუსმა მედესანტეებმა დაიკავეს. ზუგდიდის პოლიცია რუსების ხელში გადავიდა. გენერალი სერგეი ჩაბანი ქართულ მხარეს ულტიმატუმს უყენებს და იარაღის დაყრას მოითხოვს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ცნობას ჩეჩნეთიდან სპეცბატალიონების "ვოსტოკისა" და "ზაპადის" გადმოყვანის შესახებ. საქართველოსა და რუსეთს შორის საფოსტო კავშირი შეწყდა. ქართული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გაკეთებასთან დაკავშირებით რუსეთის თანხმობას უშედეგოდ ელის. ბერნარ კუშნერი თბილისში ჩამოდის. რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აპატიმრებენ. ორი დღის განმავლობაში მოსკოვში ეთნიკური ნიშნით მოკლულია 7 ქართველი 20 უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. საქართველოს პრეზიდენტი და უცხოელი დიპლომატები გორიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი თავის სამშვიდობო მისიას ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანს. რუსულმა ავიაციამ სოფელ ტყვიავზე მორიგი იერიში მიიტანა. სოფელი ხურჩა აფხაზებისა და რუსების შეიარაღებულმა ნაწილებმა დაიკავეს. სენაკის სამხედრო აეროპორტი და სამხედრო ბაზა იმობმება. საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას "ხვალ, 15:00 საათზე პარლამენტთან" შეკრებისკენ მოუწოდა

12 აგვისტო - რუსეთმა ფოთის სანაპიროსთან ნაწილები გადმოსხა პორტის გარშემო 50 კმ-იანი ბუფერული ზონის შესაქმნელად. აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს და მოითხოვს რუსეთმა გადადგას ნაბიჯები კრიზისის დასასრულებლად. "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისგან მოითხოვეს დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთის საოკუპაციო ნაწილებმა ზემო აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.რუსეთის საოკუპაციო სამხედრო საჰარეო ძალებმა გორის რაიონის სოფელი თორტიზა დაბომბეს. კოდორის ხეობიდან მოსახლეობა მთლიანად გამოყვანილია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ზღვაზე იერიში მიიტანა.

სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შესახებ ღიად განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში "ძალით მშვიდობის დამყარების" ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა. გორის დაბომბვის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ჯარები სენაკში თავდაცვის სამინისტროს მე-2 ბრიგადის ბაზის ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. ილია მეორემ დიმიტრი მედვედევს მიმართვა გაუგზავნა და ცეცხლის უსწრაფესად შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა. რუსეთი გრძელებს საქართველოს ტერიტორიის საჰაერო დაბომბვებს. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეტევა განახორციელეს ბაქო-თბილის-სუფსის ნავთობსადენზე. პარლამეტის წინ შეკრებილ მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა, რომ საქართველო რუს სამშვიდობოებს ოკუპანტებად, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადებდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოდიოდა. ზუგდიდში რუსმა სამხედროებმა ქართული სამშვიდობოების შტაბი და სხვა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ჩიხიდან გამოსვლის 6-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავეს. საქართველომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა სარჩელი "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებსრუსული ავიაცია ქართული სოფლების დაბომბვას განაგრძობს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ჩამოფრინდა. თბილისში იმყოფებიან ესტონეთის, პოლონეთის, ლიტვისა და უკრაინის პრეზიდენტები. ასევე ლატვიის პრემიერი-მინისტრი. დაღუპულია 175 ადამიანი. იაპ დე ჰოოპ სხეფერი აცხადებს, რომ მიუხედავად კონფლიქტისა საქართველო რჩება ნატოს კანდიდატი ქვეყანად. მოსკოვში ნიკოლა სარკოზის პირად საუბარში პუტინმა განუცხადა, რომ ის "საკაშვილის ყვერებით ჩამოკიდებას" აპირებდა.

13 აგვისტო - დილით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, კონდოლიზა რაისთან და თავდაცვის მინისტრ გეიცთან ერთად რანჩოდან აკეთებს საგანგებო განცხადებას.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თავდაცვის მინისტრს საქართველოში აშშ-ს სამხედრო ტექნიკის მშევეობით ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას ავალებს. ბუში რუსეთს მოუწოდებს, ხელი არ შეუშალოს და აღნიშნული მოქმედებისთვის ღია იყოს ყველა სატრანსპორტო საშუალება - საზღვაო, საჰარო და სახმელეთო.

საქართველოში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. გორს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. მათ გორში მოროდიორობა დაიწყეს. რუსმა ოკუპანტებმა ფოთი დატოვეს. რუსმა ოკუპანტებმა გორთან დასავლეთისკენ მიმავალი საავტომობილი გზა გადაკეტეს. რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაარღვია და გორი კვლავ დაბომბა. გორიდან თბილისისკენ მომავალმა რუსულმა ტანკებმა უფლისციხის მიმართულებით გადაუხვია. რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონში შევიდნენ. რუსი სამხედროები გორში მშვიდობიან მოსახლეობას უსწორდებიან.

14 აგვისტო - რუსი ოკუპანტები მესტიის რაიონს ტოვებენ. თბილისში ცხინვალის რეგიონიდან 28 ათასი დევნილია, რომლებიც 268 ობიექტშია გადანაწილებულნი.

15 აგვისტო - რუსმა ოკუპანტებმა მდინარე ცხენისწყლის საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. პატრიაქრი გორში შევიდა. კონდოლიზა რაისი თბილისშია. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის გეგმას.რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა ბორჯომისა და ცემის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს.

16 აგვისტო - მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ ფართომასშტაბიანი აქციები იმართება. რუსმა ოკუპანტებმა გალიდან ზუგდიდში დამატებით 50 ერთეული ტანკი შეიყვანეს. რუსრუსი სამხედროები კვლავ გორში რჩებიან. რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა დანაღმეს და ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი კასპის რაიონში მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე. დიმიტრი მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას ხელი მოაწერა. რუსული ვეტრფრენები სურამის ტყეში ცეცხლგამჩენ ჭურვებს ყრიან.

17 აგვისტო - თბილისს ამერიკელი სენატორი ბაიდენი ეწვევა. ანგელა მერკელი თბილისშია მედვედევმა სარკოზის პირობა მისცა, რომ საქართველოდან ჯარების გაყვანის პროცესი ხვალიდან დაიწყება

18 აგვისტო - რუსმა ოკუპანტებმა შტურმით აიღეს გორის სატელევიზიო ანძა და მომსახურე პერსონალი ჩაცხრილეს. რუსმა ოკუპანტებმა განმუხურის პატრიოტთა ბანაკი გადაწვეს.

19 აგვისტო - სენატორი ჯოზეფ ბაიდენი კონგრესს საქართველოსთვის ერთი მლრდ დოლარის გამოყოფას სთხოვს. რუსეთის საოკუპაციო ჯარების გასვლის თარიღი კიდევ ორი დღით გადაიდო. დაღუპულა 215 ადამიანი, 1469 დაჭრილია, დაკარგულია 70 სამხედრო პირი. დიმიტრი მედვედები სარკოზის ჯარების გაყვანას 22 აგვისტოსთვის დაჰპირდა. რუსმა ოკუპამტებმა ოსიაურის სამხედრო ბაზა ააფეთქეს.

20 აგვისტო - რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დაიკავეს. კიკეთის მიმდებარე ტყეში ორმა რუსულმა ვერტმფრენმა ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოყარა.

21 აგვისტო - საქართველოს რუმინეთის პრეზიდენტი ეწვევია. ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკების პროცესი დიწყო. რუსეთს აკრძალული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ.

22 აგვისტო - ხაშურიდან და გორიდან რუსი ოკუპანტების გასვლა შეინიშნება. წინასწარი მონაცემებით განადგურებულია 500 ჰა უნიკალური ტყის მასივი. რუსეთი ენგურზე 18 საგუშაგოს განალაგებს. ოფიციალურად აფხაზეთში რუსული საოკუპაციო არმიის 2 142 სამხედრო რჩება.

23 აგვისტო - რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებმა სენაკის ბაზა დატოვეს.

24 აგვისტო - რუსი ოკუპანტები საჩხერის რაიონის სოფელ პერევის ტერიტორიაზე რჩებიან.

25 აგვისტო - რუსეთის ფედერაციის საბჭომ პრეზიდენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების რეკომენდაცია მისცა. რუსეთის დუმამ აღიარებას მხარი დაუჭირა. გორში ტყვეთა გაცვლის მორიგი ეტაპი იწყება.

26 აგვისტო - დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

ხშირად ისმის დასავლეთისადმი სკეპტიკურად განწყობილ ჩვენს საზოგადოებაში, თუ რა როლი ითამაშა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში და რაში გამოიხატებოდა დასავლულრი მხარდჭერა.

რამ შეაჩერა თბილისისკენ მომავალი რუსული ჯარი და რა ნაბიჯები გადადგა აშშ-ს მანდელმა პოლტიკურმა ელიტამ საართველოს დასახმარებლად?

როგორც ომის ქრონიკაშია აღნიშნული 13 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტი დილით ადრე აკეთებს განცხადებას და თავდაცვის მინისტრ გეიცს ავალებს საქართველოში სამხედრო ტექნიკის მეშევეობით შეიტანოს ჰუმანიტარული დახმარება. აქვე გთავაზობთ მცირე ამონარიდს ჯორჯ ბუშის გამოსვლიდან:

,,აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი s-17 მიემართება საქართველოსკენ ჰუმანიტარული ტვირთით. უახლოეს დღეებში კვლავაც გამოვიყენებთ ამერიკის ავიაციას ისევე როგორც საზღვაო ძალებს, რათა ჩავიტანოთ ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება ქვეყანაში.

ჩვენ მოვიწოდებთ რუსეთს, ხელს არ შეუშლის ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ ველით, რომ რუსეთი მოგვცემს გარანტიას, ყველა კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის საზღვაო პორტები, აერიპორტები, გზები და საჰაერო სივრცე იქნება ღია ჰუმანიტრალური დახმარებისთვის და სამოქალაქო ტრანზიტისთვის. ჩვენ ველით, რუსეთი შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულეობას და შეწყვიტავს ყველასახის სამხედრო მოქმედებებს საქართველოში. ჩვენ ველოდბით, რომ რუსული შეიარაღებული ძალები, რომელებიც საქართველოში შევიდნენ დატოვებენ ქვეყანას.

როგორც მე უკვე ცხადად განვმარტე, რუსეთის ქმედებები სერიოზულ კითხვებს ბადებს მის მიზნებზე საქართველოსა და რეგიონთან მიმართებაში. უკანაკსნელ წლებში რუსეთი ისწრაფვოდა 21-ე საუკუნი დიპლომატიური პოლიტიკური ეკონომიკური და უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრირებისკენ. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ამ ძალისხმევას, რუსეთის დღევანდელი ქმედებები საქართველოში საფრთხის წინაშე აყენებს რუსეთის ამ მისწრაფებებს, რადგან ის არ შეესაბამება აღნიშნული ინსტიტუტების პრინციპებს. იმისათვის, რომ აღადგინოს ის ზიანი, რაც მან მიაყენა ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატბენთა, ვეროპასთნ და სხვა ქვეყნებთან, რომ აღადგინოს თვისი ადგილი მსფოლიოში, რუსეთმა უნდა შესრულოს თავის სიყვა და გაკეთოს ის,რაც საჭიროა კრიზისის დასასრლებლად“ - აცხადებს ჯორჯ ბუში.

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.

რუსეთმა ვერ შეძლო თბილისის აეროპორტის დაბომბვა, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები)

მე-6 ფლოტის ფლაგმანმა, რომელიც შავ ზღვაში შემოვიდა, თავისი რადარებით გააკონტროლა საჰაერო სივრცე სამკუთხედით თბილისი-მოსკოვი-ვოლგოგრადი. და მის მიერ კონტროლებადი სამხედრო პოტენციალი 8 ჯერ აღემატებოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალს. გარდა ამისა, 2008 წლის 14 აგვისტოს იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოყვებოდა ავია გამანადგურებლები.

შეგახსნებთ, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ -რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.

ეს იყო 2008 წლის აგვისტოს 5 დღე - ომი, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციით დაიწყო და არ დასრულებულა...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42